თარიღი    დრო

მხატვრული ფილმის “დავიწყებული მელოდია” მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

საქართველო, თბილისი - 10:58 05.24.2018 487

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუდოლფ მიხალკას ინიციატივით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მხატვრული ფილმის “დავიწყებული მელოდია” მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე ფილმის ავტორებმა განაცხადეს, ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში - საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება.

“ჩემთვის საქართველო არის, როგორც ქალი, რომელიც გიყვარს და რომელიც აღგაფრთოვანებს. ფილმის იდეა: მოვყვეთ სიყვარულის შესახებ, ვაჩვენოთ ევროპელის თვალით დანახული საქართველოს სილამაზე. საქართველო - ზღაპრული ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით, რაც ფილმშიც კარგად იქნება ნაჩვენები. უცნობ ქვეყანაში მოხვედრილი სლოვაკისთვის თავს გადამხდარი ყველა მოვლენა სხვანაირად, უფრო მხიარულად და დამაინტრიგებლად აღიქმება.

სიუჟეტი, რომელიც ფილმს საფუძვლად დაედო - გამოგონილია. იდეა საქართველოში სლოვაკეთის სრულუფლებიან ელჩს, ბატონ რუდოლფ მიხალკას დაებადა. მისთვის ფილმი - ეს არის ერთგვარი ჟესტი საქართველოსა და სლოვაკეთისადმი მისი პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატავად”, - განაცხადა ფილმის პროდიუსერმა რინგაილე ლესჩინსკინემ.

“მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის კარგი, ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რომელიც მაყურებელს შეუყვარდება. ფილმი - ეს უდავოდ დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც მაყურებლის, ისე სპონსორების წინაშე, განსაკუთრებით კი, როდესაც ეს არის ქართული კინო და შენ ვალდებული ხარ დაიცვა ქართული კინემატოგრაფიის ტრადიციები. თუმცა, არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაც - განვავითაროთ საქართველო ტურისტული მიმართულებით. ჩვენ რინგაილესთან ერთად გვაქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. პროექტზე “სიყვარული აქცენტებით” მე მარკეტინგსა და რეკლამაზე პასუხისმგებელ სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, პროექტზე “საზღვრებს გარეშე” - ერთ-ერთი პროდიუსერი ვიყავი, რინგაილე ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა პროექტში “მეექვსემილიონე ტურისტი”. ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, აუცილებლად ღირს ნახვა.

მაგრამ ამჯერად ჩვენ ვაკეთებთ კინოს, რომელიც ძირითადად ამერიკასა და ევროპისკენ არის მიმართული, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ევროპიდან და ამერიკიდან პირველი დონის ვარსკვლავებს ვიწვევთ. მოცემულ პროექტში ქალის მთავარი როლის შემსრულებლის გამოსავლენად ღია კასტინგი გვინდა გამოვაცხადოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში გამოჩნდება ახალი სახე, ახალგაზრდა დებიუტანტი მსახიობი, რომელიც თავისთავად ცალკე მოვლენად იქცევა. ჩვენ ვიწვევთ ყველა მსურველს, თავისი ნიჭის გამოსავლენად კასტინგში მიიღონ მონაწილეობა. პირობები და მოთხოვნები ჩვენს ინსტაგრამზე უახლოეს პერიოდში განთავსდება", - აღნიშნა ფილმის პროდიუსერმა ირაკლი როდონაიამ.

“დიპლომატიის დახმარებით ქვეყნებს შორის ბევრის მიღწევა არის შესაძლებელი. ჩვენ დიპლომატები - წარმოვადგენთ სახეს ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ჩვენ ჩვენთვის უცნობ ქვეყნებში გვაგზავნის, სადაც ჩვენ არამარტო ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ ისეც ვმოქმედებთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყნებს შორის მეგობრობა, ხალხთა შორის კავშირი, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. და თუკი დიპლომატიას ზედ კინოს სახით ხელოვნებასაც დავურთავთ, გამორიცხულია, რომ ასეთი მიზნები დიპლომატიის გზით არ იქნას მიღწეული. მინდა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ორი პატარა ქვეყანა დიდი გულით. მინდა, დავანახოთ ყველას, როგორი ახლობლები ვართ და ამასთან ერთად, როგორი განსხვავებულებიც, მინდა ამაზე ვიცინოთ და ვიტიროთ კიდეც, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ... ზოგადად, მინდა, რომ ყველას, ვინც ამ ფილმს ნახავს, ნამდვილ ცხოვრებაშიც მოუნდეს შეხვედრა ისეთ ადამიანებთან, რომელთა შესახებაც ფილმი გვიამბობს, მოუნდეს ადგილების მონახულება, რომლებიც ფილმში იქნება ნაჩვენები”, - დასძინა სლოვაკეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკმა.

ფილმის მომზადებასა და გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას თბილისის მერია იღებს, რომელიც თბილისის მერის, კახი კალაძის სახით არის წარმოდგენილი. იგი პირველად შეასრულებს ფილმში ეპიზოდურ როლს ახალგაზრდა და ენერგიული მერისა, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა სწრაფად და ეფექტურად შეუძლია. თბილისში გადაღებების ორგანიზებაში მერიის მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერა იქნება აღმოჩენილი.

როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, პროექტი, როგორც პოლიტიკურად, კულტურულად და ეკონომიკურად, ისე ტურისტული კუთხითაც ბევრს ნიშნავს. ერთ-ერთ მიზანს საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის, დასავლეთის პარტნიორობის ჭრილში განვითარება წარმოადგენს. ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის ფილმი საქართველოს კულტურის ერთგვარი ელჩი იქნება.

პროექტის ორგანიზატორების გეგმით, ფილმი ეკრანებზე შემდეგი წლის დასაწყისში გამოვა. პირველი, ვინც ფილმს იხილავს, საქართველოსა და სლოვაკეთის მაყურებელი იქნება.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%