თარიღი    დრო

რუსთაველზე ახალი რევოლუციის მუხტი ღვივის

საქართველო, თბილისი - 11:06 10.01.2018 1001

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აგრძელებს დიად ქართულ ტრადიციას და იქცევა „სამკვდრო-სასიცოცხლოდ“ - „ქართული არჩევნებისთვის“ დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისებით: შოკისმომგვრელი ფარული ჩანაწერები, რაც თავად ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა და „გადასცა“, მხოლოდ დასაწყისია; არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ალბათ უკვე თვით ბიძინა ივანიშვილთან საუბრის ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდება. როგორც „ციხის კადრები“ გამოქვეყნდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და გადამწყვეტი როლიც შეასრულა შედეგში, რადგან „გაარკვია“ მანამდე „გაურკვეველი“ თუ „გადაუწყვეტელი“ ამომრჩეველი.

„ოქუაშვილის ჩანაწერები“ უკვე იქცა ისტორიულ მოვლენად და მართლა ბევრი რამ გამოააშკარავა „სამზარეულოდან“.

ზაზა ოქუაშვილმა(ც) ძალიან ჭკვიანურად მოიფიქრა ყოველივე. ისევე ჭკვიანურად, როგორც 2012 წლის „გლდანის  ისტორია“ იყო მოფიქრებული და განხორციელებული.

და უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს თუნდაც ძალზე ლეგიტიმურ კითხვებს, რაც მაშინაც არსებობდა და ახლაც არსებობს. მაგალითად: რატომ ქვეყნდება ივანიშვილის ძმასთან, ირაკლი ჩუბინიშვილთან და სხვებთან საუბრების მხოლოდ ფრაგმენტები და არა მთლიანად ჩანაწერი თავიდან-ბოლომდე? „სატელევიზიო ფორმატი ორსაათიან ჩანაწერს ვერ აიტანსო“  და....ინტერნეტი, ფეისბუკი, „იუთუბი“ ხომ აიტანს?

2012 წელს: „ცოცხით გაუპატიურებაო“ და......კი მაგრამ მერედა ვისი ხმა ისმის იმ „ცოცხის კადრებზე“? ვინ იყო და ვინ არის ის გარეწარი, საბრალო პატიმარს რომ მანიაკალური ვნებით ეკითხება: „გეტკინააააა?“ ის ხომ არა, ვინც მაშინ „რეჟიმის“ მთავარ მამხილებლად  და ლამის გმირად იქცა?

ასეთი კითხვები არსებობდა, არსებობს და მუდამ იარსებებს ამგვარ „ფიარ-ომებში“; ოღონდ ისინი გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებდნენ და ვერც ახლა შეასრულებენ. გადამწყვეტი იქნება მასობრივი აღქმა და ხელისუფლების „ჩამოშლა“ ამგვარი ოპერაციების შედეგად!

 „ოქუაშვილის ჩანაწერებმა“ უკვე განაპირობა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის „ტყაპა-ტყუპით ხტომა“ ჩასაძირად განწირული გემიდან, რაც მათ კომენტარებში იგრძნობა; ისევე, როგორც 2012 წლის სექტემბერში ატყდა ასეთივე „ტყაპა-ტყუპი“ გემიდან გადახტომის მსურველთა კომენტარებით და მმართველი პარტიის დატოვებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზაზა ოქუაშვილი დღევანდელი მმართველი პარტიისთვის იქცა „ბადრი პატარკაციშვილად“.  დეტალურადაც კი ჰგავს ყოველივე: ლონდონი.......გაქცეული ბიზნესმენი, რომელიც ოპოზიციას უცხადებს მხარდაჭერას.......ფარული ჩანაწერები.......იმ განსხვავებით, რომ არც ზაზა ოქუაშვილია (უცნაურია თითქოს, თუმცა ფაქტია) ისეთი „გულუბრყვილო“ და არც „ოცნებას“ ჰყავს ირაკლი კოდუას დონის „პროფესიონალი“, იქ ვინმე მიუგზავნონ და სახელმწიფო გადატრიალებაზე ილაპარაკოს - ფეხსაცმელის ქუსლში ჩამონტაჟებული მიკროფონის „ქვეშ“.

