გრიგოლ ვაშაძის რუსული პასპორტი დავტოვოთ მის პირადულ საკითხად და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპის, ამერიკის დიპლომატიაში აქვს სერიოზული კავშირები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, "ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით, მათ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სურთ.
„შესაძლოა, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ არ დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატი, აჰა, მოვიდა ჩვენი დრო და ახლა ყველაფრის ფასად რევანშს მოვაწყობთ, დიახ, განსხვავება ჩვენს შორის დღეს არის ეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ სატელიტებს სურს რევანში ყველაფრის ფასად. ჩვენ გვინდა არჩევნები, დემოკრატიული არჩევნები. აი, ეს არის ძირითადი განსხვავება ჩვენს კამპანიებს შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, დღეს სიცრუის მანქანა მუშაობს არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ იმ თავისუფალი და მშვიდი გარემოს წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაამკვიდრა.
„რა მითხრეს ზუგდიდელებმა, მათ მითხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს „რუსთავი ორი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დასცინის, პირიქით, ამაზე დიდი და ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანმა რამდენიმე ათეული წელი გაატარა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში. მაჩვენეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ამდენი წელი იცხოვრა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, გაიზარდა და ასეთი საოცარი ქართულით ლაპარაკობს.
მეორე, ყველამ მითხრა, რომ ხმას ვაძლევთ, რადგან ეს არის უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი. სად იყვნენ დღეს ვაიდემოკრატები, სად იყვნენ ადამიანის უფლებათა ვითომ დამცველები, რომლებმაც დღეს ამოიღეს ხმა იმ მედიაში, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რადგან მათ დროს მედია არ არსებობდა. არსებობდა ჯიბის ტელევიზიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. დიახაც, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ სახელმწიფო მანქანას, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მომართული და ეს სტრასბურგის სასამართლოს მინიმუმ სამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფო, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი მთავრობა, პროკურატურა და სასამართლო არაერთ საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, იყო შემჩნეული თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ პირი რომ ჰქონდათ შეკრული და ჩაგრავდნენ ადამიანებს. აი, ამას დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.