საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს შეიქმნა „მურა დათვების თავშესაფარი“.
დღეისათვის თავშესაფარში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ჩამორთმეული ათი მურა დათვი ცხოვრობს.
დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული. დათვების უმრავლესობა წლების განმავლობაში გასართობად ჰყავდათ დატყვევებული, ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში.
მურა დათვების თავშესაფარი ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე (საბადურის ტყეში) დაახლოებით 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. თავშესაფარი ზრუნავს დათვების რეაბილიტაციაზე და მუშაობს მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე.