„ევროპული საქართველო“ ქალების სექსუალური შევიწროების და მათზე ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.
პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან თანამშრომლობისთვის.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ქალების შევიწროებისა და მათზე ძალადობის შემაშფოთებელი ისტორიები. პირველ რიგში, იმ ქალებს ვეხმიანებით, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს და შევიწროების საკუთარი გამოცდილებები გაახმიანეს. მათი სიმტკიცე დასაფასებელია, ხოლო მაგალითი მისაბაძი.
სამწუხაროდ, პოლიტიკურ და საჯარო დებატში ნაკლებადაა განხილული ის პრობლემები, რომლის წინაშეც ქალები დგანან. ქალები არ არიან პოლიტიკაში საკმარისად წარმოდგენილები. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა პარტიული დემოკრატიისა და კონკურენციის განვითარება, რომელიც მხოლოდ მერიტოკრატიაზე იქნება დაფუძნებული, ამ მიმართულებით ყველაზე მეტ და ძირეულ ცვლილებას მოიტანს.
სახელმწიფო ქალებს ხშირად დაუცველსა და მარტოს ტოვებს მოძალადის პირისპირ. ამაზე ოჯახური ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკაც მეტყველებს. პოლიციელებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა პირნათლად უნდა დაიწყონ საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო სახელმწიფოს პრიორიტეტი ძალადობის აღმოფხვრა უნდა გახდეს. ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან კანონი ეფექტურ ინსტრუმენტს იძლევა მოძალადის დასასჯელად.
ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ დასახვეწია კანონმდებლობაც, რათა მოძალადეს ხელიდან გამოეცალოს ის ბერკეტები, რითაც შეიძლება პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან.
ჩვენ მზად ვართ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია განცხადებაში.