ENG / RUS       12+

ვინ იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?

გიორგი მარგველაშვილმა ძალიან უცნაურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია. მით უფრო უცნაურად, რომ NDI-ს ბოლო გამოკითხვით, სწორედ იგი ლიდერობს ამ კამპანიას. ყოველ შემთხვევაში სანამ სხვა ძლიერ მოთამაშეებს არ დაუსახელებიათ საკუთარი კანდიდატები.

ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯერ საქართველოს ისტორიისთვისაც კი (სხვა ქვეყნებზე თუ არაფერს ვიტყვით) მოთხოვნა დააყენა რომ არა საბოლოო სიტყვის უფლება მისცემოდა, არამედ ყველა გამომსვლელისთვის ცალ-ცალკე ეპასუხა, შემდეგ „კარი გაიჯახუნა“. არადა, მარგველაშვილის რეიტინგის საფუძველი მისი „სახელისუფლებო ქარიზმაა“, რომელიც მუდამ თან ახლავს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას. ეს „სოლიდურობისა და პატივისცემის“ რეიტინგია, რომელიც აუცილებლად „ჩამოიშლება“, თუ მომავალმა ამომრჩეველმა მარგველაშვილი აღიქვა არა პრეზიდენტად, არამედ ოპოზიციონერად.

თუმცა, თვით მოქმედ პრეზიდენტს ჯერ არც ერთხელ არ უთქვამს ღიად, რომ აპირებს იყაროს კენჭი ოქტომბრის არჩევნებზე. თუმცა განცხადება პრობლემა არ არის. მთავარია, რისი შანსი ექნება.

პარლამენტში განვითარებულმა ამბებმა აბსოლუტურ ნულამდე დაიყვანა ისედაც მიზერული შანსი, რომ სწორედ გიორგი მარგველაშვილი ქცეულიყო იმ ფიგურად, რომლის გარშემო გაერთიანდებიან მეტ-ნაკლებად სერიოზული და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალები. ამგვარი  საყრდენის გარეშე კი თუნდაც წარმატებული საარჩევნო კამპანიის არანაირი შანსი პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ექნება. ვგულისხმობ კამპანიას, რომელიც შესაძლოა მარცხით დასრულდეს ან არჩევნებში გამარჯვება ვერ უზრუნველჰყოს, მაგრამ თვით კამპანია მაინც საპატივცემულო და ანგარიშგასაწევი, ასე ვთქვათ „დასამახსოვრებელი“ იყოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრად უფრო საინტერესოა, რა ხდება „კლასიკურ“ ოპოზიციურ ფლანგზე. მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოველნაირად ცდილობს, „სჩანდეს“ და „დაფიქსირდეს“, როგორც ერთ-ერთი აქტორი. არა კანდიდატის სტატუსით, რასაკვირველია, მაგრამ პროცესთა აქტიური და ანგარიშგასაწევი მონაწილისა. ამ მიზნით, ამსტერდამში მიიწვია რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საერთო კანდიდატზე შეთანხმება შესთავაზა: ეს არის „მესიჯი“ სხვა, უფრო რეიტინგული პარტიებისადმი, რათა „საერთო კანდიდატის“ თემა პრიორიტეტული გახდეს -  ჩატარდეს პრაიმერიზი და ა.შ.

სააკაშვილისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ „ევროპულ საქართველოს“, რომელსაც სულ მცირე ხნის წინ „ბიძინას მოსყიდულს“ უწოდებდა, ახლა  უკვე შესთავაზა გაერთიანება „საერთო კანდიდატის“ ძიებაში, რაც აბსოლუტურად არარეალურია და მიშამ ეს შესანიშნავად იცის: „ამაზე შემთანხმებლები“ რომ ყოფილიყვნენ, მაშინ საერთოდ არც დაიშლებოდნენ.

