„ხორავას ქუჩის” საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ანრი ოხანაშვილი, მიიჩნევს, რომ „საჭიროა, უფრო მეტად ითანამშრომლონ მოწმეებმა, როგორც კომისიასთან, ასევე საგამოძიებო უწყებებთან”.
ამის შესახებ განცხადება ანრი ოხანაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან, კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. დღეს კომისიის წევრებმა ფსიქოლოგების თანდასწრებით ის არასრულწლოვნები გამოკითხეს, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.
"დღეს ჩვენ მოწმეთა გამოკითხვები გავაგრძელეთ. გამოვკითხეთ ორი მოწმე, რომლებიც ამ ინციდენტში გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ. თუმცა, ისევე როგორც დღემდე, რაიმე განსაკუთრებული სიახლე ან დეტალი არ უთქვამთ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ პრობლემაა ჩვენებებთან დაკავშირებით. საჭიროა უფრო მეტად ითანამშრომლონ მოწმეებმა. ჩვენი მიზანია მივიღოთ მეტი ინფორმაცია, ვიდრე აქამდე შეიძლება ყოფილიყო. მოწმეები ყვებიან ფაქტებზე, თუმცა ვერ იხსენებენ დეტალებს და გარკვეულწილად იმ ჩვენებებს უბრუნდებიან, რომელიც მიცემული აქვთ,” - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დღეს დაკითხული პირები ფარდულში არ ყოფილან, თუმცა, პერიმეტრზე ფიქსირდებიან.