ENG / RUS       12+

საარჩევნო ცირკი მზადაა. მოამზადეთ გლადიუსები!

ამერიკულმა  NDI მორიგი წინასაარჩევნო კვლევა გამოაქვეყნა. უკვე ათეულობით წელია, აქვეყნებს..... აქვეყნებს..... მიუხედავად იმისა, რომ შედეგი არავის არასდროს არ მოსწონს და ყველა ყოველთვის „გაყალბებაში“, „ფალსიფიცირებაში“, „თაღლითობაში“ ადანაშაულებს..... შემდეგ „პროდასავლურნი“ ამატებენ ხოლმე: არა..... თვით ამერიკულ ორგანიზაციას კი არ ვდებთ ბრალს ცრუპენტელობაში..... უბრალოდ, აი..... მისი ქართული „კონტრაგენტები“, ვინც უშუალოდ მუშაობდა ველზე..... იმათ გააყალბეს!

შემდეგ იგივე მეორდება მომდევნო არჩევნებზე და რატომღაც ყველას „ავიწყდება“,  (ან ვითომ ავიწყდებათ) რომ თუ ქართველმა კოლეგებმა, ვინც უშუალოდ მუშაობდა რესპონდენტებთან, რაიმენაირად მოატყუა ამერიკული ორგანიზაცია, მაშინ მომდევნო არჩევნებზე იგი სხვა პარტნიორებს აირჩევდა, ანდა.....  თვითონ იტყუება!

რეალურად, NDI არაფერსაც არ იტყუება! სასაცილოა იმის მტკიცება, თითქოს საქართველოში რაღაც პოლიტიკური თამაშების გამო, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში საკუთარ რეპუტაციას ეჭვ ქვეშ დააყენებდა.

 ამაზე მთავარი „ჩამჭრელი“ არგუმენტი მზად აქვთ: „მაშ თუ პატიოსანია გამოკითხვის შედეგები, არჩევნების შედეგს რატომ არ ემთხვევაო?“

პასუხი: იმიტომ, რომ საბოლოო შედეგში უკვე დევს ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ არჩევანი, რაც მან საარჩევნო ყუთთან მიიღო!

თუმცა „დაეჭვებულები“ ამ უზარმაზარ კატეგორიას, როგორც წესი, არჩევნებიდან - არჩევნებამდე და გამოკითხვიდან - გამოკითხვამდე  ყურადღებას არ აქცევენ და მხოლოდ იმ ციფრებს ხედავენ, რაც „გადაწყვეტილ“ შედეგს ასახავს ანუ იმ ხალხის დამოკიდებულებას, ვინც გამოკითხვისას  უპასუხა სოციოლოგებს კითხვაზე: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?

 

NDI და IRI ხელმძღვანელებს არაერთგზის უთქვამთ: მთავარი პრობლემა, რასაც საქართველოში აწყდებიან, სწორედ ამ ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ კოლოსალური, არანორმალურად დიდი პროცენტია. თან რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცენტი ნამდვილად,  არ არის გამოწვეული შიშით, ანუ იმით, რომ ადამიანები „არ ამბობენ თუ ვის დაუჭერენ მხარს“.

„არ ამბობენ“ კი არა, მართლა „ვერ ამბობენ“, ანუ არ იციან (ჯერ) და რაც არ იციან როგორ იტყვიან?

NDI ბოლო გამოკითხვით, იმ ადამიანთა საერთო რიცხვი, ვინც ამა თუ იმ ფორმით თავი აარიდა ანუ ვერ (!) გასცა პასუხი კითხვას „ვის დაუჭერთ მხარს?“ - 75%-ს აღწევს!

 ეს უკვე იმდენად არანორმალურია, იმდენად პათოლოგიური ციფრია, ორივე ამერიკული ორგანიზაცია, ზოგიერთი ცნობით, დაფიქრდა იმაზე, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში კვლევების ჩატარება და შემდეგ მათი გამოქვეყნება - ისევ და ისევ „რეპუტაციული ზიანის“ თავიდან ასაცილებლად.

იმასაც ამბობენ: „მსგავსი არაფერი გვინახავს არც ერთ ქვეყანაშიო“. ამგვარი „გადაუწყვეტელი“ სხვაგან შეიძლება იყოს 20%, მაქსიმუმ 30% მაგრამ 75%?!!!

