თარიღი    დრო

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველო, თბილისი - 17:41 03.22.2018 404

ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებაზე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს დღეს საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განვლილი სამი წლის განმავლობაში, საქართველომ და ბელარუსმა არაერთ წარმატებას მაღწია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით და ერთობლივად განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დადებითად აისახა ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ მაჩვენებელზე.

"დღეს ჩვენი პარტნიორობა ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება და ჩვენს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები დღითიდღე ღრმავდება.

ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლებთან შედარებით 24%-ით, ხოლო ტურიზმის მაჩვენებელი კი 29% -ით გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ხელს შეუწყობს ამ დარგებში თანამშრომლობის განვითარებას და დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული შეთანხმებებიდან განსაკუთრებით გამოყო შეთანხმება ქვეყნებს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც, მისი განცხადებით, კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს. ეროვნულ ბანკებს, საპარტნიორო ფონდსა და ბელარუსის ბანკს შორის დადებული შეთანხმებები კი, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს სურს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეები გაუზიაროს პარტნიორებს. დელეგაციებმა იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რასაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება იძლევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო - ბელორუსის ურთიერთობა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური სივრცის წარმომადგენელი ქვეყნების ურთიერთობის, წარმატებული მაგალითია.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველო-ბელარუსის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი მურთაზ კიკორია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%