თარიღი    დრო

ქართული ფაროსანა და აფხაზური Мраморный клоп

საქართველო, თბილისი - 10:16 04.02.2018 1384

აფხაზეთში დიდი აურზაური და შეშფოთებაა. Россельхознадзор-მა „მოულოდნელად“ აკრძალა ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო იმპორტი აფხაზეთიდან. საბაბად გამოდგა ფაროსანას შემოსევა, რომელსაც რუსეთში და აფხაზეთში უწოდებენ   Мраморный клоп.

ეს იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და იმდენად გამანადგურებელია სეპარატისტული წარმონაქმნისთვის, რომ თუ შენარჩუნდა, რეგიონში ძალიან სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ: თვით სოხუმის რეჟიმის ყოფნა-არყოფნამდეც კი.

პირველი „ოფიციალური პირი“, ვინც ამ თემაზე განცხადება გააკეთა სოხუმში, იყო აფხაზეთის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარე, ბესლან ცვინარია. „ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტის 100 ბლოკირებულიაო“.

ბუნებრივია, ბლოკირებული იქნება, რადგან აფხაზეთი „ჯერ-ჯერობით“ ვერ ამზადებს მობილურ ტელეფონებს, ქროსოვერებს, კოსმოსურ თანამგზავრებს....ამიტომ, მაცოცხლებელ რუსულ ბაზარზე შეაქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამით საზრდოობს მოსახლეობა და ამ ექსპორტით უდგათ სული - გარდა მოსკოვის ყოველწლიური „ფინანსური დახმარებისა“.

ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ეს „დახმარება“ არ არის ე.წ. „ქეში“ ანუ „ცოცხალი ფული“: რუსეთი თავად წყვეტს, რა ობიექტები უნდა ააშენოს, თავად აგზავნის მშენებლებს,  მაგრამ აშენებს......საცურაო აუზისა და საკონცერტო დარბაზის მსგავს ობიექტებს, რომლებიც უსარგებლობის გამო სულ მალე ლპება. ამიტომაც, თუკი რამ მოქმედებს უშუალოდ მოსახლეობის (და არა ჩინოვნიკების-მათი „ატკატებით“) კეთილდღეობაზე, სწორედ რუსეთში ციტრუსების თუ სხვა პროდუქციის ექსპორტია.

აფხაზეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ასლან კობახია აღშფოთებას ვერ მალავს: „რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისთვის ბლოკადის გამოცხადების ტოლფასიაო“.

რა თქმა უნდა „ტოლფასია“. თან პოლიტიკური მოტივი აბსოლუტურად ცხადია: ყველამ ვიცით, რომ „ფაროსანა“ საქართველოშიც უდიდეს პრობლემად იქცა, მაგრამ მოსკოვი ამის გამო ქართული პროდუქციის აკრძალვას არ ჩქარობს. იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით პოლიტიკურად ასე სჭირდება!

ეს „ორმაგი სტანდარტი“ სოხუმშიც შენიშნეს და „გაბუტულად“ საყვედურობენ (ოღონდ ჯერ ხმადაბლა) რუს მეგობრებს: „მაშინ საქართველოდან იმპორტსაც რატომ არ ბლოკავთო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ბევრად საინტერესო იქნებოდა სხვა კითხვა: მაინც რატომ მიიღო მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც (ვიმეორებ) თუ დროში გაგრძელდა, აფხაზეთისთვის სრულ კატასტროფას ნიშნავს?

პასუხი ნათელია: იმიტომ, რომ სეპარატისტულმა რეჟიმმა, ვისაც რატომღაც მიაჩნია, მოსკოვისა არაფერი მართებს, დაიწყო აფხაზეთის მოსახლეობის ხელახალი „პასპორტიზაცია“, ანუ ძველი პასპორტების ახლით ჩანაცვლება. და მოსკოვში „განცვიფრებით“ აღმოაჩინეს, რომ თურმე, ამ „ახალ პასპორტებს“ (მაშასადამე აფხაზეთის მოქალაქეობას) არა მხოლოდ გალელ ქართველებს ართმევენ, არამედ.....რუსების უდიდეს ნაწილსაც!

 ბინებიდან რომ გამოყარეს რუსები და არ უკანონებდნენ ქონებას, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ პასპორტების, ესე იგი აფხაზეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, საბოლოოდ კი ამ პასპორტების მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებზე და ყანჯი ოღლის მსგავს „მოჰაჯირთა“ შთამომავლებზე დარიგება, იმ დონის „ნაგლობაა“, რუსეთში ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს სეპარატისტები დაესაჯათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, ხაჯიმბას რეჟიმს სულ სამი გზა აქვს: ან შეასრულოს მოსკოვის რამდენიმე ულტიმატუმი, მათ შორის „პასპორტების“ და რუსებისთვის ბინების  დაკანონების, ასევე ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის  მოთხოვნა, რაც მის დამხობას გამოიწვევს; ან გაჯიუტდეს და აფხაზეთი საბოლოოდ გადაისროლოს ქვის ხანაში - ნატურალური მეურნეობით, რაც ასევე ადრე თუ გვიან მის დამხობას ნიშნავს; ან....აი მესამე შესაძლებლობა ჩვენთვის ყველაზე საფრთხილოა: .....ან გამოიყენოს საქართველოში ტრადიციულად მრავალრიცხოვან „სასარგებლო იდიოტთა“ არმია, რათა ჩვენს ხარჯზე (თანაც რაიმე დათმობის გარეშე) გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები:

მიშას დროს, მოსკოვმა, ასეთივე მოტივით, ერთხელ უკვე ჩაკეტა საზღვარი აფხაზური მანდარინებისთვის. ავადსახსენებელმა გენადი ონიშჩენკომ მაშინაც მოიმიზეზა რაღაც მავნებლის მომრავლება; თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო. რაც შეეხება რეალურ მიზეზს:  აფხაზეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა უარი განუცხადა პუტინს, გადაეცა მისთვის „მიუსერას“ ზღაპრული აგარაკი. ეს აგარაკი 1987 წელს ააშენეს მიხეილ გორბაჩოვისთვის. იქ ზღვიდან კატარღით შესვლა ისეა შესაძლებელი, „ადგილობრივ მთავრობას“ არც შეატყობინებდნენ. უბრალოდ, რუსეთის იმპერატორს კიდევ ერთი ზღაპრული აგარაკი ექნებოდა.

უარმა პუტინი გაანაწყენა და „საპასუხო ზომებმაც“ არ დააყოვნა: მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან აიკრძალა.

და როგორ მოიქცა ამ დროს ქართველი „სასარგებლო იდიოტი“, რომელსაც  მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა მთავრობაში? გამოვიდა ტელევიზიით და მთელი მსოფლიოს, მთელი რუსეთის გასაგონად იბღავლა: „ძვირფასო აფხაზო ძმებო, ჩვენ ვიყიდით რუსეთის ჯინაზე მანდარინის მთელს მოსავალსო“.

დაუყოვნებლივ დაიგეგმა აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“, სერგეი შამბას „ოფიციალური ვიზიტი“ თბილისში.  მოლაპარაკებებზე აფხაზებმა ყველა კომპრომისული წინადადება უარყვეს. მათ შორის გალის სკოლებში ქართულად სწავლის შენარჩუნებაზე.

 სამაგიეროდ, ზემოთხსენებული „სასარგებლო იდიოტის“ განცხადებამ და შამბას ვიზიტმა, რუსეთში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია (ასეც ჰქონდა შამბას დაგეგმილი) და პუტინის ადმინისტრაცია აკრიტიკეს: „ჩვენს მოსისხლე მტერ ქართველებს რატომ ვახარებთ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია „მიუსერას“, ნუთუ გვინდა ნატოს ჯარები ფსოუზე განლაგდესო....“

დემაგოგიამ შედეგი გამოიღო და „მანდარინის ემბარგოც“ მალე  მოიხსნა. ისე, რომ არც მოსკოვთან წასულან რაიმე დათმობაზე. მიუსერა აფხაზეთის საკუთრებაში დარჩა და უიმედოდ ლპება, - როგორც ყოველთვის და ყველაფერი.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სეპარატისტები რაღაც მსგავს „ტექნოლოგიას“ მიმართავენ ახლაც: ანუ ქართველ „სასარგებლო იდიოტებს“ აალაპარაკებენ, რომ გაჭირვების ჟამს, რუსეთის ჯინაზე უნდა დავეხმაროთ „ძმებს“, ჩვენ ვიყიდოთ მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გადავუწყვიტოთ პრობლემები, თან ისე, რომ საპასუხოდ არაფერი მოვთხოვოთ. აბა ძმებს როგორ შეიძლება მოთხოვნები წაუყენო?

შედეგად, სეპარატისტები ამ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ისევ „გააპიარებენ“ მოსკოვის ქართველოფობიურ საზოგადოებაში და კვლავ მიაღწევენ შედეგს: „ოღონდ ქართველების ჯინაზე....და ჯანდაბას პასპორტები!“

ნიკა იმნაიშვილი

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%