თარიღი    დრო

დღეს იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან 106 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 09:20 06.14.2018 201

დღეს იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან 106 წელი გავიდა. „დედა ენის“ ავტორი, ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი,  პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი  1840 წლის 27 ოქტომბერს [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] სოფ. ვარიანში დაიბადა, ხოლო 71 წლის ასაკში, 1912 წლის 14 ივნისს  [ძვ. სტ. 1 ივნისი]  თბილისში გარდაიცვალა.

იაკობ გოგებაშვილმა 1861 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1864) იგი  თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1968 წელს მის ინსპექტორად  დაინიშნა. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს.

იაკობ გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო  სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაკობ გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული  ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865); "ბუნების კარი" (1868); "დედა ენა" (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული  სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა  შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის  სახელმძღვანელოები. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა" (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით  მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".

იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა  შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%