თარიღი    დრო

ბიძინა ივანიშვილი და მისი „სტრატეგია“

საქართველო, თბილისი - 10:47 09.24.2018 1153

„სტრატეგია“ კომპიუტერული თამაშების მთელი კლასის  პირობითი სახელწოდებაა. მოყვარულები თვეობით სხედან და „აშენებენ“ ქალაქებს, ქმნიან არმიებს, სახელმწიფოებს, ზრდიან ან ამცირებენ გადასახადებს, ახორციელებენ სახელმწიფოს დეცენტრალიზაციას ან პირიქით, ცენტრალიზებას, ავითარებენ საეკლესიო თუ საერო ინსტიტუტებს......

განსაკუთრებით საინტერესო მაინც ე.წ. „სამხედრო სტრატეგიებია“, როდესაც მოთამაშე საათების, დღეების, ზოგჯერ კვირეების განმავლობაში აშენებს არმიას, ფლოტს, ქმნის სამხედრო-საფორტიფიკაციო ნაგებობებს. შემდეგ კი, როცა „მტერი“ შემოესევა, სტრატეგიულად ხელმძღვანელობს არმიას, ანუ წინასწარ შეიარაღებულ და გაძლიერებულ-გაწვრთნილ იუნიტებს (ქვედანაყოფებს) „უთითებს“, კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე დახვდნენ მოწინააღმდეგეს, სად გაუწიონ წინააღმდეგობა - გორაკზე თუ დაბლობზე, - მტრის რომელ ქვედანაყოფს შეეგებონ პირველად, შეტევის ან თავდაცვის რომელი მიმართულება აქციონ  პრიორიტეტულად და ა.შ. და ა.შ.

ანუ, მოთამაშე კურსორით უთითებს იუნიტს მიმართულებას, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ(ც) ერევა და ვეღარ(ც) ერევა მის მოქმედებებში. უბრალოდ, შეუძლია დააბრუნოს თამაში წინა სტადიაზე, თუმცა ბევრი „სტრატეგია“ ამის საშუალებასაც არ იძლევა, ესე იგი სტრატეგიული შეცდომა ვეღარ გამოსწორდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ეს კომპიუტერულ თამაშშიც კი........მაშ პოლიტიკაზე რაღა უნდა ითქვას, სადაც სტრატეგიულ შეცდომათა გამოსწორება კიდევ უფრო ძნელია?

მიხეილ სააკაშვილისთვის (მისივე აღიარებით) ამგვარი სტრატეგიული, გამოუსწორებელი შეცდომა გახდა, 2004 წელს, ირაკლი ოქრუაშვილისა და სალომე ზურაბიშვილისთვის საკუთარი ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის „გადაბარება“. ხოლო ბიძინა ივანიშვილისა - ჯერ გიორგი მარგველაშვილი, შემდეგ.....იგივე სალომე ზურაბიშვილი!

თუ რამ განაპირობა  „განმეორება“ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში,  უკვე  ითქვა, მაგრამ აქ ბევრად საინტერესო ის „ტექნოლოგიაა“, რაც  სტრატეგიული შეცდომის შემდგომ გაღრმავებას უწყობს ხელს „ქვედა დონეებზე“.

ამ თვალსაზრისით, ორი ლიდერის, ანუ „სტრატეგოსის“  - მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის - მსგავსებას ვერავინ გაექცევა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, 2004 წლის ბოლოს, მხარი დაეჭირა ე.წ. „ნარინჯისფერი რევოლუციისთვის“ უკრაინაში; მაგრამ ამ სტრატეგიის რეალური განხორციელებისას მისი „იუნიტი“ ანუ გივი თარგამაძე - გიგა ბოკერიას გუნდი - იმდენად შორს წავიდა, რომ ანალოგიური რევოლუციების განხორციელება დაიწყო ყირგიზეთში, ბელორუსში,  ბოლოს თვით მოსკოვში, რამაც ისედაც გაავებული „ჩრდილოელი დათვი“ სულ მთლად შეშალა ჭკუიდან, გააცოფა და ყოველივე დასრულდა 2008 წლის კატასტროფით.

