ბათუმში, „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
რეგიონალური წარმომადგენლობის ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნეს. ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე ესწრებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომსხურების ცენტრი გაიხსნა. დღეიდან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები „აწარმოე საქართველოს პროგრამით“ უფრო აქტიურად ისარგებლებენ. სააგენტოს პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა აჭარაში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენს მოქალაქეებს ყველა ინფორმაციაზე და იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე ექნებათ წვდომა, რომელიც მათ ეფექტური ბიზნესსაქმიანობის განხორცილების საშუალებას და ფინანსურ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა ამისა, ბიზნეს სუბიექტებს საშუალება ექნებათ მონაცემთა ბაზაში არსებულ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
იუსტიციის სახლში განთავსებულ მომსახურების ცენტრში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ბიზნესსექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებს. ახალი ცენტრი მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, აჭარაში 19 პროექტის მხარდაჭერა გახორციელდა, რაც ინდუსტრიულ, სოფლის მეურნეობის და სასტუმროს მიმართულებებს მოიცავს. ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, 2015-2017 წლებში 520 პროექტია მხარდაჭერილი. თანადაფინანსების სახით 4 მლნ ლარზე მეტი გაიცა. დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ ლარამდეა, რომლითაც 870 ბენეფიციარი დაფინანსდა. ახალი პროექტებით 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.