17 მაისს 10:00 საათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობას მიიღებს და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“. კონფერენციაზე ასევე გაიმართება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენა.
კონფერენციაზე მოწვეული არიან დარგობრივი სამინისტროების, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, აკადემიური და არასამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეროვნულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ბაზაში ასახოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ნორმები და მოთხოვნები (acquis communautaire) და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები.
ამ ვალდებულებთა შორისაა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (გეესგ) შემუშავება და განხორციელება. საქართველოს მთავრობას, პირველი გეესგ-ს დამტკიცების ვადად განესაზღვრა 2018 წლის დეკემბერი. ქვეყნის მიერ, გეესგ-ს შემუშავების პროცესს დახმარებას უწევენ გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA) რომლებმაც, ამ მიზნით კონკურენტული პროცესით შეარჩიეს „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-სა და ბრიტანული კომპანია „ECO”-სა გაერთიანებული გუნდი.
განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა, შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლები და მათი მიღწევის ტრაექტორიები მომზადდა ევროკავშირის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (2009/28/EC) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ მომზადებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
გეესგ-ზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით.