13 ივნისიდან ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისების განხორციელებას იწყებს. თუმცა მანამდე, ავიაკომპანიამ 12 ივნისს პირველი რეგულარული რეისი შეასრულა და ფრენა თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით განახორციელა.
ავიაკომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ თბილისიდან და ბათუმიდან ხარკოვის მიმართულებით დაგეგმილი რეისები მოთხოვნადი იქნება და სამომავლოდ დამატებული ახალი მიმართულებების ხარჯზე, კომპანია ტრანზიტული ფრენების განხორციელებასაც შეძლებს.
Myway Airlines-ის თბილისი-ხარკოვის პირველ რეგულარულ რეისს ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ და აეროპორტში თვითმფრინავის „ინაუგურაციაც“ განახორციელეს.
ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის ვოლოდიმირ ვასილჩენკოს განმარტებით, ახალი რეისების დანიშვნა საქართველო-უკრაინას შორის ისედაც მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.
„ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა ხარკოვის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
მინდა გითხრათ, რომ თბილისი-ხარკოვს შორის ფრენები 40 წელზე მეტია ხორციელდება. პირველი ფრენა 60-იან წლებში განხორციელებულა და როგორც ამბობენ, 100%-იანი დატვირთულობით.
ჩვენს სახელმწიფოებს ბევრი რამ აკავშირებს და იმედი ეს რეისები კიდევ უფრო პოპულარული გახდება.
თბილისი ძალიან კარგი ქალაქია, ის არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს დედაქალაქი. თბილისი ეს არის ქალაქი, საიდანაც სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხვედრა მარტივია. მოხარულები ვართ, რომ Myway Airlines-მა ხარკოვის მიმართულება აირჩია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რეისები წარმატებული იქნება“, აღნიშნა ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა.
Myway Airlines კომერციული დირექტორის მოადგილე გრიგორი პომერანტსევი კი აცხადებს, რომ ხარკოვის მიმართულება ეს საწყისი ეტაპია და რომ Myway Airlines-ის გეგმებში უფრო მეტი მიმართულების დამატება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთულობის ზრდა შედის, რადგანაც აეროპორტს ამის დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ჩვენთვის დღევანდელი რეისი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც Myway Airlines-მა პირველი რეგულარული რეისი განახორციელა და მიხარია, რომ ეს სწორედ თბილისი-ხარკოვის რეისი იყო.
ჩვენს ქალაქებსა და ქვეყნებს ძალიან ბევრი საერთო აკავშირებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჩვენ ახალი ავიაკომპანია ვართ და რეგულარული რეისების დაწყებამდე ვასრულებდით ჩარტერულ რეისებს თეირანისა და ანტალიის მიმართულებით. უახლოეს ხანებში ვგეგმავთ, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გავზარდოთ და რეგულარული ფრენები განვახორციელოთ თელ-ავივის, თეირანის, მოსკოვისა და სამარას მიმართულებით.
კომპანიის გეგმებშია ასევე რეისების დანიშვნა დუბაის, მინსკის, სანკ-პეტერბურგის, ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით.
Myway Airlines ეს არის სრული მომსახურების პაკეტის მქონე ავიაკომპანია, რომელიც ხედავს დიდ პოტენციალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ჩვენ როგორც სრული მომსახურების პაკეტის მქონე ავიაკომპანია, ვგეგმავთ, რომ თბილისის აეროპორტის გავლით განვახორციელოთ ტრანზიტული ფრენები“, აღნიშნა Myway Airlines კომერციული დირექტორის მოადგილე გრიგორი პომერანტსევმა.
შეგახსენებთ, რომ Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) მიმდინარე წლის იანვარში მიენიჭა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვალში აიღო.
ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 150-მდე ადამიანია დასაქმებული და სამომავლოდ მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. წლის ბოლომდე კომპანის 250 თანამშრომელი ეყოლება.
Myway Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.