თარიღი    დრო

შემაძრწუნებელი "Новичок" ნისლიან ალბიონზე

საქართველო, თბილისი - 10:43 03.15.2018 1874

ოთხშაბათს,  მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გამოსვლას პარლამენტის თემთა პალატაში. პრემიერს უნდა დაესახელებინა ზომები, რასაც მისი უდიდებულესობის მთავრობა გაატარებს რუსეთის წინააღმდეგ - სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო.

თავის მხრივ, ქალბატონი მეი სამშაბათს დღის ბოლომდე ელოდა  პასუხს მოსკოვიდან: წინა დილით გაჟღერებული ულტიმატუმის შესაბამისად, კრემლს უნდა აეხსნა, როგორ მოხვდა ბრიტანეთის კუნძულებზე საზარელი „დამბლადამცემი“ ნივთიერება. და რაკი პასუხი ვერ მიიღო, სანქციებიც ჩამოთვალა  -  23 რუსი დიპლომატის გაძევება; მაღალ დონეზე (იგულისხმება საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელობა და სხვა მინისტრები) კონტაქტების შეწყვეტა; რუსული დიპლომატიის გაქნილი მესვეურის, სერგეი ლავროვის ვიზიტის გაუქმება ლონდონში; საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალური დელეგაციის გაგზავნაზე უარის თქმა; ვიზათა გაცემის გამკაცრება და უფრო გულდასმითი კონტროლი საზღვარზე რუსი მოქალაქეების გადმოსვლისას. მათ შორის, კერძო თვითმფრინავების მეტი ყურადღებით ჩხრეკა. ეს ბოლო ნაბიჯი უეჭველად იმას ნიშნავს, რომ პირველადი ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერება კერძო თვითმფრინავით შეიტანეს ინგლისში.

ბევრი უფრო მკაცრ ზომებს ელოდა:  მეის მთავრობამ ვერ გაბედა ელჩის გამოწვევა მოსკოვიდან, რაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასი იქნებოდა; არ გამოუცხადა ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს; არ დააპატიმრა რუს ოლიგარქთა აქტივები და არ დასვა საკითხი საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვის თაობაზე.

ამგვარი „სიფრთხილის“ მიზეზი სისტემურია, ხოლო ბრიტანეთი, როგორც ძალიან სოლიდური, უდიდესი სახელმწიფოებრივი გამოცდილების ქვეყანა, სწორედ ასე,  „სისტემურად“ იმოქმედებდა. მიზეზი ის კი არაა, თითქოს ლონდონს მოსკოვის „ეშინია“, არამედ პოლიტიკის მრისხანე კანონი: რეაქცია უნდა იყოს ზიანის თანაზომადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი პრევენციის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

მარტივად ავხსნათ საუკუნეობით ნაცადი  ეს პოლიტიკური პრინციპი: რუსულმა სპეცსამსახურებმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსები, მათ შორის ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი მოწამლეს. აშკარაა, რომ თვით ბრიტანეთის მოქალაქეთა მკვლელობას (ჯერ-ჯერობით) მიზნად არ ისახავდნენ. თუ ამის პასუხად ინგლისი ყველა შესაძლო ზომას გამოიყენებდა, მაშინ...... ერთ საშინელ დღეს პუტინი რომ მთლად გაგიჟდეს და ლონდონში, „ოქსფორდ სირქუსის“ მეტროს სადგურში, იმავე გაზით მასობრივად დაწამლოს უკვე ბრიტანეთის მოქალაქეები, ჩვეულებრივი ინგლისელები, რითიღა უპასუხონ - ბირთვული ბომბები დაუშინონ მოსკოვსა და პეტერბურგს?

ქალბატონი მეი აშკარად ისე იყო გააფთრებული ამ თავხედობის გამო, „რამე რომ იყოს“ და შესაძლებელი ყოფილიყო, ყველაფერს მოიმოქმედებდა, მაგრამ ის ხომ ინგლისელია - უდიდესი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და კულტურის მატარებელი! ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკის კანონთა მიხედვით (მათ შორის „რეაქციის თანაზომადობის“ პრინციპით) იმოქმედებდა. უფრო მკაცრ ზომებს კი სამომავლოდ შემოინახავდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება თვით ინციდენტს: პატარა ქალაქ სოლსბერიში მოქალაქეებმა აღმოაჩინეს ყოფილი „ორმაგი აგენტი“ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. ისინი უძრავად ისხდნენ სკამზე - გაშეშებული თვალებით. დღემდე კომაში - სიკვდილის პირას ან კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებიან.

ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა ბრიტანული არმიის „ქიმიური“ შენაერთი. მისმა  სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს, ხოლო მოსაწამლად გამოყენებულია ნივთიერება Новичок.

ეს არის საზარელი იარაღი, რომელსაც, მასობრივი განადგურების უნარით, ბირთვულ ბომბსაც კი უტოლებენ: საკმარისია ქალაქის თავზე 2-3 ლიტრი ეს ნივთიერება გადმოაფრქვიო და მილიონობით ადამიანი დაიღუპება. სოლსბერიში სულ მილიგრამის მეათასედია გამოყენებული.

ახლა პოლიცია ეძებს იდუმალ წყვილს, რომელიც რამდენჯერმე დააფიქსირეს ვიდეო-კამერებმა იმ ადგილებში, სადაც სკრიპალი ცხოვრობდა ან მოძრაობდა. ისინი შეყვარებულ ქალ-ვაჟს „თამაშობდნენ“. ჯერ-ჯერობით „სქოთლანდ იარდი“ მხოლოდ იმას ამბობს, რომ სკრიპალის მოწამვლის დღესვე გაფრინდნენ ინგლისიდან.

მაგრამ როგორ განახორციელეს აქცია კონკრეტულად - სად და როდის, კვლავინდებურად ბურუსითაა მოცული. თუმცა, საეჭვოა ეს გარემოებები ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ვერ დაადგინონ: თუკი რამ რესურსი გააჩნია ამ „დახვეწილად მძლავრ“ სახელმწიფოს, ყველაფერი ამოქმედებულია საქმის გამოსაძიებლად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Новичок მოიგონა ვინმე ვილ მირზოიანმა, რომელიც, სსრკ დაშლის შემდეგ, ამერიკაში გაიქცა და იქ ყველაფერს მოყვა. ამ ნივთიერების უნიკალურობა ისაა, რომ შედგება 7-8 კომპონენტისგან. ისინი ცალ-ცალკე არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენენ. უფრო მეტიც: ზოგი მათგანი ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძლება შეიძინო. მაგრამ საკმარისია ზუსტად განსაზღვრული დოზებით ერთმანეთში აურიო და.......იქმნება მასობრივი განადგურების საშინელი იარაღი.

საერთაშორისო კონვენციით ის აკრძალულია, ანუ რუსეთს, წესით, არც უნდა ჰქონოდა, თუმცა....აკი თქვა პუტინმა სსრკ დაშლა „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო“ - სოლსბერის  აქციითაც ეუბნება დასავლეთს: „დასრულდა 1990-იანი წლები, როცა ჩემს მშობლიურ „დერჟავაში “ქაოსი სუფევდა, ხოლო მირზოიანი თქვენთან გამოიქცა! აღვადგინე „დერჟავა“ და ყველა მისი მომაკვდინებელი ინსტრუმენტი ჩემს ხელთაა -  ძრწოდეთ!“

არ ძრწიან, მაგრამ სხვა მყისიერი ინსტრუმენტებიც არ გააჩნიათ. ტერეზა მეი ხომ ჭკვიანი ქალია და შესანიშნავად იცის: პუტინს სულ „კიდია“ თუ, მაგალითად, რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ჩამოართმევენ. პირიქით, - გაუხარდება რუს ხალხს. ამიტომაც, მოსკოვი ცინიკურად პასუხობს ყველა ბრალდებასა და სანქციას: „ლონდონში ნუ დაავიწყდებათ: 40-ზე მეტი რუსი მსჯავრდებული იმალება მათ ტერიტორიაზეო“ - განაცხადა  ლავროვის სფოუქსვუმენმა მარია ზახაროვამ.  ანუ..... „ჯერ სად ხართო“, ეუბნებიან თავხედურად.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კი, რუსეთის წარმომადგენელი „ანცობდა“: ინსპექტორ ლესტრეიდის პერსონაჟი გაიხსენა კონან დოილის ლიტერატურული სერიალიდან შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ უათსონის შესახებ.

ამაზე მეტი აბუჩად აგდება გაგონილა? მაგრამ ინგლისელებს მტკიცე ნერვები აქვთ და დროში გაწერილი, ფაქიზი ეკონომიკური თუ ფინანსური „ინსტრუმენტებით“ იმოქმედებენ პუტინის რეჟიმისათვის საყრდენის მოსაფამფალებლად. ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი შესაძლო გზაა.  სხვა გზა მხოლოდ ბირთვული ომია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რატომ მაინცდამაინც ინგლისი? სკრიპალი ხომ პირველი  არ არის? - 10 წლის წინ, რადიაციული „პოლონიუმით“ მოწამლეს ასევე ყოფილი „აგენტი“ ლიტვინენკო. ორივე შემთხვევაში იმგვარი ნივთიერება გამოიყენეს, რაც პირდაპირ, უეჭველად მიანიშნებდა რუსულ სახელმწიფოზე.

ნუთუ პუტინის სპეცსამსახურებს სხვა საშუალება არა აქვთ? რატომ იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, რაც აბსოლუტურად უეჭველს გახდის მათ მონაწილეობას? იმიტომ, რომ ეს არის მიზანმიმართული, „საჯაროაქცია - „საჯარო და სასტიკი მკვლელობა“, როცა მკვლელი არათუ არ მალავს ვინაობას, არამედ განზრახ იქცევა ისე,  ყველამ ყველაფერი იცოდეს, თუმცა საპასუხოდ ბევრი ვერაფერი იღონონ.

რაც შეეხება.....„რატომ ინგლისი?“ იმიტომ, რომ ინგლისელები ერთადერთი ერია ევროპაში, რომელთაც რუსებისა ისტორიულად არაფერი „მართებთ“! უკლებლივ ყველა სხვა ევროპელ ერს ისტორიულად რაღაც მაინც „მართებთ“ რუსებისა - ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში უბძოლია რუს ჯარისკაცს (ესპანეთისა და იტალიის ჩათვლით) გარდა ინგლისისა! ანგლოსაქსური სამყაროს ბირთვი კი  „გასატეხია“.

ესეც ადასტურებს რა გიჟებთან და გადარეულებთან გვაქვს საქმე - Новичок-ით და ბირთვულძრავიანი რაკეტებით რომ არიან შეიარაღებულნი.

საქართველოს რაც შეეხება, პარლამენტში გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა როგორც იქნა (!) ახსენა ჩვენი ქვეყანა და მისი ოკუპაცია. მაშასადამე, აშკარა რუსული აგრესიის დროს, ინგლისი მზადაა ჩვენი პრობლემებიც ჩართოს ერთ-ერთ არგუმენტად „დღის წესრიგში“. მით უმეტეს, რომ ლიტვინენკოსა და სკრიპალის ეპიზოდები ისტორიულად დაუმარცხებელი „ბრიტანელი ლომისთვის“ სილის გაწვნაა. და ძალიან მწარედ გაწვნაც.

გამორიცხულია ეს უპასუხოდ დატოვონ.

ნიკა იმნაიშვილი

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%