ENG / RUS       12+

ანტიპუტინური ამბოხი, „ერევნის სამწვადე" და „ვარდები-2“

პრეზიდენტ პუტინის ინაუგურაციის, ანუ „მეოთხედ მოსვლის“ წინ, რუსეთში დიდი ამბები დატრიალდა: მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში, ათასობით ადამიანი გამოვარდა ქუჩებში;  გადაკეტეს გზები, დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან......საპასუხოდ ხელისუფლებამ ისიც  იკადრა, რომ „ნაგაიკებით“ შეიარაღებული ე.წ. „კაზაკები“ მიუსია ხალხს და აცემინა. ბევრმა პუტინის მხარდამჭერმაც კი ამგვარი ქმედება  ისტორიული „კაზაკობის“ შეურაცხყოფად აღიქვა; ამ ტაკიმასხარებს პლატოვთან, ორლოვ-დენისოვთან, ბაკლანოვთან ან თუნდაც  შოლოხოვის გენიალურ „წყნარ დონში“ აღწერილ ფენომენთან რა საერთო აქვთო.

ცნობილი რუსი ბლოგერი და „ანდერგრაუნდული პოლიტმესინჯერი“ ალექსეი ნავალნი მცირე ხნით დააკავეს, მაგრამ დიდი ხნით ვერ გაბედეს და სულ მალე გამოუშვეს. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამ პროტესტებისა მაინც არ შეეშინდა - ხსენებული „ტაკიმასხარების“ გარდა, რომლებიც „დასავლეთიდან მართული პროვოკატორებისთვის სახალხო წინააღმდეგობის“ ილუზიას ქმნიდნენ, პუტინს თავისი ძალისა თუ რესურსების  მეასედის გამოყენებაც კი არ დასჭირდა მოძრაობის ჩანასახშივე ჩასახშობად.  მაგალითად ე.წ. „როსგვარდიისა“ თუ  მმართველი პარტია „ედინაია როსსიას“ ახალგაზრდული „ჰიტლერიუგენდის“ გამოძახება.

თუმცა ეს მოძრაობა მაინც შემაშფოთებელი იქნებოდა მისთვის - თვალსაჩინო ენერგეტიკისა და მზარდი პასიონარულობის გამო, რაც პროტესტებს ნამდვილად  ეტყობოდათ.

აშკარაა, რომ ხელისუფლება რუსეთში თანდათან, ნელა, ძალიან ნელა,  მაგრამ მაინც ...... იჟანგება. და არც შეიძლება სხვაგვარად იყოს, რაკი 18 წელი და 24 წელი......მეტისმეტად ბევრია! მით უმეტეს, როდესაც მთლად „ჩრდ. კორეა“ არა ხარ, ანუ მესენჯერ „ტელეგრამს“  კი კრძალავ, მაგრამ ყველა სოციალურ ქსელს ვერ აკრძალავ და ყველა სატელევიზიო არხსაც ვერ დაბლოკავ.

აქვე: მკაფიოდ გამოჩნდა, რა მთავარი სხვაობაა, მაგალითად, რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებელ დასავლურ ან ოპოზიციურ  ტელე-არხებსა და მარგარიტა სიმონიან - სოფო შევარდნაძის „Russia Today"-ს შორის: რუსეთზე მაუწყებლობს რადიო „თავისუფლების“ ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“, ასევე ოპოზიციური ტელეარხი „დოჟდი“. ამასთან, „სტრიმინგს“ ახორციელებდა რამდენიმე საიტი, რომელიც უცხოურ სერვერებზეა განთავსებული და პუტინი ვერ აკონტროლებს. რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა  ამ მედია-რესურსთა მარგინალიზაციისათვის, ანუ დაბლოკა და ძალიან ცოტა უყურებს, რადგან საკაბელოებზე აკრძალულია, მაგრამ....როგორც კი ქუჩებში, რუსული ჟარგონული ტერმინით, „დვიჟუხა“ დაიწყო, ადამიანებმა მაინც მოახერხეს „მისწვდომოდნენ“ „თავისუფლებასაც“, „დოჟდსაც“ და იმდენი ნამდვილად გამოვარდა ქუჩაში, სერიოზული მანიფესტაცია მოეწყოთ.