არც იმაში ვარ დარწმუნებული, ვინმე მოახერხებდა მიშასთან „ავლაბრის სასახლეში“ შესულიყო ღილში ჩამონტაჟებული მიკროფონით.

ისიც საკითხავია, მას შემდეგ, რაც ბიძინასთან საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდება, ბიძინაც თუ გამოაქვეყნებს ფარულ ჩანაწერს, როგორც ბადრიმ გამოაქვეყნა „იმედზე“ უკვე მას მერე, რაც ირაკლი კოდუამ,  გელა ჩარკვიანის ხელით (იმას ვერ გაჩხრეკდნენ დიპლომატიური იმუნიტეტის გამო) დიდი ბრიტანეთის საზღვარზე   „ფლეშკით“ გადმოიტანა და თბილისშიც ჩამოიტანა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი სიტყვით, წინ საინტერესო ამბები გველის. თუმცა მთავარი კითხვა (პროგნოზირების თვალსაზრისით) მაინც ისაა, რამდენად საკმარისი აღმოჩნდება ეს ფარული ჩანაწერები იმისათვის, რათა ხელისუფლება ისევე ჩამოშალოს, როგორც 2012 წელს.

სინამდვილეში, თუ ჩვენი საზოგადოების სოციო-ფსიქოლოგიას გავითვალისწინებთ, ახალი რევოლუციის (თუნდაც „საარჩევნო რევოლუციის“, ესე იგი  გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების ან „გაყალბების“ მოტივით რევოლუციის) მთავარი არგუმენტი გახდება არა ეს ჩანაწერები და „მილიონების“ გარშემო ძიძგილაობა, არამედ დათო სარალიძის მკვლელობა და შვილმოკლული მამების აქცია რუსთაველზე. რეალურად, იგი ბევრად არსებითი და მნიშვნელოვანი „სათქმელია“, რადგან ძირეულ ღირებულებებს ეხება, ხოლო „ოქუაშვილის ჩანაწერები“ მხოლოდ ფონს შექმნიან.

ასეთია ჩვენი ხალხის მენტალობა!

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა უკვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ზოგს ჰგონია, თითქოს  ეს შეცდომაა, რადგან ამით „ნაცების მოწინააღმდეგენი“ გაანაწყენეს. თუმცა, ამგვარი შეხედულება მტკნარი სისულელეა. იმიტომ, რომ „მოწინააღმდეგენი“ აზრს არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლიან. ისევე, როგორც „მომხრენი“ -  რა ფარული ჩანაწერებიც არ უნდა გამოქვეყნდეს და ვისაც არ  უნდა დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი შვილმოკლულმა მამებმა.

სინამდვილეში, ეს შოკი იმოქმედებს იმ კატეგორიაზე (დიდ უმრავლესობაზე), ვისაც „მერყევ“ ან „გადაუწყვეტელ“ ამომრჩეველს უწოდებენ. ოღონდ ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „დადუმდება“ და „დაიბნევა“ ისევე, როგორც დაიბნა მიშას ხელისუფლება „ცოცხების“ გამოქვეყნების შემდეგ და როგორი დაბნეულიცაა (ჯერ-ჯერობით ასე ჩანს)  ახლა „ოცნების“ ხელისუფლება.

არც იმათ მოუვიდათ აზრად მკაფიოდ ეკითხათ „ვისი ხმა ისმის“ და ვერც ესენი „ტვინავენ“ იკითხონ „კი მაგრამ, რატომ ქვეყნდება მხოლოდ ფრაგმენტები ჩანაწერისა და არა მთლიანად ჩანაწერი?“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის შემდეგ კი, ამუშავდება „პასიონარული“  ანუ „ქუჩაში გამომსვლელი უმცირესობის“ ფაქტორი.

2012 წელს, „ცოცხების“ შედეგად, უკვე ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფერო იყო ქვეყანაში,  ადამიანი ღიად ვეღარც იტყოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაძლევ ხმას ან მათ მივეცი ხმაო. ამჟამინდელი ჩანაწერებიც მართლა იმდენად შოკისმომგვრელია, ასეთივე „უხერხულში“ არიან „ოცნების“ მომხრეები.

და რაკი ასეა, არჩევნების შემდეგ (მისი შედეგის მიუხედავადაც) იქმნება ფონი იმის სათქმელად, რომ კენჭისყრა გაყალბდა და.......გასაგებია: ბობოქარია აქციები რუსთაველზე, დადონდლოვებული „კონტრაქციები“ (თუ საერთოდ მოახერხეს), ნეიტრალური პოლიცია, შემდეგ რაიმე ინციდენტი, რადიკალური მოთხოვნები.......

თუმცა, ის „ნაპერწკალი“, რომელიც რუსთაველზე, შვილმოკლული მამების აქციაზე ღვივის, ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანია, თორემ „ფარული ჩანაწერები“ მხოლოდ იმ აშმორებულ ატმოსფეროს ქმნიან, რაც  აფეთქებას ელის.

მიშამ შემთხვევით კი არ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი და „წამოცდენით“ კი არ უწოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას „დაწყევლილი ადგილი“!

 ახლა, შესაძლოა, უხარიათ კიდეც, რომ ვერ მოასწრეს ერთ-ერთი მსოფლიო სასტუმრო გიგანტისთვის იმ უნიკალური შენობის მიყიდვა (როგორც აპირებდნენ), რადგან რომ მოესწროთ, „იმ დაწყევლილ ადგილზე“ მიტინგები უკვე კომიკურად გამოჩნდებოდა. დღეს კი აღარ ჩანს კომიკურად, რადგან იქ ისევ პარლამენტია, ისევ ძალაუფლება სუფევს, მაშასადამე,   კვლავ ტრიალებს ის   სულისკვეთება, რამაც ბოლო 30 წლის მანძილზე მრავალი.......„საინტერესო“ მოვლენა გამოიწვია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ პრობლემა ისაა, რომ მან გაიმეორა „ნაციონალთა“ შეცდომა, როდესაც „ობივატელური უმრავლესობის“ იმედით (ვინც მუდამ და ყოველთვის ხელისუფლებას აძლევს ხმას), ეწინააღმდგებოდა მრავალპარტიულობისა და პოლიტიკური პლურალიზმის პირობათა შექმნას: „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო უმრავლესობები ჩაანაცვლა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობებმა. არც ერთს, არც მეორეს არაფრის დიდებით არ სურდა გაეგო, რომ ამ „უმრავლესობისგან“ რეალური სახელისუფლებო დასაყრდენი ისევე არ გამოვა,. როგორც „ნეხვისგან-ტყვია“ და რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად „გამოვარდება“ რაიმე „ისეთი“ - იმგვარი „სათქმელი“ („ცოცხები“, „გირგვლიანი“, „სარალიძე“, „ყიფიანი“....) რაც მუდამ მშვიდობისა და სტაბილურობის მსურველ  „მთვლემარე უმრავლესობაზე“ დაყრდნობილ ხელისუფლებას ხერხემალში გადატეხს - პასიონარული და აქტიური უმცირესობის ფანატიკური ძალისხმევით.

ამ „მანკიერი წრიდან“ ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ თუ ახლა „ნაციონალებმა“ გაიმარჯვეს, იქნებ ისწავლონ როგორც საკუთარ, ასევე „ოცნების“ შეცდომებზე, შეამცირონ საარჩევნო  ბარიერი ორ პროცენტამდე, გააუქმონ მარაზმატული პროპორციულ-მაჟორიტარული  სისტემა, შემოიღონ „საარჩევნო ვალდებულება“ ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის, ჩამოაყალიბონ მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტი და მართონ ქვეყანა კოალიციურად - მემარჯვენე ძალებთან კავშირში.

სხვა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს მთელი ეს ტრაგი-კომიკური მარაზმი, იგი უსასრულოდ განმეორდება მომავალშიც

 

ნიკა იმნაიშვილი

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%