თარიღი    დრო

თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმო და მარანი იყო, დღეს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა - ლევან დავითაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 09.23.2018 194

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანს ესტუმრა.

ახალგაზრდა მეღვინე, თორნიკე ჩუბინიძე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით, ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა. 2017 წელს, თორნიკე ჩუბინიძემ ექსპორტზე 40 ათასამდე ბოთლი ღვინო გაგზავნა. „მარანი ჩუბინი“ ექსპორტს მსოფლიოს 4 ქვეყანაში ახორციელებს: იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთში და აშშ-ში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მარანში სტუმრობისას აღნიშნა, თორნიკე ჩუბინიძემ, საკუთარი მიზანდასახულობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას, აწარმოებს ღვინოს, ახორციელებს ექსპორტს, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან მიმართულებას - ღვინის ტურიზმს ანვითარებს.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ღვინის ინდუსტრია, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რასაც შედეგად, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმო და მარანი იყო, დღეს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტის პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ გავგზავნეთ. ამერიკელ იმპორტიორებთან კონტაქტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი დეგუსტაციის შემდეგ დავამყარეთ. მიმდინარე ზაფხულს ჩვენმა მარანმა 15-მდე ქვეყნის ქართული ღვინის კულტურით დაინტერესებულ ტურისტს უმასპინძლა. მარანში სხვადასხვა მოცულობის 28 ქვევრი გვაქვს. ყურძენს მევენახეებისგან ვყიდულობთ, თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად შევიძენ საკუთარ ვენახს და წარმოებასაც გავაფართოებ“, - აღნიშნა თორნიკე ჩუბინიძემ მინისტრთან საუბრის დროს.

კახეთში ვიზიტის დროს მინისტრმა კომენტარი მიმდინარე რთველზეც გააკეთა.

„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 130 ათასამდე ტონა ყურძენი; კახეთში მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საწარმოში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგეტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა იმყოფებოდნენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%