კორეის ეროვნულ დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა გაყინავს ბირთვულ გამოცდებს და ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების გაშვებას. ასევე ხურავს ბირთვულ პოლიგონს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანს უკვე აღარ ესაჭიროება ასეთი გამოცდების ჩატარება, რადგან ქვეყანამ დაასრულა ბირთვული იარაღის წარმოება.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზანია კორეის ნახევარკუნძულზე ეკონომიკური უზრუნველყოფის ზრდა.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარასკევს კორეის მმართველი შრომის პარტიის ცენტრტალური კომიტეტის სხდომაზე. ის ძალაში 21 აპრილს შევა.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა პირობას იძლევა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი მისთვის არ იქნება საფრთხე და ეთანხმება, რომ არანაირ პირობებში არ გადასცეს ბირთვული ტექნოლოგია სხვა ქვეყანას.
„ეს ძალიან კარგი ამბავია ჩრდილოეთ კორეისთვის და მთელი მსოფლიოსთვის - დიდი პროგრესი. მოუთმენლად ველოდები ჩვენს სამიტს“ - წერს თავის twitter-ზე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, მარტში დონალდ ტრამპმა ყველასგან მოულოდენელად განაცხადა, რომ მიიღო ფხენიანის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ აქამდე არცერთი მოქმედი ამერიკის პრეზიდენტი არ შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს.
მან თქვა, რომ სამიტი ჩატარდება ივნისის თვეში ან შესაძლოა ცოტა ადრეც. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა მაისში დაიგეგმა.