ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დ.ღ.-ს მშობლებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, არასრულწლოვანს ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს.
"არავითარი ცრუ ჩვენება არ მიუცია. ყველაფერს სასამართლოში ისაუბრებს. ბრალს არ აღიარებს. სასამართლოზე ის თქვა, რაც მოხდა და დაინახა", - განაცხადა დ.ღ.-ს დედამ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.