თუმცა „საერთო კანდიდატზე“ შეთანხმება, როგორც ჩანს, ვერც სხვებთან მოხერხდება: შარშან, მერის არჩევისას, ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ერთიან კანდიდატზე იმ მოტივით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს დაუჭერდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს („ვინც არ უნდა ყოფილიყო“), რომელიც მეორე ტურში გავიდოდა. არადა, ცხადი იყო, რომ ქართველი ამომრჩევლის მენტალობიდან გამომდინარე, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდა არჩევნებზე და იმ შემთხვევაში მიაღწევდა „მეორე ტურს“, თუ ოპოზიცია „ერთიანი ფრონტით“ გამოვიდოდა პირველივე ტურში. რაკი ეს არ მოხდა, კახი კალაძემ პირველ ტურშივე გაინაღდა 50%- ზე მეტი ხმა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ მხრივ დედაქალაქის მერის არჩევნები „მოდელია“ წლევანდელი საპრეზიდენტო კამპანიისთვის: ვინც არ უნდა დაასახელოს მმართველმა პარტიამ, ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება შანსი მეორე ტურს (მაინც) მიაღწიოს, თუ პირველ ტურში ეყოლება საერთო კანდიდატი,. სხვა შემთხვევაში არავითარი „მეორე ტური“ ამჯერადაც არ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელოს. „ევროპული საქართველო“ - დავით ბაქრაძის ნომინირებას აპირებს. ბაქრაძეს ოპოზიციურ ფიგურებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და თუ წარმოვიდგენთ თეორიულად შესაძლებელ „პრაიმერიზ“-ს, ბაქრაძის შანსები ბევრად მეტია, ვიდრე გრიგოლ ვაშაძისა. მერედა, თეორიულად მაინც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ბაქრაძეს დაუჭიროს მხარი? ეს გამორიცხულია - ამით სააკაშვილი აღიარებს „ევროპული საქართველოს“ უპირატესობას და ბევრად გააძლიერებს ამ პარტიას მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 2020 წელს გაიმართება და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

რეალურად, მიშას მიზანი (რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს და რა შთაბეჭდილებაც არ უნდა შექმნას) სწორედ ისაა, გაინაღდოს „მეორე ადგილი“. ანუ: თუნდაც მეორე ტურის გარეშე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიიღოს მეტი ხმა, ვიდრე დავით ბაქრაძემ. მერის არჩევნებზე ამას მიაღწიეს. სწორედ ეს იქნება, როგორც ჩანს, ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა კი ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაინც „სხვაა“, ვიდრე დედაქალაქის მერისა. საქართველოს რეგიონებში დავით ბაქრაძეს ასე თუ ისე იცნობენ - გრიგოლ ვაშაძეს ან ნებისმიერ სხვა ნაციონალს კი (გარდა სააკაშვილისა) - თითქმის არა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის მიუხედავად, „ნაციონალები“ და „ევროსაქართველო“ მაინც დარჩებიან, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მთავარ ოპონენტებად. სხვა ფლანგებიდან წამოსული კანდიდატები კი მათ ამ მხრივ კონკურენციას ძნელად თუ გაუწევენ. ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი კვლავინდებურად ეგზოტიკური ფიგურები იქნებიან საერთო სპექტრის „გასაზავებლად“.

თეორიულად ისიც შესაძლებელია,  ვინმე „დამოუკიდებელმა - სახალხო კანდიდატმა“ სცადოს ბედი, როგორც ალეკო ელისაშვილმა მერის არჩევნებზე და მეორე ადგილიც დაიკავა, მაგრამ საპრეზიდენტო კამპანიის სპეციფიკა ამასაც თითქმის ნულამდე გამორიცხავს.

რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატს, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა იმ მიზნით ბრუნდება, რათა „მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის“ პოსტი დაიკავოს და სხვა რაიმე  „ექსპერიმენტებს“ ვერ გაბედავენ, მაშინ ყველაზე ლოგიკური, მოხერხებული, კომფორტული კანდიდატია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო: მისი მაღალი „პროფესიული“ (თუნდაც არა პოლიტიკური) რეიტინგით და პოპულარობით, ასევე „სათქმელით“ - „ყველაზე წარმატებულად“ მიჩნეული ჯანდაცვის რეფორმის სახით.

სერგეენკოს ის თვისებაც აქვს ამომრჩეველთა იმ უმრავლესობის თვალში, რომლისთვისაც მომავალი არჩევნები „სტაბილურობის არჩევნებია“, რომ მასზე ამომრჩევლის ამ კატეგორიასაც  1000%-იანი სიზუსტით შეუძლია გააკეთოს ფსონი და დარწმუნებული იყოს, არ შეცდება: ბიძინა ივანიშვილთან რეალური სიახლოვის და ზოგიერთი პირადი მოცემულობის გამო, სერგეენკო ნამდვილად ვერ იქცევა „მეორე მარგველაშვილად“.  

ამრიგად, სტარტზე მდგომი საპრეზიდენტო ხუთეული ასე გამოიყურება: დავით სერგეენკო, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე. და თუ შემოდგომამდე რაიმე კატაკლიზმი არ მოხდა ამ ქვეყანაში, პრეზიდენტი, მისი გვარის მიუხედავად, ისევ „მეოცნებე“ იქნება.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .