თარიღი    დრო

„დაბრუნდება“ თუ არა მიშა და როდის?

საქართველო, თბილისი - 09:30 04.23.2018 1509

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად არ დაუსახელებია და არც პრეზენტაცია გაუმართავს, თუმცა საპრეზიდენტო კამპანია უკვე წამოიწყო: მიმდინარეობს იმ თემის ვითომ „გაჟონვა“ და შემდეგ „გაპიარება“, რომ მიხეილ სააკაშვილი „აპირებს დაბრუნდეს საქართველოში“ არჩევნების წინ, არჩევნების დროს, უმალ არჩევნების შემდეგ, ხვალ-ზეგ......და ა.შ.

„მიშას დაბრუნების“ თემა ახალი არ არის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, სწორედ ამან გამოიწვია განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაკი  პარტიის ლიდერშიპმა ჩათვალა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მეტისმეტად აქტიურად ერეოდა საარჩევნო კამპანიაში, აანონსებდა „დაბრუნებას“, ამით აშინებდა ზომიერ ამომრჩეველს, ვისაც „ოცნება“ არ მოსწონს, თუმცა „მიშას დაბრუნების“ ეშინია და აიძულებდა „შუაშისტებს“ შეკავშირებულიყვნენ მმართველი პარტიის გარშემო.

რეალურად ძალიან ძნელი „გასაზომია“ რა როგორ მოხდებოდა, სააკაშვილი საერთოდაც რომ არ ჩარეულიყო იმ საარჩევნო კამპანიაში და ირაკლი ჩარკვიანის „გადმოვცურავ ზღვას“  აკომპანემენტით არ შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნების მეორე დღესვე მართლა „გადმოსცურავდა“ იმ ზღვას ოდესიდან ბორანით.

თუმცა, საარჩევნო უბნები ჯერ დაკეტილიც არ იყო, მატვეი განაპოლსკისთან ინტერვიუში განაცხადა: „როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მე უკრაინას არ დავტოვებო“. ბუნებრივია, საქართველოში „დაბრუნება“ (როგორც ესმოდათ და როგორც აღიქვამდნენ მისი მომხრეები) „უკრაინის დატოვების“ გარეშე ვერანაირად ვერ გამოვიდოდა...... რასაც შემდეგ მოჰყვა შოთა უტიაშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკული პოსტები, გიგი უგულავას „წერილი ციხიდან“ და პარტიის დაშლა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვიმეორებ: ძალიან ძნელი დასადგენია, რა როგორ მოხდებოდა, როგორ გადანაწილდებოდა „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის ხმები (საქართველოში ტრადიციულად მრავალრიცხოვანი კატეგორიაა), მაგრამ ერთი რამ სრულიად უდავოა: „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლოა მაინც მიეღო ხმების ის ოდენობა, რაც მიიღო, ოღონდ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ვერ მოიგებდა ისეთი კოლოსალური უპირატესობით, როგორც მოიგო: „მიშას ფაქტორმა“ და მისი „დაბრუნების“ დაანონსებამ „ობივატელი-ამომრჩევლის“ დიდი ნაწილი მართლაც დააშინა.

სააკაშვილს, რასაკვირველია, პარტიის ელიტა  ამის თაობაზე აფრთხილებდა, მაგრამ არ შეისმინა. ისევე, როგორც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პარტიის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ვინმეს არჩევას.  აქ მიზეზი „უკრაინული“ უფრო იყო, ვიდრე „ქართული“: მიშას მტრები კიევში აუცილებლად „გააფიარებდნენ“ მის წინააღმდეგ: „დიდი ქართველი რეფორმატორი“, მისივე თანაპარტიელებმა, პარტიიდან გარიცხესო....“ სწორედ ასეთი ინტერპრეტაცია მიეცემოდა ამას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ხდება დღეს? ზოგადად, „მიშას დაბრუნების“ თემას ერთი უცნაურობა სდევს თან, თუ შევადარებთ ისევ და ისევ „უკრაინულ“ და „ქართულ“ მიმართულებას ამ დაუდგრომელი პოლიტიკოსის მოღვაწეობისა: უკრაინაში თავად დაბრუნდა მიუხედავად იმისა, უკვე მაშინ იცოდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებდნენ და შესაძლოა დაეპატიმრებინათ; დღესაც ამბობს „თვითონ გამოვცხადდები“ კიევის სასამართლოში, დამკითხონ, დამაპატიმრონო და ნამდვილად არ ტყუის. საქართველოში კი ასე არ იქცევა: რა უშლის ხელს, უბრალოდ აიღოს თვითმფრინავის ბილეთი, ჩამოფრინდეს და თუნდაც ჩაჯდეს ციხეში?

ცხადია, ხელისუფლება, თუნდაც დასავლეთის ზეწოლით, ყველანაირად ეცდება ციხეში კომფორტი შეუქმნას და მისი თავიდან თმის ღერიც არ დავადრეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ მოახერხებენ მის დაპატიმრებას და ციხეში ჩამსმას.

მაგრამ საქმე ისაა, რომ „ქართულ სიუჟეტს“ - „უკრაინულისგან“ ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი განასხვავებს: უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაში მიშა არასდროს ყოფილა, საქართველოში კი პრეზიდენტი იყო! შესაბამისად, საქართველოში მისი მტრები არა მხოლოდ ხელისუფალნი არიან, არამედ ექს-პრეზიდენტის  მმართველობისას განაწყენებული, გაავებული, გამწარებული სოციალური თუ საზოგადოებრივი ჯგუფებიც.

ამის გათვალისწინებით მიშა, როგორც „პოლიტიკური არსება“, მოქმედებს სიტუაციურად: წელს, ისევე როგორც შარშანწინ, შექმნის იმგვარ შთაბეჭდილებას (!), თითქოს მისი ჩამოსვლა გადაწყვეტილია და მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობაზეა დამოკიდებული; ოღონდ ამას პირდაპირ არ იტყვის და ვერც შეედავები: 2016 წელსაც არ უთქვამს და ერთ ციტატას ვერ მიაგნებთ მაშინაც ეთქვას: „არიქა ვბრუნდებიო“.  „შთაბეჭდილებას“ კი ქმნიდა...თანაც ოსტატურად, მაგრამ ეს მაინც სხვაა. ახლაც შექმნის იგივე შთაბეჭდილებას მოკავშირე, ძალიან ნიჭიერი ტელევიზიის მეშვეობით, მაგრამ პირდაპირ არ იტყვის.

დღესაც და მაშინაც უცთომელი გათვლა იმაზეა, რომ მასას აქვს  მოკლე მეხსიერება და არავინ არაფერს „წამოაძახებს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არ არის გამორიცხული, საარჩევნოდ სარფში ჩამოვიდეს კვლავ, იქ თათბირი მოაწყოს, ან ირაკლი ოქრუაშვილივით  (2011წ) იყიდოს ავიაბილეთი და მისი ფოტოები „ქსელში“  გამოაქვეყნოს.....მაგრამ რაც შეეხება რეალურ დაბრუნებას, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად „მოფამფალდება“ ხელისუფლება!

 თუ მმართველ პარტიაში დაპირისპირება და ქაოსი გაღრმავდა (რასაც მიშა ოსტატურად „პროდუცირებს“ იმავე „მოკავშირე ტელევიზიის“ მეშვეობით), თუ ხელისუფლება იმდენად დასუსტდა, რომ ძალოვანი უწყებების და ბიუროკრატიის საშუალედო რგოლის წარმომადგენლებიც „დაეჭვდნენ“ როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, სულაც არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა ეს ბოლო კოზირი გამოიყენოს და საქართველოში დაბრუნდეს უშუალოდ არჩევნების წინ, თუკი ეს არჩევნები „რევოლუციური სცენარით“ წარიმართება!

  „გააჩნია რა შემთხვევაში“ - სააკაშვილის სლოგანია. ისევე, როგორც ნებისმიერი დაუდგრომელი პოლიტიკოსისა. ნამდვილად ნიჭიერი პოლიტიკოსი მხოლოდ ისაა, ვისაც აქვს „წინასწარჭვრეტის“ (To predict) უნარი, მაგრამ თავად ახერხებს მუდამ Unpredictable იყოს სხვებისთვის.

ნიკა იმნაიშვილი

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%