აი ამას, „ცუგრუმელა მარგარიტას“ RT დასავლეთში, რამდენიც არ უნდა ეცადოს,  ვერაფრით მოახერხებს მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იქ არ იბლოკება და ბევრად მეტს აქვს საშუალება მას „მისწვდეს“ თუ სურს.  რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა, ხოლო დასავლეთში ენდობიან არჩევნებს, - დასავლური სტაბილურობა ეფუძნება ხელისუფლებათა ცვალებადობას! იქ მთავრობები იცვლებიან! შესაბამისად, „პასიონარულ, აგრესიულ უმცირესობას“ არა აქვს საშუალება, თავს მოახვიოს დინჯ („ობივატელურ“) უმრავლესობას საკუთარი ნება. ამიტომაც არ ხდება დასავლეთში არაფერი მსგავსი ე.წ. „ხავერდოვანი რევოლუციებისა“ - „ვარდების“ თუ ნარინჯის ფერთა - რადგან დემაგოგებსა და პოპულისტებს, პლურალიზმისა და რეალური მრავალპარტიულობის პირობებში, არა აქვთ საშუალება, თაღლითურად და დემაგოგიურად გამოაცხადონ არჩევნები „გაყალბებულად“ და/ანუ „პასიონარული უმცირესობის“ ნება მოახვიონ თავს დინჯ, „არარევოლუციურ“, ცვლილებათა მოშიშ უმრავლესობას მაშინაც კი, როდესაც ეს უმრავლესობა სრულიად პლურალისტურ არჩევანს აკეთებს.

შეგახსენებთ: 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე, ხუთიდან-ოთხმა ამომრჩეველმა ედუარდ შევარდაძისა და მისი პარტისი წინააღმდეგ მისცა ხმა და ეს არჩევანი სრულად აისახა ოფიციალურ სედეგში. ოღონდ ოღონდ.....ასევე ხუთიდან-ოთხმა ამომრჩეველმა ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილისა და მისი რევოლუციური პარტიის წინააღმდეგ. და ესეც აისახა შედეგში. ამ უკანაკნელთ პირველი არჩევანი ძალიან მოეწოანთ, მაგრამ მეორე არჩევანი - არა. სწორედ ეს გახდა იმ „რევოლუციის“ სისტემური მიზეზი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2 ნოემბრის არჩევნების შედეგად, 7 პროცენტიანი (!!!) ბარიერი, პირველად და უკანასკნელად ამ ქვეყნის ისტორიაში, გადალახა ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა და ათმა თუ თორმეტმა პარტიამ. თან ისე, რომ არც ერთ მათგანს ახალ პარლამენტში არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდა.

სწორედ ეს არ მოეწონათ მაშინ ძალაუფლებას ფანატიკურად მოწყურებულ, - ტოტალიტარული, ანტიდემოკრატიული მენტალობისა და „პროექტის“ მატარებელ „რეფორმატორებს“, რადგან პოლიტიკური პლურალიზმი და ახლადდაფუძნებული საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, მრავალპარტიული, პლურალისტური „ვეიმარის რესპუბლიკა“ ხელს შეუშლიდათ რეფორმების განხორციელებასა და ძალაუფლების მოპოვებაში. დაამხეს ხელისუფლება და შექმნეს ფაქტიურად ერთპარტიული პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით. ამით დაიკარგა ის უძვირფასესი მონაპოვარი, როდესაც ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე (პირველად და უკანასკნელად 1990 წლის მერე) არა „სახელისუფლებო ნახირის“ არამედ ღირსეული, მრწმენი მოქალაქის განწყობით, რათა ხმა მიეცა მისთვის სასურველი, მისი განწყობის, მისი ღირებულებების, მისი მისწრაფებების შესაბამისი პოლიტიკური ძალისათვის „ლეიბორისტებიდან“- „ახალ მემარჯვენეებამდე“.

