ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩატარდეს სათანადო გამოძიება იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
„დღეს ყველანი უნდა ვიყოთ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. ამის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორე მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსგავსი ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია მოხდეს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”, - განაცხადა ციხელაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს ყოფილმა-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.