ENG / RUS       12+

რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ და რატომ არის იგი მართალი?!

საკონსტიტუციო სასამართლო, ან მისი ფუნქციის შემსრულებელი „უმაღლესი სასამართლო“ (აშშ) ყველა ქვეყანაში ითვლება ინსტიტუტად, რომელიც, თუ მარტივად ვიტყვით, „რაც უფრო პოპულარულია, მით უარესია“. ანუ, თითქმის გამონაკლისის გარეშე  იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არაკომფორტულია ხელისუფლებისა თუ „პოლიტიკური კლასისთვის“ და გაუგებარია, ანუ არაპოპულარულია საზოგადოების დიდი, თანაც „მეინსტრიმული“ ნაწილისთვის. სამაგიეროდ, ადგენს შესაბამისობას კანონმდებლობასა და კონსტიტუციას, ესე იგი  „ასოსა“ და „სულისკვეთებას“ შორის.

ბოლო გადაწყვეტილება, საქართველოში მარიხუანას მოხმარების (მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების!) ლეგალიზებაზე ამის კლასიკური და „სუფთა“ მაგალითია. ანუ, დავაკვირდეთ:  საერთოდ არავის არ მოეწონა!

არ მოეწონა ყოფილ ხელისუფლებას, რომელმაც დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი თურმე აპირებენ „პლანის ბაზრობად“ აქციონ ქვეყანა; არ მოეწონა ამჟამინდელ ხელისუფლებას, რაკი უამრავ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პრობლემას უქმნის (ამის თაობაზე ქვემოთ) და არ მოეწონათ თვით „ნარკოდამოკიდებულებებს“. ეს უკანასკნელნი იმით არიან აღშფოთებულნი, რომ „საკონსტიტუციომ“ ერთის მხრივ ყოველგვარი სანქცია „მოხსნა“ მარიხუანას მოხმარებაზე, მაგრამ „ერთი მასტერკა პლანი“ თუ გიპოვეს ჯიბებში და თუ მისი მოწევა ვერ მოასწარი, მაინც ისჯები.

ზუსტად ასეა. ოღონდ ვერ ამჩნევენ მთავარს: ეს არ არის „საკონსტიტუციო სასამართლოს“ ბრალი. თუ რატომ, ამაზეც ქვემოთ.

რაკი არავის მოსწონს გადაწყვეტილება, ზუსტად ეს ქმნის „მაღალი ალბათობის“ ვარაუდს, რომ „საკონსტიტუციო“ მოიქცა ზუსტად ისე, რგორც უნდა იქცეოდეს! თუმცა, სინამდვილეში, უმრავლესობას მისი ვერდიქტი წაკითხულიც არა აქვს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაინც, რა თქვა „ბათუმის სასამართლომ“? განა მან თქვა, რომ მარიხუანას ნებისმიერი ფორმით გავრცელება არ უნდა ისჯებოდეს?

არა, არ უთქვამს ასეთი რამ!

განა თქვა, რომ არ უნდა ისჯებოდეს მარიხუანას თუნდაც სრულიად უსასყიდლოდ, „ძმაკაცობით“ გადაცემა მესამე პირისთვის, რაც სინამდვილეში ამ მავნე ჩვევის გავრცელების მთავარი წყაროა და არა „ბარიგობა“, როგორც ზოგიერთს ჰგონია?

არა არ უთქვამს!

განა „საკონსტიტუციომ“ თქვა, რომ მარიხუანას დათესვა, მოყვანა, პლანტაციების გაშენება, შემდეგ ტრანსპორტირება, დაფასოება, ფლობა, შენახვა არ უნდა ისჯებოდეს?

არა, არ უთქვამს ასეთი რამ!

მაშ რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ? მხოლოდ ერთი: არ შეიძლება ისჯებოდეს ადამიანი, თუ იგი მხოლოდ მოიხმარს ანუ მხოლოდ თვითონ ეწევა მარიხუანას!

კი არ „ავრცელებს“, სხვას კი არ გადასცემს, კი არ კულტივირებს ანუ თესავს, მით უმეტეს კი არ ყიდის, არამედ მხოლოდ  თვითონ ეწევა!

