ENG / RUS       12+

რუსული პროვოკაცია და ქართული დოყლაპიობა

კვირას საღამოს, დაბა გუდაურის მაცხოვრებლებმა გადაკეტეს მცხეთა-სტეფანწმინდას საავტომობილო გზა, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და სომხეთთან აკავშირებს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილენი მოითხოვენ იმ ოთხი მოხევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვინც შაბათს სცემა რუსეთის მოქალაქე ფეოდორ ჩელიშევი და დააზიანა მისი ავტომობილი.

კადრები, რომელიც ჩელიშევის მეგობარმა და პარტნიორმა, მანქანაში მყოფმა სერგეი დემენტიევმა გადაიღო, დაუყოვნებლივ  (ტელეფონითვე) გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში და რუსული ბლოგოსფერო  „ააფეთქა“. აქ შეუძლებელიც კია იმ სიძულვილის აღწერა ან გადმოცემა, რამაც მაშინვე გადმოხეთქა საქართველოსა და ქართველების მიმართ.

ყველაზე „მსუბუქი“ შეფასება და მოთხოვნა იყო საქართველოში ავიაფრენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ტურისტული ნაკადის დაბლოკვა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად ამაზრზენი საყურებელია, ათეულობით „კუნთმაგარი და ინტელექტ-მწირი ქართველი“, როგორც სცემს ჯგროდ ერთ რუსს, ვინც, სხვათა შორის, მათ არ ეპუება და ბოლომდე „ექაჩება“ კიდეც, შემდეგ კი მანქანით უტევს და ქვების სეტყვაში ტოვებს იქაურობას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ქართველი მოძალადე დააკავა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით: 126 („ძალადობა“) და 187 („სხვისი ნივთის დაზიანება“).

მაქსიმალური სანქცია პირველი მუხლით ექვს წლამდე ციხეა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდა, რომ მოძალადეებს ეროვნული სიძულვილი ამოძრავებდათ ანუ ძალადობა ეროვნული ან რასობრივი ნიშნითაა ჩადენილი. თუმცა, ასე არ ყოფილა და ნებისმიერი სპეკულაცია უსაფუძვლოა: „მეორე მხარეს“ ამერიკელები, ფრანგები ან ინდუსები რომ ყოფილიყვნენ, მოხევეთა რეაქცია იგივე იქნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმისთვის, რათა „ვიდეომ“ ასე იოლად არ „აგვაგდოს“ და /ანუ არ მოგვატყუოს, აქვე დავაზუსტოთ კონფლიქტის მიზეზი: არანაირი „ეროვნული შუღლი“ და „ოკუპაცია“: გუდაური სულ უფრო პოპულარული ხდება განსაკუთრებით რუს ტურისტებში; მთის კურორტზე დასვენებისას ერთ-ერთი „ატრაქციონია“ პარაპლანით გასეირნება. ერთმანეთს კონკურენციას უწევდა პარაპლანისტთა ორი ბიზნეს-ჯგუფი: ადგილობრივი ქართული და რუსულ-უკრაინული, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩელიშევი და დემენტიევი.

ბუნებრივია, რუს ტურისტებს, ისევე როგორც უკრაინელებს, პარაპლანით გასეირნებისას ერჩივნათ, რუსი ან უკრაინელი ინსტრუქტრებით, ასევე მათი აღჭურვილობით ესარგებლათ, რადგან იმათ უფრო ენდობოდნენ, რის შედეგადაც ქართველები „უმუშევრად“ იყვნენ და ამის გამო საშინლად ღიზიანდებოდნენ.

ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი ეპიზოდისას, როგორც ჩანს, „უცხოელმა პარაპლანისტმა“ საკუთარი „სივრცის“ გამოყენებაზე უარი უთხრა ქართველ ინსტრუქტორს, ხელი ჰკრა თუ კინაღამ ხევში გადაჩეხა და ა.შ...... ინციდენტში, პირველადი მონაცემებით, რუსულ-უკრაინული ჯგუფის უკრაინელი წევრები უფრო მონაწილეობდნენ ვიდრე რუსები. თუმცა ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ ქართველებმა გადაწყვიტეს, არც ერთნი და არც მეორენი პარაპლანისტთა სასტარტო მოედანთან აღარ მიეშვათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი დავფიქრდეთ: რასაკვირველია, ამ ყოველივეს  შესახებ იცის ჩელიშევმა. ანუ იცის, რომ ის უკრაინელი ვინც „ხელი ჰკრა და კინაღამ გადაჩეხა ქართველი“, უკვე გაიქცა რუსეთში, ხოლო ადგილობრივი ქართველები ბიზნესთან ასე იოლად აღარ მიუშვებენ.  როგორ იქცევა იგი და რა ტაქტიკას ირჩევს?  - დახვეწილი, გველურად მოფიქრებული პროვოკაციისა, რათა მიაღწიოს მთავარ მიზანს: კვლავ დაუშვან იგი და მისი პარტნიორები სასტარტო მოედანთან. ამისთვის კი რა არის საჭირო? კონფლიქტის პროვოცირება და მისი შემდეგ ისე „გაფიარება“, რომ სახელმწიფოთშორისი და ერთაშორისი ხასიათი შეიძინოს. საქართველოს სახელმწიფო კი იძულებული გახდეს, წინაღობები მოუხსნას პარაპლანისტთა რუსულ-უკრაინულ ბიზნესს!

ისევ დავაკვირდეთ ვიდეოს: ჯერ ერთი, არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ თავიდანვე ჩაფხუტი ახურავს? ძალიან მოუხერხებელი ატრიბუტია და რა საჭიროა იგი გეცვას, როდესაც მანქანის საჭესთან ზიხარ? არავითარი საჭიროება არ არის, მაგრამ მან ხომ იცის რაზე მიდის და ფიზიკურად იზღვევს თავს.

მეორე: გულდასმით მოვუსმინოთ ჩელიშევის ლაპარაკს, როდესაც მანქანიდან გადმოდის. აშკარად პროვოკაციულია. ქართულად  ითარგმნება:  „ვინ გაწყენინათო“. ეს ქართულად, თორემ რუსულად  ჟღერს: „Вы же взрослые мужики, кто вас обидит?"

საქმე ის გახლავთ, რომ რუსული ჟარგონით обидеть-обиженный  იგივეა რაც опустить-опущенный, რაც გაუპატიურებულ მამაკაცს ნიშნავს.

საეჭვოა ის ქართველები ასე ერკვეოდნენ რუსულ ჟარგონში, მაგრამ აქ მთავარია, ჩელიშევს რა „ინტენცია“ ანუ განზრახვა აქვს - მისი განზრახვა კი კონფლიქტის პროვოცირებაა!

მან იცის, რომ ქართველებს არ ეყოფათ კულტურა, გამომწვევი ლაპარაკის პასუხად მაშინვე „კუნთებზე არ დაიწყონ ყურება“, როგორც ბავშვობაში ამბობდნენ.

მეორე ნიშანდობლივი უცნაურობა: დემენტიევი მანქანიდან არ გადმოდის და  არ ეხმარება მეგობარს, ვისაც 30 ადამიანი ერთად ურტყამს.  არადა, ნებისმიერი თავმოყვარე მამაკაცი ხომ ასე მოიქცეოდა? რა თქმა უნდა! ვითომ მშიშარაა და იმიტომ? არა - პარაპლანერისტთა შორის მშიშრები არ არიან. მაგრამ ის და ჩელიშევი წინასწარ შეთანხმდნენ ამაზე ორი მოსაზრებით:

ა) ვიღაცას ხომ უნდა გადაეღო „ოცდაათი ქართველის მიერ ერთი რუსის ცემის“ მართლა ამაზრზენი სცენა, რათა შემდეგ სოციალურ ქსელებში „გაეფიარებინათ“?

ბ) თუ ყველანი ერთად მივიდოდნენ, შემდეგ ნაწილი გადავიდოდა მანქანიდან და ჩელიშევს მიეხმარებოდა, ეს უკვე სხვა „სცენა“ იქნებოდა რაოდენობის მიუხედავად, მათ კი ზუსტად ასეთი ამაზრზენი და სამარცხვინო პერფორმანსი სჭირდებოდათ: „30 მხდალი ქართველი სცემს ერთ ვაჟკაც რუსს“.

ანუ, აქ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მოქმედების „ალგორითმზე“ ჩელიშევმა, დემენტიევმა და მათმა სხვა პარტნიორებმა წინასწარ მოილაპარაკეს და გეგმა „ბრწყინვალედ“ განახორციელეს იმის წყალობით, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველებს არ ეყოთ არც ჭკუა, არც ნებისყოფა, არც კულტურა, არც მოთმინება, სხვაგვარად მოქცეულიყვნენ, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ, არ ეძალადათ და/ან ისეთი სიტუაცია შეექმნათ, რომ ჩელიშევი თავად აღმოჩენილიყო წამგებიან სიტუაციაში და თვითონ ეძალადა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაფერს ჭკუა და კულტურა სჭირდება ამქვეყნად. მათ შორის კონკურენციას, დაპირისპირებას და ჩხუბსაც კი.

აბა აღწერილ ეპიზოდთან რა მოსატანია თითქოს, მაგრამ ამ უკულტურობით და ქართველების „იოლად აგდების“ შესაძლებლობით ჩვენმა მტრებმა ადრეც „კარგად“ ისარგებლეს - 1992 და 2008 წლებში.

როდესაც დაპირისპირების, შენი ინტერესების დაცვის  კულტურა არ გაგაჩნია და პირველივე პროვოკაციისას „შიშველ აგრესიას“ მიმართავ, საბოლოოდ მუდამ წაგებული დარჩები.

გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის გაზაფხულზე, ანაკლიის ბანაკთან მომხდარი ეპიზოდი, როდესაც ქართველი და რუსი მეომრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: ქართველმა იოლად უთხრა აგრესიული „იდი ნა ხ....“, მაგრამ როგორც კი იმან იარაღი მოუღერა, ამან ავტომატი სამარცხვინოდ დააგდო, შემდეგ კი.....მსოფლიო ტელეეკრანი მოიარა თავსლაფდამსხმელმა, შემაძრწუნებელმა ისტორიულმა სცენამ: პრეზიდენტი სააკაშვილი რომ საყვედურობს ვიღაც რუს სალდაფონს: „რას ჰგავს ესო“ და ვეება ქართველი „მეომრის“ დაჟეჟილ-დაბეგვილ სახეზე უთითებს, როგორც ნაცემი ბავშვის მშობელი.......

რეალურად იმ ეპიზოდშიც იგივე სინდრომი გამოვლინდა - უკულტურობა: თუ იმის ....... არა გაქვს, საკუთარი და ქვეყნის ღირსება დაიცვა, მაშინ რაღას ეუბნები „იდი ნა ხ.........“?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან ძნელია ახსნა და თვალის მიდევნება, როგორ ყალიბდება ეროვნული, სოციალური კულტურა. მაგალითად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნები იმ გუდაურელი (ან ანაკლიელი) ქართველების ადგილზე „ასე“ არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდნენ: ოცდაათნი-ერთს არ სცემდნენ! თუ მაინცდამაინც საჩხუბარი იქნებოდა, მათგან ერთი გამოვიდოდა, სხვები არ ჩაერეოდნენ და იმ პროვოკატორ ჩელიშევს ის ერთი დაუნაყავდა ცხვირ-პირს.

ვისაც საბჭოთა ჯარში უმსახურია, იცის რაზე ვლაპარაკობთ, ანუ ამას გაიგებს და დაიჯერებს.

ახლა სხვა კითხვა: როგორ მოიქცეოდნენ იმ მოხევეების ადგილას ვთქვათ......ჰოლანდიელები? როგორ და სასამართლოში იჩივლებდნენ „კლდეზე გადაჩეხვის“ მცდელობის გამო, ხოლო  გამოძიების პროცესში ის რუსულ-უკრაინული კომპანია მუშაობას შეაჩერებდა.....ან თავიდანვე სასამართლოში იჩივლებდნენ იმის გასარკვევად, საერთოდ რა უფლება აქვთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესი აწარმოონ, სივრცე მოითხოვონ პარაპლანთა სტარტისთვის, სად იხდიან გადასახადებს, ვინ მისცათ ლიცენზია და ა.შ და ა.შ. უამრავი საშუალება არსებობს საკუთარი ინტრესების კანონიერი, ცივილიზებული გზით დაცვისა.

მაგრამ...... ჩვენი უბედურება ისაა, რომ არც ჩეჩნები ვართ და არც ჰოლანდიელები. არადა, სჯობს ან ჰოლანდიელი იყო, ან ჩეჩენი ქცევის და რეაქციის თვალსაზრისით, რადგან.....აიმათ შორისროცა ხარ რაღაც, ესაა ყველაზე უარესი და ამიტომაც ვარდები ხშირად ასეთ მარაზმატულად სამარცხვინო სიტუაციაში

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ამ ჩელიშევს: გამოვიდა და თქვა: „პოლიტიკა რა შუაშიაო“. მაგრამ ეს იცით რატომ თქვა? იმიტომ, რომ მისი მიზანი გუდაურში ბიზნესის გაგრძელებაა! ამიტომაც ჩაიფიქრა ეს ყოველივე.

აი, თუ ამ ბიზნესის გაგრძელების საშუალებას ახლა აღარ მისცემენ, წავა რუსეთში, იქ იტყვის „საავადმყოფოში მწოლიარეს ეს განცხადება „ქართველი ბერიას“ შთამომავლებმა მუქარით მაიძულესო“ და იმ სამარცხვინო ვიდეოს ბევრჯერ დაატრიალებს. რუსეთის ხელისუფლებასაც მოსთხოვს მისი უფლებების დაცვას და საქართველოში ტურისტული ნაკადის შეწყვეტას.

ასეა - მართლაც  ჭკუა და კულტურა უნდა ყველაფერს. თქვენ წარმოიდგინეთ ჩხუბსაც კი. ადამიანი იმიტომ ხარ, რომ ჭკუა/გონება გაქვს, ცხოველური ინსტინქტების შეკავება უნდა შეგეძლოს, მათ შორის პროვოკაციასა და შეურაცხყოფაზე მიზანშეწონილი პასუხი, თორემ  კუნთი ცხოველსაც გააჩნია. თან შენზე მეტი!

 

ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .