ENG / RUS       12+

პუტინის პაუზა - შანსი საქართველოსთვის?

რესპექტაბელურმა ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი დასავლეთის ყველაზე გავლენიანი, კონსერვატიული წრეების შეხედულებებს გამოხატავს, გამოაქვეყნა ანალიტიკოს Walter Russell Mead - ის სტატია  სახელწოდებით Putin’s Success Masks Russian Weakness (პუტინის წარმატა რუსეთის სისუსტეებს ნიღბავს).

მასალაში საინტერესო რაკურსითაა აღწერილი თავისთავად უცნაური და თითქოს არაბუნებრივი პარადოქსი, რაზეც ბევრმა ანალიტიკოსმა ადრეც მრავალგზის მიუთითა. კერძოდ, აშკარა დისონანსი რუსეთის სისტემურ სისუსტესა და მისი ამჟამინდელი მმართველის, ვლადიმერ პუტინის აშკარა, უდავო საგარეო-პოლიტიკურ წარმატებებს შორის. 

ზუსტადაც პუტინის დიახაც „აშკარა და უდავო“ წარმატებაა, მისი რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მან მოახერხა „საქართველოს გახლეჩა“ (ავტორის ტერმინოლოგიით), ხოლო პასუხად დასავლეთისგან არ მიიღო აბსოლუტურად არანაირი სანქცია. სიმბოლურიც კი!

შემდეგ მოახერხა ყირიმის ანექსია, დონბასის ოკუპაცია და სასჯელის სახით მიიღო უსუსტესი „სანქციები“, რომლებიც მხოლოდ სიმბოლური ხასიათისაა და მას ბევრს ვერაფერს დააკლებს.

დასავლეთი ვერ ბედავს ნამდვილი სანქციების განხორციელებას, როგორიც იქნებოდა 1) საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-დან რუსეთის „ჩახსნა“ 2) რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმა (როგორც ირანის შემთხვევაში მოხდა) 3) რუსეთის საოპერაციო ანგარიშების დაყადაღება ამერიკულ და ევროპულ ბანკებში 4) რუსეთისათვის სათესლე მასალებისა და ბიო-მასალების მიწოდებაზე უარი, რაც მას შიმშილის ზღვართან მიიყვანდა 5) სრული „ვიზა-ბანი“ ისტებლიშმენტისა და მათი ოჯახის წევრებისთვის 6) მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი არა მხოლოდ ოფიციალური პირების მიერ, არამედ ამ ასპარეზობის ინგლისში ან სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში გადატანა 7) ოლიმპიადაზე რუსეთის გუნდის არდაშვება  „თეთრი დროშითაც“ კი.

პუტინს სულ არ აღელვებს, ჩამოვლენ თუ არა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ჩემპიონატის რეალური ბოიკოტი და სხვა ქვეყანაში მისი გადატანა ძალიან მწარედ დაარტყამდა.....მით უმეტეს, კომიკურია იფიქრო, თითქოს  დიდად ანაღვლებს თუ აბრამოვიჩი ვერ დაესწრება „ჩელსის“ თამაშს ლონდონში - ვიზის გაუცემლობის გამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ მიდის სტატიას. ავტორი აღნიშნავს, რომ პუტინმა „ძალის გამოყენებით დააბრუნა რუსეთი ახლო აღმოსავლეთში....“ და ეს სრული ჭეშმარიტებაა: ამაზე, რეგიონის გეოგრაფიულად საკვანძო სახელმწიფოში, - სირიაში - რუსული არმიის ყოფნის განმტკიცება მეტყველებს. არადა, ახლო აღმოსავლეთი, გეოპოლიტიკურად, მსოფლიოს „მზის წნულია“.

ოღონდ ესეც კი არ არის ყველაზე მთავარი: მთავარია, რომ პუტინი, ავტორის თქმით, „სპეციალიზდება“ თვით დასავლეთში შფოთის, არეულობის შეტანით და ამ მიმართულებითაც კი აღწევს „წარმატებებს“: იქედნური ჩარევა ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში..„ბრექსიტი“...„არეულობა კატალონიაში“....პოპულისტი „ევროსკეპტიკოსების“ გამარჯვება იტალიაში, რომლებიც „ევროს ზონის“ დანგრევას ლამობენ...„სკრიპალების საქმით“ ბრიტანეთის სასტიკი შეურაცხყოფა, რაც „ჰიბრიდული ომის“ განუყოფელი ნაწილია... და ა.შ.

მაგრამ, იქვე, ავტორი მიანიშნებს, რომ პუტინი ან არ პასუხობს ან თითქმის არ პასუხობს იქ, სადაც გამარჯვება არ უწერია. მაგალითად: ამერიკამ 60 რუსი დიპლომატი გააძევა და მოსკოვს უხეშად წაართვა საკონსულო სიეტლში. პასუხად, პუტინი ვერ ბედავს წაართვას ამერიკას საკონსულო შენობა სანკტ-პეტერბურგში. რატომ? იმიტომ, რომ ეს გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ სირთულეს ამერიკული ვიზების გაცემისას რუსებისთვის. არადა, რუსეთის კიდევ ერთი სისტემური სისუსტეა (რაც ამ დაკვირვებულმა ავტორმაც კი ვერ შენიშნა), რომ.....ამერიკელები არ ოცნებობენ რუსეთის ვიზაზე, სამაგიეროდ რუსები ოცნებობენ ამერიკის მონახულებაზე, იქ სწავლასა და ცხოვრებაზე!

მეორე მაგალითი: ამერიკამ დაბომბა რუსეთის მოკავშირე სირია. და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად არვინ მომკვდარა, ეს მაინც დამამცირებელი იყო. მოსკოვმა არ უპასუხა - „რუსები ხომ არ დაღუპულანო“. სამაგიეროდ, რუსები დაიღუპენ, როდესაც მოხდა პირველი პირდაპირი სამხედრო „დაჯახება“ რუს და ამერიკელ მეომრებს შორის დერ ეზ ზორის რეგიონში. პუტინმა ამასაც არ (ვერ) უპასუხა, რითაც უდავოდ მტკიცდება: რუსეთის ავტოკრატ მმართველს აქვს უნარი განასხვაოს „სასურველი“, - „რეალურისა“ და „შესაძლებლისაგან“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ ამ მიზეზით, როგორც ასევე მართებულად აღნიშნავს უოლტერ მიდი, პუტინმა ახლა გადაწყვიტა აიღოს „პაუზა“ იმ რეგიონებში, სადაც აგრესიის შედეგად მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც მაშინ (!) შესაძლებელი იყო; ანუ, სერიოზული სანქციების გარეშე შემოიერთა ყირიმი, დაიპყრო დონბასი, გახლიჩა საქართველო და უზრუნველჰყო ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მდგრადობა სირიაში ისე, რომ  დაამყარა სრული კონტროლი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე....ამით გამორიცხა ყატარიდან - სირიის გავლით თურქეთსა და ევროპაში „დიდი გაზსადენის“ გაყვანა, რაც დაანგრევდა „გაზპრომის“ პოზიციებს ძველ კონტინენტზე ბევრად იმაზე მეტად, ვიდრე ამერიკული „თხევადი ნავთობი“.

უოლტერ მიდის თქმით, ამჟამად პუტინი „მიღწეულის კონსოლიდაციას“ ცდილობს და აგრესიის გაფართოებას აღარ აპირებს უახლოეს მომავალში. ყოველ შემთხვევაში, სანამ საამისო გარემო-პირობება არ შეიქმნება. ანუ, არ აპირებს კიევის აღებას, არ აპირებს ქურთებით დასახლებული რეგიონების დაპყრობას სირიაში, არ აპირებს აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ საქართველოს სხვა რაიონების ხელყოფას - „კასპიის ზღვა - შავი ზღვის“ დერეფნის დღესვე გადასაჭრელად და ა.შ.

ავტორი რომ ძირითად დასკვნაში მართალია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ როგორც სარწმუნო რუსული მედია იტყობინება, პრეზიდენტად  მეოთხედ არჩევის შემდეგ, პუტინი აპირებს „არაპოპულარული ეკონომიკური რეფორმების“ გატარებას და შიდა საკითხებზე კონცენტრირებას სწორედ იმ სისტემური სისუსტეების აღმოსაფხვრელად, რითაც იგი კვლავ ჩამორჩება ცივილიზაციურად დასავლეთს: ეკონომიკის დივერსიფიცირებულობით, ინდუსტრიით, ინოვაციურობით და ა.შ.

რამდენად მოახერხებს  - სხვა საკითხია, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრენდი სწორედ ამაზე მიუთითებს. თანაც, პუტინმა უკვე გამორიცხა მეხუთედ არჩევა, როდესაც ხაზი გაუსვა, რომ ვეღარ და აღარ გაიმეორებს 2008 წლის ტრიუკს, როცა მცირე ხნით (მაშინ 4 წელი იყო კადენცია და არა 6!) დაუთმო პოსტი მედვედევს, შემდეგ კი ისევ  დაბრუნდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა გახდა „დაპაუზების“ მიზეზი? უდავოდ ის, რომ პუტინმა მეტისმეტად ბევრი რესურსი დახარჯა და ბოლოს იგრძნო: შემდგომი ნაბიჯები ჩამოთვლილი მიმართულებებით  (კიევის აღება, გორის აღება, დერ ეზ ზორზე შეტევა და ა.შ),  უკვე ნამდვილად გამოიწვევდა დასავლეთის ისეთ საპასუხო რეაქციას და სანქციებს , რასაც მისი რეჟიმი და მყიფე ეკონომიკა ვერ გაუძლებდნენ.

აი ამ ვითარებაში, ამ ისტორიულ პერიოდში (ალბათ უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე) საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს რეალური შანსი დავარწმუნოთ დასავლეთი, რომ „დაპაუზებისშემდგომ“ პერიოდს (2024), როდესაც რუსეთი „სულს მოითქვამს“ და ახალი შეტევებისთვის მოემზადება ყველა მიმართულებით, დასავლური სამყარო პოზიციურად უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს: კრემლი რომ ძირითად ხაზს არ გადაუხვევს და აუცილებლად ამოქმედდება ადრე თუ გვიან იმავე ვექტორით, ეჭვს არ იწვევს!

პუტინი უკან არ დაიხევს არც ერთიმიღწეულინიშნულიდან. მაგრამ დასავლეთი ვალდებულია მისი თუნდაც ამ ზღვარზეშეჩერებისგარანტიები შექმნას იმით, რომ გააძლიეროს საქართველოსა და უკრაინის მასთან ინტეგრირება -  ისტორიული  „პაუზისგანმავლობაში!

სხვა საკითხია, რა მეთოდოლოგიის, ხარისხის ან სიღრმის შეიძლება იყოს ეს ინტეგრაცია: საქართველოსა და უკრაინისა „ჯერ დაუპყრობელ“ ტერიტორიაზე ჯარების განლაგება იქნება ეს, „ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში“ ჩვენი ქვეყნების  „სპეც-სტატუსით“ მიღება თუ სხვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქ ბევრი რამ ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ხოლო წარმატების აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა საქართველოსა და უკრაინის ერთ „პაკეტში“, ერთ „სისტემურ მოცემულობაში“ აღქმა დასავლეთის მიერ, რათა მისი სისტემური პასუხიც არა მხოლოდ უკრაინას შეეხოს, არამედ საქართველოსაც.

შესწევს კი, არა მხოლოდ ქართულ დიპლომატიას, არამედ ჩვენს  ტრადიციულად უპასუხისმგებლო და უნიათო „პოლიტიკურ კლასს“ უნარი ამგვარი „კონსოლიდაციისა“ აღწერილი  ისტორიული მიზნის მისაღწევად?......რიტორიკული კითხვაა და მხოლოდ მომავალი თუ გვიჩვენებს......

ჯერჯერობით ამ მხრივ საიმედო ბევრი არაფერია, თუმცა მაინც.....

ნიკა იმნაიშვილი

 

 

 

 

 

ავტორი: . .