და კიდევ რა თქვა „საკონსტიტუციომ“ ამ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებით? თქვა, რომ  აბსოლუტურად უსამართლო,  „მფატრავი“ და  ჭეშმარიტად ფაშისტურია სახელმწიფოს  მიდგომა, როდესაც  ადამიანს „მოხმარებისთვის“ სჯის  იმ „დათქმით“, რომ იგი „ალბათ“ პოტენციური გამავრცელებელია ნარკომანიისა, და რომ მას „ალბათ“ მარიხუანა არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა, არამედ „ალბათ“ სხვისთვის თუნდაც უსასყიდლოდ გადასაცემად ანუ გასავრცელებლადაც....... „ალბათ“.......„ალბათ“......„ალბათ“

აბა გავიხსენოთ რამდენჯერ გვსმენია საკრამენტალური: „ამდენი თუ ჰქონდა, ესე იგი ბარიგაა „ალბათ“ -  ამდენი მარტო თავისთვის ხომ არ ექნებოდა და.....“

„საკონსტიტუციომ“ დაადგინა: ამგვარი მიდგომა ანგრევს სამართლებრივი      სახელმწიფოს საფუძველთა-საფუძველს - უდანაშაულობის პრეზუმფციას (წერტილი)

და ამაში, ისევ და ისევ, „ბათუმის სასამართლო“ არის აბსოლუტურად მართალი!

„საკონსტიტუციო სასამართლომ“ უსამართლოდ, ადამიანის უფლებების დარღვევად და დაუშვებლად მიიჩნია ე.წ. „ბლანკეტური“ (ეს ტერმინი ნახსენებია სამოტივაციო ნაწილში) მიდგმა, როდესაც სახელმწიფო მომხმარებელს სჯის ასეთი უგვანი „დათქმით“, რათა სხვა დააშინოს და/ან მარიხუანას გავრცელება არ დაუშვას.

გამოდის, ამ შემთხვევაში ბრალდებამ კი არ უნდა უმტკიცოს ეჭვმიტანილს დანაშაული (რომ მას „ამდენი“ ნარკოტიკი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ უნდოდა), არამედ ეჭვმიტანილმა უნდა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა (რომ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ფლობდა), რაც აგრეთვე ადამიანის ფუნდამენტური უფლების, მაშასადამე კონსტიტუციური ნორმის  დარღვევაა.  

„საკონსტიტუციო სასამართლომ“ ხსენებული  დარღვევა აღმოფხვრა და მოიქცა აბსოლუტურად სწორად!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი დავაკვირდეთ ნარატივს, რომელიც ისმის „უკმაყოფილოთაგან“ ანუ როგორც ამჟამინდელი, ასევე ყოფილი ხელისუფლებისგან, ნარკოდამოკიდებულთაგან და საზოგადოების დიდი ნაწილისგან:

„აბა ეს რა აბსურდია? როგორ შეიძლება ადამიანი „მოხმარებისთვის“ არ ისჯებოდეს, მაგრამ ისჯებოდეს ფლობისთვის? ისჯებოდეს მოყვანა-კულტივირებისთვის? ისჯებოდეს ტრანსპორტირებისთვის?.......როგორ შეიძლება „მოწევა“ დაუშვა, მაგრამ ყიდვა აკრძალო?...... აბა სად იყიდოს მარიხუანა ადამიანა თუკი ყიდვა-გაყიდვა კვლავინდებურად სასტიკად ისჯება?“ და ა.შ

ამ ნარატივის ავტორები „ვერ ამჩნევენ“ (ზოგჯერ განგებ, ზოგჯერ ინტელექტუალური სიმწირისდა გამო), რომ  აბსურდში თავად არიან, რაკი „საკონსტიტუციო სასამართლომ“, თავისი (ვიმეორებ) ისტორიული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ კლასს, საზოგადოებას უთხრა: „მე დავადგინე, ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს მხოლოდ მოხმარებისთვის.  ახლა კეთილი ინებეთ და თავად გამოიმუშავეთ ისეთი მიდგომა, მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც მოხსნის იმ წინააღმდეგობებს, რომელზეც მიუთითებთ“.

რა შეიძლება იყოს ასეთი გადაწყვეტილება? მხოლოდ ერთი - მარიხუანას ლეგალიზაცია, ოღონდ სახელმწიფოს კონტროლი, ანუ სახელმწიფოს მონოპოლია  მის ლეგალურ ბრუნვაზე!!!

აი, დაახლოებით ამ პროექტის  შესაბამისად, რაც გამოქვეყნდა და აქტიურადაც განიხილებოდა სოციალური ქსელის გარკვეულ სეგმენტში.

მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ასეთი გამოსავალი კატეგორიულად არ აწყობს ხელისუფლებას ანუ „ქართულ ოცნებას“. დიახ, საშინლად არ აწყობს, რადგან ამით იგი „სათქმელ-სალაპარაკოს“ აძლევს ოპოზიციას, პირველ რიგში მიხეილ საააკშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“.

მიშამ, როგორც ძალიან ჭკვიანმა და ნიჭიერმა პოლიტიკოსმა, უმალვე, „მგლის გუმანით“ იგრძნო: ხელისუფლებას სხვა გამოსავალი, გარდა მარიხუანაზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების და მისი ლეგალური ბრუნვისა, მაინც არ ექნება.  იგრძნო საკუთარი გამოცდილებითაც, რაკი ეს ვარიანტი მისი პრეზიდენტობის დროს განიხილებოდა, ოღონდ მაშინ  თვითონაც არ უნდოდა ოპოზიციისთვის „სათქმელ-დასაბრალებელი“ მიეცა. ამიტომ „მფატრავი“, უსასტიკესი კანონმდებლობის შემოღება  ამჯობინა.

დღეს კი, სააკაშვილმა, ზუსტად ამიტომ დაიწყო წინასწარ ლაპარაკი, რომ „ივანიშვილი აპირებს ოფიციალურად, სახელმწიფოს მეშვეობით ჩაიგდოს ხელში მარიხუანას ყიდვა-გაყიდვა საქართველოში“ და ა.შ.

„ოცნება“ ამაზე ძალიან წუხს, ძალიან ბრაზობს და ახლა ათასგვარ ხრიკს იგონებს, რათა კანონში ცვლილებები შეაყოვნოს, გააჭიანუროს, რაკი პოლიტიკურად არ აწყობს იმ ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება, რაც მაინც აუცილებელი გახდება

არ გამოვა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აბა როგორ გინდათ პატივცემულო „მეოცნებეებო?“ ძალაუფლება გინდათ და პასუხისმგებლობა - არა? ხელისუფლება გინდათ და ძააააააალიან სარისკო გადაწყვეტილებები - არა?

ნურას უკაცრავად, ასე სადაა?

 ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, უნდა ჩაგისაფრდეთ, ათასი საშინელება დაგაბრალოთ..... განა თავად ასე არ იქცეოდით, როცა ოპოზიცია იყავით?

 მაგალითად, თუ ნარკოტიკების ბრუნვაზე სახელმწიფო მონოპოლიას დაამყარებთ, ოპოზიცია აუცილებლად დაგაბრალებთ, თითქოს „უჩასა და ბერას ბიზნესს აფინანსებთ“ ამით და ა.შ.......

ეს გარდაუვალია, და ამ პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენა არ გამოვა: საკანონმდებლო ცვლილებების  „გაჭიანურება“, სხვადასხვა ხრიკების გამოყენება, ვითომდაც „გამონაკლისებისა და შეზღუდვების დასადგენად“, კიდევ უარეს შედეგს გამოიღებს -   სულ უფრო გამწვავდება სიტუაცია, როცა არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ რეალიზატორსაც კი, თუ დააკავებს პოლიცია, ექნება საშუალება მიუთითოს შექმნილი ვითარების აბსურდულობაზე, როცა „საკონსტიტუციო სასამართლომ“ აკრძალა „ბლანკეტური“ ნორმების მოქმედება, ხოლო კანონმდებელი და აღმასრულებელი ჯიუტად აგრძელებენ ამ გადაწყვეტილების იგნორირებას.

ერთადერთი გამოსავალი, კვლავ და კვლავ, ნარკოტიკების ბრუნვაზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესება და მარიხუანას ოფიციალური რეალიზაციაა. ზუსტად ასეა ნიდერლანდში და პორტუგალიაში!

ძალაუფლება (საქართველოში განსაკუთრებით) მუდმივად ნიშნავს „ვაისა“ და „ვუის“ შორის ყოფნას. ხოლო მიშა, რასაკვირველია, დღეს ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ჭეშმარიტება მაქსიმალური სიმწვავით იგრძნოთ საკუთარ....ზურგზე და ამით გიჩვენოთ, თავად რა დღეში იყო ყბადაღებული „ცხრა წლის“ განმავლობაში.

პოლიტიკა სასტიკია!

 

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .