თარიღი    დრო

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს

საქართველო, თბილისი - 10:04 08.14.2018 113

2018 წლის 13 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA). თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, და რაც თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც  ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა. საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%