ENG / RUS       12+

რატომ ჩავარდა სასამართლო რეფორმა - დავით ნარიმანიშვილის ლექცია სტუ-ში

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით, გურჯაანის რაიონის მოსამართლემ დავით ნარიმანიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „მართლმსაჯულება - სასამართლო და რეფორმები“.

გთავაზობთ ინტერვიუს დავით ნარიმანიშვილთან:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს დარჩა მოსამართლე, ორი სახალხო მსაჯულით და ცალკე ადმინისტრაციული მოსამართლის სახით, რომელსაც საერთო ზედამხედველობის ფორმით აკონტროლებდა პროკურატურა და ცალკე იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. ანუ არსებობდა სასამართლო, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო დამოუკიდებელი მიუკერძოვებელი და სამართლიანი სასამრთლოს სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. აქვე გასათვალისწინებელია რომ დიდი ხნის განმავლობაში სასამართლოში ზუსტად ისევე ყვაოდა კორუფცია, როგორც სხვა სტრუქტურებში. პირველ ეტაპზე გაუქმდა პროკურატურის მხრიდან სასამართლოს „საერთო ზედამხედველობის“  უსამართლო პრაქტიკა. ასევე იუსტიციის სამინისტროს გამოეყო სასამართლო სისტემა და დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბდა. მოსამართლის დანიშნვის უფლებამოსილება გადაეცა პრეზიდენტს და სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელობის მიზნით შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

და დაიწყო რეფორმები.

დიახ, მე-20 საუკუნის 90 წლების ბოლოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა სასამართლოში ყოვლისმომცველი რეფორმის ჩატარება. დაინიშნა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მოსამართლის ხელფასი გაიზარდა. ამ პროცესს თან ახლდა მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის პროტესტი. უარი განაცხადეს გამოცდის ჩაბარებაზე. მოსამართლეების ნაწილს ვადაზე ადრე შეუწყდათ უფლებამოსილება. უფლებების დასაცავად მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. (საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების ვადაზე ადრე გათავისუფლება კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ სცნო) სასამართლოში წამოწყებული რეფორმას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა  არ მოჰყვა, რამაც დაწყებული რეფორმის ჩავარდნა გამოიწვია. რეფორმის ჩავარდნის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ სასამართლოს რეფორმას არ მოჰყვა სხვა სტრუქტურებში რეფორმების გაგრძელება. რის გამოც სახელმწიფო სტრუქტურებში გაბატონებული კორუფციის დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა. რეფორმა ჩავარდა!

დიახ, რეფორმა ჩავარდა!

სამწუხაროდ. სასამართლო სისტემა კვლავ ჩაეფლო კორუფციაში. სასამართლო ვერ ჩამოყალიბდა მყარი სახელმწიფო ინსტიტუტად, სადაც ადამიანები შეძლებდნენ სამართალის პოვნას.

2003 წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ დაიწყო სახელმწიფოს სტრუქტურების ფართომაშტაბიანი რეფორმა. 2005 წლიდან რეფორმა შეეხო საერთო სასამართლო სისტემას. პირველ რიგში კადრების საფუძვლიანად მომზადების მიზნით 2006 წელს დაარსდა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. პირველ ეტაპზე მის ფუნქციას წარმოადგენდა: მოქმედი მოსამართლეების პროფესიული გადამზადება. მოგვიანებით იუსტიციის სკოლამ დაიწყო მსმენელების მიღება და სასამართლო სისტემისთვის მოსამართლეების მომზადება. ამავე პერიოდში, მოსამართლის დანიშვნის ფუნქცია გადეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გაიზარდა ხელფასები. გაუმჯობესდა მატერიალურ ტექნიკური ბაზა. თანდათანობით შემცირდა მოსამართლეთა საერთო რაოდენობა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით რამდენიმე ათეული მოსამართლე მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. პარალელურად 2009 წლიდან ძირითადად იუსტიციის სკოლა დამთავრებული მსმენელთა ხარჯზე ხდებოდა სასამართლოს სისტემაში მოუშავე კადრების გადახალისება.

ამ დროს ბევრი ცვლილება შევიდა კანონში?

დიახ, იგივე პერიოდში შეიცვალა მოსამართლეს მიმართ ადმინისტრაციული დევნის საფუძვლები. გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი, რაც უკანონო გადაწყვეტილების გამო მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. 2010 წლიდან კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რითაც შესაძლო გახდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსამართლის მუდმივი დანიშვნა. იმავე ცვლილებებით კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ მუდმივ დანიშვნამდე შესაძლო იყო მოსამართლის 3 წლით გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. მოსამართლის მუდმივად თანამდებობაზე დანიშნვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას იმისთვის რომ მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი. ასევე  მუდმივ დანიშვნასთან ერთად უნდა მოხდეს მოსამართლის სოციალური დაცულობის გაზრდა, საპენსიო და სახელფასო საკითხის მოწესრიგების გზით. ეს უახლოეს მომავლის საკითხია და იმედი ვიქონიოთ მმართველი პოლიტიკური გუნდი გამოხატავს შესაბამის ნებას. სასამრთლო სიტემაში რეფორმის ახალი ტალღა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო. შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის წესი. საბჭოს შემადგენლობაში უმრავლესობას წარმოადგენს მოსამართლეები. ამ ცვლილებებმა გაზარდა სასამართლოს სამართლებრივი დამოუკიდებლობა.

ამ ყველაფერს თავისთავად ახლავს უამრავი გამოწვევა, და არაერთი გადაუწყვეტელი საკითხი. ასე არაა?

მაგალითად: დღევანდელი მოცემულობით საერთო სასამართლო სისტემაში გვყავს მოსამართლეები, რომლებიც სხვადასხვა ვადით არიან თანამდებობაზე დანიშნულები. ანუ მოსამართლეების მნიშვნელოვანი ნაწილი თანამდებობაზე სამი წლის გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი 10 წლით არიან დანიშნული, ხოლო რამდენიმე ათეული მოსამართლეს მოსამართლის თანამდებობაზე მუდმივად დაინიშნა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 10 წლით მოსამართლის დანიშვნის შესაძლებლობას აღარ იცნობს და ამდაგვარი დანიშვნის წესი შესაძლოა გარკვეულ ჩრდილს აყენებდეს მოსამართლის დამოუკიდებლობას. ასევე მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე ცუდად მოქმედებს მოსამართლის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის მოუწესრიგებლობა. ასევე ქეყანაში მიმდინარე ინფლაციის გავლენა მოსამართლის ხელფასზე.

და ბოლოს, სასამართლო და საზოგადოება - უმწვავესი პრობლემა.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე არსებულ კორუფციულ სისტემაში კარგად ჯდებოდა კორუმპირებული და დეგრადირებული სასამართლო ხელისუფლება. მართლმსაჯულების შედეგი დამოკიდებული იყო გაბატონებული კლასის უნარზე, მარიფათზე და ფინანსურ შესაძლებლობაზე. სასამართლოს ასეთი მდგომარეობა, საზოგადოების პროტესტს არ იწვევდა გამომდინარე იქედან, რომ სხვა სისტემებთან შედარებით სასამართლო ოდნავ მეტ დადებით რეპუტაციას ინარჩუნებდა.  ასევე ასე თუ ისე ერთიან თამაშის წესი იყო ჩამოყალიბებული და თუ ერთ ინსტანციაში ვერ დაიცავდი საკუთარ უფლებას და ვერ შეძლებდი შედეგის მიღებას ეს შანსი უზენაეს სასამართლომდე მიგყვებოდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ გამოცხადებულმა ტოტალურმა ე.წ.  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკამ არაერთი მოსამართლეს პროფესიული კარიერა და ზოგიერთი მათგანის თავისუფლებაც შეიწირა.  სახელმწიფოს მიერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაში სასამართლო კვლავ სახელმწიფოში გაბატონებული კლასის პოლიტიკური ინტერესის გამტარებელ საშუალებად რჩებოდა. არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემა, ასევე თავად სასამართლოს პრაქტიკა, გამოცდილება და უნარი არ აძლევდა მოსამართლეს საშუალებას მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელ, სამართლიან და მიუკერძოვებელ რელსებზე გადაეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების განწყობა სასამართლოს მიმართ წლების მიხედვით უფრო და უფრო უმჯებესდებოდა, სასურველი შედეგისგან ძალზედ შორს იყო. 2010 წლის შემდგომ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სასამართლო მორალურად მზად იყო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. მაგრამ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არ ინება ესოდენ მნიშვნელოვანი ბერკეტის ხელიდან გაშვება. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური მიზნების განხორციელების პროცესში კარგად გააცნობიერა სასამართლოს როლი და მნიშვნელობა. ამ დროისთვის საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა კრიტიკულად უარყოფითი იყო. საზოგადოების ასეთმა დამოკიდებულებამ არსებულ პოლიტიკურ ძალას მისცა საშუალება სასამართლოს მიმართ განახორციელოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობა დღითიდღე დადებითისკენ იცვლება, თუმცა ჯერაც არ არის სასურველი დონემდე მისული.

ავტორი: . .