იმ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა - კრემლის ბუნაგში რეალური საფრთხე იგრძნეს, როდესაც უკვე არა მხოლოდ ბელორუსი, არამედ  რუსი ოპოზიციური ფიგურებიც კი დარბოდნენ თბილისში „კონსულტაციებზე“.

ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული გადაწყვეტილება (რაც შესაძლო საბედისწერო, კატასტროფული შეცდომა აღმოჩნდეს) იყო უარი „პარტიული კანდიდატის“ ნომინირებაზე 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას.

აი მერე რომ ქართული პოლიტიკის „ნუშის ხეზე“ მყოფი სალომე ზურაბიშვილი გახდა კონკრეტული „დამოუკიდებელი კანდიდატი“, რომელმაც პირველივე დღიდან, ანუ პრეზენტაციიდან მოყოლებული, იმდენი „სათქმელი“ მისცა მთავარ მოწინააღმდეგეს („ნაციონალურ მოძრაობას“), რომ მმართველი პარტია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ეს უკვე იმ კონკრეტული „იუნიტის“ პრობლემა გახდა, რომელიც სტრატეგიის მოთამაშემ „კურსორით“ გაიყვანა მისთვის სრულიად წამგებიან სივრცეში და იმ სივრცეში უკვე თავად უხდებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

შესაბამისად, მიიღო კიდეც ტრაგიკომიკური „გადაწყვეტილება“: „დამოუკიდებელი კანდიდატი კია სალომე, მაგრამ ჩვენი პარტიული აქტივითაც დავეხმარებით და ფინანსებითაცო“.

კი მაგრამ, აბა „რაღაის“ დამოუკიდებელი კანდიდატია, როგორც იმერეთში იტყვიან?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ შემთხვევაში გია ხუხაშვილს, ვინც აი ასე აღწერა მთელი ეს სიტუაცია:

ბიძინამ მიიღო გადაწყვეტილებაოცნებასარ წამოეყენებინაპარტიული კანდიდატი“........მასთან მივიდა სალომე ზურაბიშვილი და საკუთარი თავი შესთავაზა....... ბიძინამ გუნდს („იუნიტს“) გადააბარა ტაქტიკა, რაკი სტრატეგია განსაზღვრული ჰქონდა, მაგრამტაქტიკაშიგასამარჯვებლადგუნდიიძულებული გახდა იმ ველზე შესულიყო, სადაც სალომესთან ერთად ზედიზედ აფეთქდა ნაღმებზე........“

ეს ყოველივე მმართველ პარტიას მართლა შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება ნამდვილად ნიშნავს იმ შანსის მინიმუმ 60%-70%-მდე გაზრდას, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება!

ოღონდ, როგორც ჩანს, ვერც თვით „სტრატეგოსი“, ვერც მისი „იუნიტი“ ვერ ხვდებიან: ამის მთავარი მიზეზი „მერყევი ხალხის“ განწყობა კი არ იქნება, ვინც მუდამ „წარმატებულს“ უჭერს მხარს და აძლევს ხმას, არამედ ბევრად საშიში პროცესი, როდესაც საშუალო და დაბალი დონის ბიუროკრატია, რაკი „ყნოსვით“ შენიშნავს ხელისუფლების დასუსტებას, აუცილებლად დაიწყებს „უკანალის თამაშს“ - „რა იცი რა ხდებას“ მოსაზრებით; ანუ დარჩენილ ორ წელიწადში ხელისუფლება იმდენად დასუსტდება, რომ შეიძლება 2020 წლამდე ვეღარც მიაღწიოს.

სხვათა შორის, ამის პირველი სიმპტომი გახდა ის, რომ მთავრობას მოუწია უკან დახევა რამდენიმე არსებით საკითხში. მათ შორის „ხორბლის იმპორტის“ თემაზე და ა.შ.