მანამდეც და მას შემდეგაც გვაქვს „საკონსტიტუციო უმრავლესობები“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის მსგავსი  სინდრომი ვითარდება სომხეთში, სადაც ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად და სწრაფად „დაიჟანგა“. შესაბამისად, უპასუხისმგებლო პოპულისტსა და დემაგოგ ვინმე „რიუკზაკიანს“ მიეცა შესაძლებლობა, „დააჩმოროს“ ხელისუფლებაც, პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი მმართველი პარტიაც და მისი ამომრჩეველიც, რომელმაც ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ყბადაღებულ „სტაბილურობას“ ანუ მმართველ „რესპუბლიკურ პარტიას“ მისცა ხმა, თუმცა შედეგად „შაშლიჩნი რევოლუციად“ წოდებული გადატრიალება მიიღო და მოუწევს შეურიგდეს ახალ რეალობას.

პუტინის რუსეთისგან სერჟ სრგსიანის სომხეთის განსხვავება ისაა, რომ პუტინს დემაგოგიური „სათქმელი“ მაინც აქვს - ყირიმის და დონბასის სახით, - სომხეთი კი სრული უპერსპექტივობის ჭაობშია ჩაფლული.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ვარდების რევოლუციის“ ლიდერისა და ერთადერთი (!) შემოქმედის ბოლოდროინდელი მესიჯები აბსოლუტური უტყუარობით მეტყველებს, რომ უკვე ოქტომბერში იგი ემზადება ახალი რევოლუციის ანუ „ვარდები-2“ - ის ორგანიზებისთვის! საკონსტიტუციო უმრავლესობის „ლიდერშიპი“ კი თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს.....„ორჯერ იმავე მდინარეში ვერ შევაო“.

თუმცა ჩლუნგად ვერ ამჩნევენ ძირეულ განსხვავებას 2003 და 2018 წელს შორის: „ორჯერ იმავე მდინარეში“ რომ ვერ შევიდეს მიშა, ამისთვის აუცილებელია, საქართველოს პარლამენტი იყოს არა მარაზმატულად ერთპარტიული, არაპლურალისტური, „სამმეოთხედიანი“ არამედ სწორედაც ისევე პლურალისტური, მრავალპარტიული, როგორიც იყო 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეული „საქართველოს ვეიმარის რესპუბლიკის“ პარლამენტი! აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ შევა მიშა „მეორედ იმავე მდინარში“. თორემ „სამმეოთხედიანი უმრავლესობა“, ყველგან და ყველა დონეზე ტოტალური ერთპარტიული დომინირება, უკვე სულ სხვა რეალობას ქმნის და აძლევს საშუალებას პროფესიონალ დემაგოგ-რევოლუციონერს, უკვე სულ სხვა ნარატივი გამოიყენოს „ოცნების“ ერთპარტიული ხელისუფლების დასამხობად ახალი „ვარდების რევოლუციით“.

მით უმეტეს, რომ საქართველოში ხელისუფლების „ჟანგვა“ კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე რუსეთში და სომხეთში. ერთადერთი საშუალება  ახალი რევოლუციის თავიდან აცილებისა ისა, რომ ხელისუფლებამ დაუშვას ქვეყანაში ნამდვილი პლურალიზმი და მრავალპარტიულობა, ასევე კოალიციური მთავრობა, თუნდაც მთავრობების ხშირი ცვლით, როგორც უნდა იყოს ნამდვილ საპარლამენტო რესპუბლიკაში!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 აბა დავაკვირდეთ რა თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა „სფოუქსფერსონმა“, დეპუტატმა გოგონამ, როდესაც შარშან, ახალი კონსტიტუციის განხილვისას,  რომელიღაც „მეოცნებეს“ წამოსცდა „იქნებ საარჩევნო ბარიერი 2-3%-მდე შევამციროთო“? რა თქვა და „....შევარდნაძის მრავალპარტიული პარლამენტი უნდათ შექმნაო“.

