ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მოწმეების მხრიდან ჩვენებების შეცვლას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, დაკითხული მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია საქმის გარემოებებთან თანხვედრაშია.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში გაიმართა, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დაიკითხა. ის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემსწრეა.
„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ერთი მოწმე დაკითხა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, იმ კონფლიქტის თაობაზე, რასაც ორი არასრულწლოვანის გარადაცვალება მოჰყვა. აღნიშნული მოწმე 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ხსენებული მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, ძალიან ინფორმაციულია, რასაც ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვის დროს გამოიყენებს. ამ ჩვენებაზე, ასევე სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეს აქვს ერთი მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია გამოძიების სტადიაზე. მოწმის დღევანდელი ჩვენება აბსოლუტურ თანხვედრაშია საქმის გარემოებებთან. დაცვის მხარე ჩვენების შეცვლას რას ეძახის, არ ვიცი. მოწმეები, რომლებიც სასმართლო სხდომაზე დაიკითხნენ, საუბრობენ იმ ფაქტობრივი გარემოებების და დეტალების შესახებ, რაც რეალურად მოხდა. სასამართლოზე მოწმის დაკითხვა ხდება მხრეების მიერ, გამოძიების ეტაპზე კი მხოლოდ ერთი მხარის მიერ. შესაბამისად, კითხვებს სვამს ორივე მხარე და დასაკითხ პირებს ბევრი დეტალების დაზუსტება უწევთ. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ მოწმეთა მხრიდან ჩვენებების რადიკალურ შეცვლას ადგილი არ აქვს“, - აცხადებს ფხაკაძე.
ის დაცვის მხარის ბრალდებასაც პასუხობს და ამბობს, რომ ნივთიერ მტკიცებულებებზე ექსპერტიზის ჩატარების დასრულება ხელოვნურად არ ჭიანურდება.
"ექპერტიზა ბრალდების მხარის მიერაა დანიშნული. ჭიანურდება თუ არა, ამასთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ხომ არ ვიცით, ექსპერტიზა რა მეთოდებით იკვლევს და რა დრო ესაჭიროება მას ამისთვის. ველოდებით დასკვნას, როცა ის მზად იქნება, სასამართლოზე წარვადგენთ“ , - განაცხადა ფხაკაძემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 16 მარტს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.