ოღონდ პრობლემაც ისაა, რომ „სტრატეგიის“ კანონებიდან გამომდინარე, სტრატეგოსი მერე ცდილობს აღარ ჩაერიოს (და ვეღარც ერევა) „იუნიტის“ მოქმედებაში, რომელსაც თავად მიუთითა „დანაღმული სივრცისკენ“, რათა პასუხისმგებლობა თავზე არ აიღოს.  ეს „რაზმი“ კი, ასეთ პირობებში, შეცდომას- შეცდომაზე უშვებს. თანაც კატასტროფულ შეცდომებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აბა რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილება ე.წ. „ქართული სიგარეტის“ მთავარი მწარმოებლებისთვის დახმარების თუ სხვადასხვაგვარი „სქემების“ შემუშავების შესახებ თვით სტრატეგოსმა არ მიიღო?

ზაზა ოქუაშვილმა, ვანო ჩხარტიშვილმა და ირაკლი ჩუბინიშვილმა (სხვათა შორის, სულ „ავიწყდებათ“ იმის აღნიშვნა, რომ ჩუბინიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის „მარჯვენა ხელი“ და მისი ადმინისტრაციის პირველი უფროსი იყო) თავად აუტალახეს  „შუშის სასახლე“. ჰოდა, „სტრატეგოსმაც“ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება; თუმცა „იუნიტმა“ ისე უნიჭოდ, ის უნიათოდ, უნდილად წარმართა ისედაც ძნელად მოსაგები საქმე (ამერიკული „იუნაითედ თობაქო“ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა დისკრიმინაციას „მშობლიური ბიზენსის“ დახმარების მოტივებით, - ვაშინგტონს ჩართავდა და ამ საქმეს აუცილებლად მოიგებდა), რომ ბოლოს, ზუსტად არჩევნების წინ, ხსენებული „ქართული თამბაქოს ტრიადის“ ერთ-ერთმა მონაწილემ, მთავრობის წარმომადგენელ „პიტალო კიტრთა“ სიბრიყვის გამოყენებით, ეს საუბრები და „სქემათა დალაგება“ ჩუმად ჩაიწერა, რათა გადამწყვეტ მომენტში შეეგდო საინფორმაციო სივრცეში და ამით  ეძია შური მთავრობაზე, რომელიც ჯერ დაპირდა „ამერიკელ კონკურენტს რაიმენაირად ჩამოგაშორებო“, მაგრამ ეს დაპირება ვერ შეუსრულა.

მეორე მაგალითია ის მართლა საოცრება, რაც „კანაფის კულტივირებასთან“ დაკავშირებით დაიდგა: სტრატეგიული გადაწყვეტილება აქაც სტრატეგოსმა მიიღო, მაგრამ რა საჭირო იყო ამ თემის მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ წამოწევა? ეს თემა 2-3 თვეს მაინც ვერ მოითმენდა?

ან „ქუთაისის პარლამენტი“ - რაღა მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ? ეს გადაწყვეტილება ხომ თბილისელთა შორის მომხრეებს ვერ გაუმრავლებთ,  სამაგიეროდ ქუთაისში ნამდვილად შემატებს ხმებს  ოპოზიციას? და 2-3 თვეს ვერ მოითმენდა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სისტემური პრობლემა სწორედ ისაა, რომ მას, ერთის მხრივ, უნდა თავად მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები, ოღონდ შემდეგ  აღარ ჩაერიოს, როდესაც მისი „იუნითი“, ვისაც „კურსორით მიანიშნა“ დანაღმულ ველზე, აქეთ-იქეთ ეხეთქება, წინასწარ წასაგებად განწირულ თამაშებს იწყებს და ბრძოლას-ბრძოლაზე აგებს, რაც მთლიანობაში  ომის, ანუ „სტრატეგიის“ წაგებასაც მოასწავებს

 

ნიკა იმნაიშვილი

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%