ანუ, ეს კომენტარიც ადასტურებს, რომ სინამდვილეში„ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით საქმე გვაქვს მუსოლინის, პინოჩეტის და ლი ქუან იუს მსგავს მემარჯვენე-ტოტალიტარულ, ანტიპლურალისტურ, ანტიდემოკრატიულ ძალასთან, რომელიც ესწრაფვის მოიპოვოს ისეთივე ერთპიროვნული,  ერთპარტიული ძალაუფლება, როგორიც მოიპოვა „ვარდების რევოლუციად“ წოდებული ანტიდემოკრატიული, ანტიპლურალისტური სახელმწიფო გადატრიალებით.  

ოღონდ, დღევანდელი „მეოცნებე ხელისუფლებისაგან“ იმ განსხვავებით, რასაკვირველია, რომ ისეთ „სისულელეს“ ნამდვილად  არ დაუშვებენ (როგორც 2004 წლიდან არ დაუშვეს) რომ მათი მმართველობის დროს საერთონაციონალური კრიტიკული ტელევიზია არსებობდეს: შეუვარდებიან და ისევე დაარბევენ, როგორც „TV-იმედი“ დაარბიეს 2007 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ საფრთხის თავიდან აცილება იმაზე სულელური აპელირებით „ხალხმა ხომ მართლა ჩვენ მოგვცა ხმა, რადგან სტაბილურობა უნდა და ახალი ომის ეშინიაო“ - არ გამოვა! ერთადერთი გამოსავალია ქვეყანაში პლურალისტური, მრავალპარტიული, კოალიციური საპარლამენტო დემოკრატიის შექმნა ყოველგვარი „ჩრდილოვანი მმართველობების“ გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში, პოპულისტები და „პროგრესულ-რეფორმატორული სინგაპურული ტოტალიტარიზმის“ ადეპტი  დემაგოგები  უკვე ვეღარ შეძლებენ „მდინარეში მეორედ შესვლას“, 2003 წლის გაიძვერული „ტრიუკის“ განმეორებას ანუ  დემოკრატიულად არჩეული პლურალისტური, მრავალპარტიული ხელისუფლების კიდევ ერთხელ დამხობას - ერთპარტიული დიქტატურის დასამყარებლად, როგორც 2003-2004 წლებში მოახერხეს.

ხოლო „ოცნება“ თუ გაჯიუტდება, არ შეამცირებს საარჩევნო ბარიერს, არ დაუშვებს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, პლურალიზმს, ხელისუფლებათა რეალურ გაყოფას და  ამით დაამსგავსებს საკუთარ მმართველობას პუტინის რუსეთს ან სრგსიანის სომხეთს, იგი აუცილებლად (აუცილებლად!!!) დაემხობა ახალი რევოლუციით.

წელს თუ არა, ორი წლის შემდეგ ნამდვილად!

დემოკრატია, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა და კოალიციურობა, რომც ვერ უზრუნველჰყოფდეს სწრაფ განვითარებასა და GDP Gross ზრდის სწრაფ ტემპებს; თუნდაც ძალიან რთული, წინააღმდეგობრივი, შემაწუხებელი, პრობლემური იყოს, მაინც  ერთადერთი „წამალია“ ქართველი პინოჩეტისა და ქართველი მუსოლინის წინააღმდეგ, რათა მან მეორედ ვეღარ  მოაწყოს „მაშხალებით სვლა რომისკენ“ გორი-თბილისის ავტოსტრადაზე ჩართული ავტო-მაშუქების „გაფიარებით“, ანუ ვერ შეძლოს „შესვლა მეორედ იმავე მდინარეში“ და საბოლოოდ განისვენოს ისტორიის წიაღში, სადაც ნამდვილად არის მისი ადგილი.

ნიკა იმნაიშვილი 

ავტორი: . .