ბოლო 5 თვის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა. მკვლელობების ნაწილი ძალოვან უწყებებს ამ დრომდე არ გაუხსნიათ.
2018 წლის განმავლობაში მომხდარი დანაშუალის ქრონიკა ასე გამოიყურება:
14 იანვარს, თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეები იყვნენ, იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.
მკვლელობაში ბრალდებული მეზობელი, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი, ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით.
15 იანვარს, რუსთავში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წვერი, „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორი, სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სამართალდამცავებს მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 20 წლის ანა ნაცვლიშვილი სასტიკად მოკლეს. გოგონას ცივი იარაღით ყელისა და თავის არეში 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცავებმა მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ნაცვლიშვილის შეყვარებული, 21 წლის ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს, თუმცა, მოგვიანებით, სახელმწიფო ბრალდებამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაუმძიმა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგალაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 მაისიდან დაიწყება.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გამრეკელაშვილი მამინაცვალმა, ვეფხია ბაქრაძემ მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.
მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე მიმალვაში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა თელეთში დააკავეს.
ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, თუმცა, მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
ბაქრაძის სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო თვიდან დაიწყება.
7 თებერვალს, თბილისში, დიღმის მასივში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი დაჭრა, მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი კი, მოკლა. მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო, ის სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
თბილისში, 21 მარტს, ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მეპატრონე, ბიზნესმენი, ნუგზარ კახიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენის სახლში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მივიდა და თავი ბანკის თანამშრომლად წარადგინა, რომელსაც მისთვის წერილი უნდა გადაეცა. მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, მამაკაცმა სროლა დაიწყო. მან შვიდჯერ გაისროლა. ნუგზარ კახიძეს ოთხი ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა, დამხმარე ქალს კი მხარში.
აღნიშნული საქმე სამართალდამცავებმა მალევე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებულის იდენტიფიცირებაც მოახდინეს, თუმცა, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ჩ.-ზე ძებნა გამოაცხადა.
პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე, 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში სასტიკი წამებით მოკლეს. ის ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ვერსიის რა თქმა უნდა, არავის სჯერა. ცხედარს, რომელის გადმოცემასაც დე ფაქტო ხელისიფლება თითქმის, ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით მუხათგვედის სასაფლაოზე დაკრძალეს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ეკა ლემონჯავა