არადა, ნორმალურ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი, აღზრდილი, ნასწავლი, შემდეგ ასე თუ ისე პროგნოზირებად საზოგადოებებში მუშაობას მიჩვეული ამ ექსპერტების თუ სოციოლოგების უმთავრესი შეცდომა სწორედ ის არის, რომ ხსენებულ 75% ისინი „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ უწოდებენ ან უკიდურეს შემთხვევაში ხსნიან „შიშით“, „დაფარვის სურვილით“ „გაუმჟღავნებლობით“.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სიმართლე კი ბევრად რთულია: სინამდვილეში, ეს არ არის „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“! სხვა ფენომენია, რომელიც გამოზარდა საქართველოს უახლესმა ისტორიამ. ესაა კატეგორია, რომელიც გადაწყვეტილებას მართლა იღებს სულ ბოლო მომენტში მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით, ვინ - ვის მოერევა მის თვალწინ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში. ვინ-ვის მოერევა, ვინ - ვის დააჩმორებს, ვინ „გამოჩნდება“ მის თვალში „მაგარი“ და „გამკეთებელი“.

აი, მაგალითად.....დაიწყო ახლა მორიგი საპრეზიდენტო კამპანია: მიშა ებრძვის ბიძინას, ბიძინა ებრძვის მიშას..... ნაციონალებმა დაასახელეს კანდიდატი, „ოცნება“ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ასევე დაასახელებს კანდიდატს..... შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მარგველაშვილმა..... შესაძლოა სხვამაც, მაგრამ მთავარია „ვინ - ვის“: მიშა-ბიძინას თუ ბიძინა-მიშას.

ამომრჩევლის 75% ემზადება, მოკალათდეს სავარძელზე ტელევიზორის წინ, თვალი მიადევნოს ამაკანკალებელი „წიკ-წიკის“ შემდეგ დაწყებულ საინფორმაციო გამოშვებებს, რათა იქუხოს მორიგმა სენსაციამ, გამოიფინოს ვიღაცის „ბინძური საცვლები“, ვიღაცამ ვიღაცას დედა აგინოს, მომხრეებმა ერთმანეთს თავ-პირი დაულეწონ, ვიღაც „დაჩმორდეს“, ვიღაცას საშინელი კომპრომატები გამოუძებნონ, მტერთან ალიანსში დაადანაშაულონ, იყოს ერთი გნიასი, კბილთა ღრჭენა, ყმუილი, ჯახი, ფეთება, სისხლი, ცრემლი, ბოღმა, სიკვდილი, განადგურება და..... ბოლოს ვინც დარჩება ამ სისხლით მორწყულ ბრძოლის ველზე..... აი სწორედ იმას დაუჭერენ მხარს, იმას მისცემენ.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს არის არა „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“, არამედ ..... „სანახაობის მაყურებელი“

იგი პოლიტიკას, მათ შორის საარჩევნო პროცესს,  უყურებს როგორც მის თვალწინ (და მისი გულის მოსაგებად) გაშლილ „გლადიატორთა ბრძოლას“, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს გამარჯვებულის სასარგებლოდ - დამარცხებულისა და მომაკვდავის უკანასკნელი ხავილის „ტკბილი მელოდიის“ ფონზე.

ასეთია ამ აშკარად ავადმყოფი და მენტალურად დაავადებული კატეგორიის  ფსიქოლოგია, რაც (ვიმეორებ) აღზარდა საქართველოს უახლესმა ისტორიამ მისი ომებით, სისხლისღვრით, უბედურობებით, უშველებელი ცინიზმით, გადატრიალებებით, დამხობებით, აღზევებებით.....

გაუგებარია, ამ სამხეცეში რომელ „სოციოლოგიაზე“ შეიძლება იყოს საერთოდ ლაპარაკი ან NDI-IRI აქამდე როგორ არ გაიქცნენ ასეთი ქვეყნიდან?

აქვე ძალიან ნიშანდობლივ უცნაურობას მივაქციოთ ყურადღება: გადავხედოთ იმავე ორგანიზაციათა წარსულ კვლევებს. საოცარ კანონზომიერებას აღმოვაჩენთ ბოლო 20 წლის მანძილზე: რაც უფრო „პლურალისტურია გარემო“, რაც უფრო დამოუკიდებელი და დიფერენცირებულია მედია პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით, მით მეტია „მაყურებლის“ (ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“) რაოდენობა.

ეს იოლად ასახსნელია: ბრძოლის შედეგი ხომ გაურკვეველია..... ვინ არის „მაგარი“ ჯერ კიდევ გამოსჩენია..... გამარჯვებულს ხომ ჯერ არ მიუბრჯენია დამარცხებულისთვის ყელზე სისხამ-ალესილი „გლადიუსი“ და არ აუხედავს ზემოთ - ტრიბუნებისკენ, თუ ვინ და რამდენი დასწევს ცერა თითს ქვემოთ, განგმირულის უკანასკნელი ხავილის გასაგონად.......

რა „პოლიტიკური პროგრამები“..... რის „მსოფლხმედველობრივი კონცეფციები“..... რა „მემარჯვენეობა - მემარცხენეობა“..... ეს ვის რაში აინტერესებს: Panem et circenses, - პური და სანახაობა!

 

ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .