მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (DPO-2) ფარგლებში, საქართველოსთვის, 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით სესხი გამოყო. აღნიშნული მეორე ღონისძიებაა იმ სამ ღონისძიებათაგან, რომლებიც მიზნად ისახავს ბიუჯეტისთვის პირდაპირი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ ძირითადი რეფორმების განხორციელებას, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის შედეგები უნდა შეარბილონ, აღდგენის პროცესი დააჩქარონ და საქართველო კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის მოამზადონ. განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში გამოყოფილ იქნა 85 მლნ.აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდა ანტიციკლური ფისკალური სტიმულების მხარდაჭერას 2009 წელს ეკონომიკური ვარდნის შედეგების შესარბილებლად.
განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება მოიცავს განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტს 40 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით და განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხს 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტის დაფარვის ვადა 20 წელია, რომელიც 10 წლიან შეღავათიან პერიოდს მოიცავს. განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხის დაფარვის ვადა 27 წელია, რომელიც 8 წლიან შეღავათიან პერიოდს მოიცავს. მსოფლიო ბანკის დახმარება საქართველოსთვის, დაახლოებით 1,4 მლრდ. აშშ დოლარს უტოლდება.