თარიღი    დრო

საით მოცოცავს პირსისხლიანი კოკოითი და რას გვიპირებს კრემლი?

საქართველო, თბილისი - 09:38 04.26.2018 2062

რამდენიმე დღის წინ, „სამხრეთ ოსეთის“ ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ ერთი შეხედვით უცნაური განცხადება გააკეთა: „გამოვარდა“ ოსურ მედია-სივრცეში როგორც ჩრდილოეთ, ასევე „სამხრეთ ოსეთში“ და ცხინვალის ამჟამინდელი რეჟიმი დაადანაშაულა......არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში! თურმე ნუ იტყვით, ეს მკვლელობა „პროქართულ ძალებს“ ჩაუდენიათ თბილისიდან დავალებით, რათა მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე „გაეშავებინათ“.

ეს ფანატიკოსი ანტიქართველი, ვისაც იდაყვებამდე სისხლში აქვს ხელები გასვრილი, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი გმირი მეომრის „გულშემატკივარი“, კითხვადაც არ ღირს: ამ არსებას საქართველო, ქართველები  და ყოველივე ქართული ისე  მძვინვარედ სძულს, რომ მხოლოდ მართლა „სასარგებლო იდიოტი“ თუ დაიჯერებს, თითქოს თავად თუ იქნებოდა ხელისუფლებაში, რაიმეს სხვაგვარად გააკეთებდა ან კიდევ უარესს არ ჩაიდენდა.

2008 წლის 13 აგვისტოს სწორედ მან უბრძანა საკუთარ ბანდებს: ლიახვის ხეობის ქართული სოფლები დაწვით, გადაბუგეთ და.......ზედ კიდევ „მარილი მოაყარეთო“.

მაგრამ კოკოითის განცხადება მაინც საყურადღებოა, რადგან საქართველოსთვის ძალიან საშიშ ტენდენციაზე მეტყველებს, რასაც „კოკოითის დაბრუნება“ შეიძლება ვუწოდოთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სანამ ამ პროცესთან დაკავშირებულ რისკებზე ვიტყოდეთ, ერთი საზოგადო უცნაურობაც უნდა აღინიშნოს: უკვე მეოთხედი საუკუნეა,  ქართული საზოგადოება აფხაზეთში, აფხაზეთის გარშემო ან აფხაზეთთან დაკავშირებულ თემებზე ბევრად მწვავედ რეაგირებს ვიდრე იმაზე, რაც ხდებოდა და ხდება ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ.

„მექანიკურად“ გასაგებია, ვინაიდან სოციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აფხაზეთი ბევრად მნიშვნელოვან ტერიტორიად აღიქმება, - იქედან ბევრად მეტი ლტოლვილია, ბოლოს და ბოლოს ულამაზესი მიწა-წყალია და ა.შ და ა.შ.

მაგრამ ეს არათუ მცდარი არამედ ძალიან სახიფათო  განწყობაა, რადგან სინამდვილეში, გეოპოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური, საკომუნიკაციო და უამრავი სხვა ასპექტით „სამხრეთ ოსეთი“ ბევრად მნიშვნელოვანი და „სამკვდრო-სასიცოცხლოა“ ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ესაა ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც ფაქტიურად მდებარეობს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში -  თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრის მანძილზე, თბილისი-ფოთის სასიცოცხლო საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ასევე მაღალი ძაბვის ელექტროხაზებიდან ერთი გასროლის მანძილზე და ა.შ.

რამდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს აფხაზეთი, იქედან, წმინდად ლოგისტიკური და სხვა მრავალი თვალსაზრისით ესოდენ „სამკვდრო-სასიცოცხლო“ მყისიერი რისკები არ არსებობს, რაც მთელი საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოებრივ ფუნქციონირებას შეუქმნიდა საფრთხეს. „სამხრეთ ოსეთი“ კი ნაღმია, რომლის აფეთქებამ შესაძლოა სრულიად მოსპოს საქართველოს სახელმწიფო - სულ 15 წუთის განმავლობაში, ერთი სატანკო შენაერთით გადაკეტოს ავტომაგისტრალი,  გაწყვიტოს ქვეყანა შუაგულში და წერტილი დაუსვას თვით ქართულ სახელმწიფოებრიობას, რადგან ხსენებული კომუნიკაციების გარეშე ჩვენ უბრალოდ ვერ ვიარსებებთ როგორც ერთიანი ერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს, ედუარდ კოკოითიმ ღიად განაცხადა, რომ მისი სამხედრო ფორმირებების მიზანია.......დაუბრუნოს „სამხრეთ ოსეთს“ ისტორიული მიწა-წყალი: თრუსოს ხეობა, ყაზბეგის რაიონი (ხევი მთლიანად) და „თრიალეთის ოსეთი“ ანუ საქართველოს შუაგული ტერიტორია.

შემდეგ ინტერვიუში კოკოითი ამბობდა, რომ საგანგებო რაზმიც შექმნა, უკვე მზად იყო ეს რაზმი „ისტორიული მისიის აღსასრულებლად“ გაეშვა, მაგრამ მოსკოვიდან ურჩიეს, ასე არ მოქცეულიყო და დაკმაყოფილებულიყო (იმჟამად) ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიით.

ოღონდ აქვე ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეს ტერიტორიაც ზოგ მონაკვეთზე იმდენად ახლოს მოდის „თბილისი-ფოთის“ ავტობანთან, რომ თუ იქ ოსი და რუსი ე.წ. „მესაზღვრეები“ გამოჩნდნენ, ახალი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა დაგვჭირდება.

მოსკოვმა ამ ფანატიკოს ანტიქართველსა და „მინიიმპერიალისტს“ მაშინ რადიკალური ქმედებები მხოლოდ იმიტომ დაუშალა, რომ იმჟამად დასავლეთთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მეტი გამწვავებისა მოერიდა. უფრო ზუსტად, არ იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოს შუაზე გაწყვეტას მაშინ, როცა ეს შეეხებოდა არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს, თურქეთს, სომხეთს, ევროკავშირს და ა.შ.

ამიტომ, კოკოითი „რეზერვში“ გადაისროლეს და არ მისცეს საშუალება, კვლავ ეყარა კენჭი „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა რეგიონშიც და მსოფლიოშიც: სამწუხაროდ, მოსკოვს, „შერჩა“ ჯერ-ჯერობით ყირიმი, დონბასი, სირია, ხოლო დასავლეთი შემოიფარგლა მეტ-ნაკლებად სიმბოლური სანქციებით.

ედუარდ კოკოითი და მისი გუნდი, რომელიც 2008 წლის შემდეგ მოსკოვმა დროებით ჩამოაშორა ხელისუფლებას,  ყურადღებით აკვირდებაოდა მოვლენებს და სწორედ ახლა გადაწყვიტა კვლავ „შესთავაზოს საკუთარი თავი“, საკუთარი „მინი-იმპერიალისტური პროექტი“ კრემლს!

დავაკვირდეთ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს: განსხვავებით „სამხრეთ ოსეთის“ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისგან, ედუარდ კოკოითი სულაც არ მოითხოვს დღესვე „სამხრეთ ოსეთისა“ და „ჩრდილო ოსეთის“ გაერთიანებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ის ვითომდაც „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის მომხრეა.

რატომ? იმიტომ, რომ თუ „სამხრეთ ოსეთი“ ახლავე შევა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ „თრიალეთის ოსეთის“, თრუსოს ხეობის და ყაზბეგის დაპყრობის ოპერაცია უკვე პირდაპირ მოსკოვის სამხედრო ოპერაცია იქნება და კრემლი დემაგოგიურად ვერ იტყვის: „ჩვენ რა შუაში ვართ - ეს ხომ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს- საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის პრობლემააო“.

დემაგოგია იქნება, ცხადია, მაგრამ ასეთი ფლიდი „სათქმელი“ ნამდვილად ექნებათ.

ამიტომ კოკოითი და ის გუნდი, ვინც მის „მინი-იმპერიალისტურ“ პროექტს იზიარებს, ამ ეტაპზე არ აპირებს რუსეთთან შეერთებას - ჯერ გეგმავს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობას, ამით საქართველოს სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტას და მხოლოდ ამის შემდეგ, „ერთიანი დიდი ოსეთის“ შესვლას (ვლადიკავკაზიდან - ბორჯომამდე და ბაკურიანამდე) რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ასეთია მათი გეგმა და შემთხვევითი არც ისაა, რომ კოკოითი „ბუნაგიდან“ სწორედ  მაშინ გამოძვრა, როცა ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების გამო, პენტაგონმა შესაძლოა კვლავ სცადოს „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ გააქტიურება ავღანეთში სამხედრო ტვირთების გადასატანად.

რამდენიმე დღის წინ, ყაზახეთმა საბოლოოდ დართო ნება ამერიკას, გამოიყენოს აქტაუს პორტი (კასპიის ზღვაზე) სამხედრო ტვირთების გადასაზიდად ავღანეთისკენ. ნურსულთან ნაზარბაევის ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვში საშინელი რეაქცია გამოიწვია, თუმცა არ იმჩნევენ.

ყაზახეთის  ნაბიჯმა კრემლს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ თუ იგი არ მიიღებს ზომებს შავი ზღვა -საქართველო - აზერბაიჯანი - კასპიის ზღვა - ყაზახეთის დერეფნის „გასაგლეჯად“, მაშინ ეს დერეფანი მას, ახლო მომავალში, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის. „კოლექტიური კოკოითი“ ამას გრძნობს და ცდილობს ვითარება „ოსური ნაციონალიზმის“ ინტერესებში გამოიყენოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ საშიშ ვითარებაში საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით დიპლომატიას, უდიდესი სიფრთხილე და პროფესიონალიზმი მართებს.

ჯერ ერთი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მოსკოვს საშუალება, გადაიყვანოს პრობლემა ქართულ-რუსული დისკურსიდან  ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ დისკურსში. ეს ყველაზე საშიში და წამგებიანი „ტრანსფორმაცია“ იქნებოდა, რომლითაც კრემლი მომავალ „პროქსი-აგრესიას“ „გააპრავებს“.

მეორე:  ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ სხვა რეგიონული მოთამაშეების (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, იგივე ცენტრალური აზია) დაინტერესება ჩვენი „დერეფნით“ და......გავაფრთხილოთ  მკაცრად, რომ საქართველოს გარეშე ამ დერეფნის გამოყენებას, ანუსეპარატულ შეთანხმებებსმოსკოვთან, ვლადიკავკაზთან და ცხინვალთან ისინი ვერ შეძლებენ, რადგან თუ სხვა გზა არ იქნა, ვიბრძოლებთ ბოლომდე!!!

 ქვეყნის ასე გახლეჩას, რომ თბილისი-გორის ავტომაგისტრალის გამოსაყენებლად ანკარა ან ბაქო მოსკოვს უთანხმდებოდეს (როგორც 2008 წლის 12 აგვისტოდან - 20 სექტემბრამდე ხდებოდა და ეს ცოტამ თუ იცის), მართლა ყველაფერი სჯობს და მაშინ აღარაფერს აზრი აღარ აქვს!

მესამე: ამ სასიცოცხლო საფრთხის შესახებ ყველა დონეზე, ყველგან, ღიადაც და კულუარულადაც უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი პარტნიორები; უნდა ჩავატაროთ საქართველოში კიდევ უფრო მეტი სამხედრო წვრთნა ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობით; უნდა გავაგზავნოთ კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი ავღანეთში - ჩვენი „მოკავშირის“ სტატუსის განსამტკიცებლად, რაც მორალურ, შესაბამისად პოლიტიკურ ვალდებულებებს უქმნით დასავლელ პარტნიორებს; კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ „ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრების“ შესახებ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ალტერნატიული გზა, რასაც პრორუსული ძალები გვთავაზობენ, რომ გამოვაცხადოთ კაპიტულაცია, „მოვურიგდეთ მოსკოვს“, უარი ვთქვათ „ნატო“-ზე და შევიდეთ „ევრაზიულ კავშირში“, ამ საფრთხეებს არათუ შეამცირებს, არამედ გაზრდის კიდეც, რადგან მოსკოვი, გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველოს უკვე აღარ ენდობა: მან იცის, რომ  საქართველოს სახელმწიფო სისტემურად, ისტორიულად, იმმანენტურად მისდამი ლოიალური უკვე აღარასოდეს იქნება რა ტაქტიკური გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კონკრეტულმა ხელისუფლებამ დღევანდელი, მყისიერის საფრთხეებიდან გამომდინარე.

ამიტომ, მოსკოვთან „დაზავებას“ კრემლი აუცილებლად გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის „კონფიგურაციის“ ისე შესაცვლელად (სამუდამოდ), რომ საქართველოს ფუნქციონირება და საერთოდ არსებობაც კი, როგორც ერთიანი სივრცისა, მხოლოდ მის კეთილ  ნებაზე იყოს  სამარადჟამოდ დამოკიდებული.

ნიკა იმნაიშვილი

 

 

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%