თარიღი    დრო

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ საკუთარი იდეოლოგიური პლატფორმა გამოკვეთონ - კორნელი კაკაჩია

საქართველო, თბილისი - 16:44 03.07.2018 3081

საქართველოში ორი ასეული პოლიტიკური პარტია არსებობს, თუმცა რამდენ მათგანს აქვს ჩამოყალიბებული მისი იდელოგიური ხედვა, რამდენი მათგანის წინასაარჩვნო პროგრამა შეესაბამება პარტიის მიერ აღებულ კურსს, როგორ იყენებენ ქართული პოლიტიკური პარტიები მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ამ და სხვა კითხვებზე „ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ უპასუხა.

- ბატონო კორნელი, რამდენად ჩამოყალიბებული აქვთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი იდეოლოგიური ხედვა?

-ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ძალიან უჭირთ იდეოლოგიური პლატფორმა გამოკვეთონ. მათი ვებ გვერდებიდანაც ჩანს, როგორ უყურებს ესა თუ ის პარტია ზოგადად, იდეოლოგიის მნიშვნელობას. ხშირად მათი ხედვები არ ემთხვევა მათ იდეოლოგიურ წინაპირობას. ძალიან სუსტები არიან და ვერ ახერხებენ, სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერები იყვნენ.

პარტია იმისთვის არსებობს, რომ თუ დავუშვათ, მე ვარ მუშა, ჩემს უფლებებზე ზრუნავდეს მემარცხენე პარტია, თუ ვარ ბიზნესმენი, უნდა არსებობდეს მემარჯვენე ტიპის პარტია, რომელიც ჩემი ინტერესების გასატარებლად იმუშავებს.

სამწუხაროდ, პარტიები ვერ ახერხებენ გამყოფი ხაზების შემოთავაზებას თუ არ ჩავთვლით ბოლო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ ნაბიჯს, როცა მათ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ლგბტ თემს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და თანაც წარუმატებელი.

-სწორი ნაბიჯია თუ არა პარტიის მხრიდან, ხალხის მოთხოვნის შესაბამისად იდეოლოგიური პლატფორმიდან გადახვევა?

-პარტიას წინასწარ უნდა ჰქონდეს გაწერილი თავისი იდეოლოგია, ვის ინტერესებს გამოხატავს, უნდა იცნობდეს ხალხის პრობლემებს, უნდა ჰქონდეს ხალხთან შეხება და მათი ინტერესები ეროვნულ დონეზე ასახოს. თუმცა ამას ვერ ახერხებენ. როგორც წესი, ერიდებიან კონკრეტულ ჯგუფებზე კონცენტრირებას და მთელი ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ხოლმე. ამიტომაც გვყავს მყიფე პარტიები, მმართველ პარტიებსაც რომ გადავხედოთ, ყველა დაიშალა: გამსახურდიას პარტია დაიშალა, შევარდნაძის პარტია დაიშალა, სააკაშვილის პარტია გაიყო, ალბათ „ქართული ოცნებაც“, როცა მმართველი ძალა აღარ იქნება, დაიშლება... როცა გაქვს მყიფე პოლიტიკური სისტემა ეს ქვეყნის მდგომარეობაზეც აისახება.

-როგორ იყენებდნენ და იყენებენ პარტიები ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას?

ჩვენთან მოდაშია პოპულიზმი... პარტიებს თავიანთი ნიშა არ აქვთ, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბესა და უმუშევრობას  უჩივის,  მემარჯვენე პარტიებიც მხარდაჭერის მოსაპოვებლად მემარცხენე ლოზუნგებით გამოდიან, მაგრამ მემარცხენე პარტიებიც კი ვერ ახერხებენ, რომ რეალურად ასახონ ხალხის ინტერესები.  ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს მემარცხენე გახდეს, მაგრამ რეალურად „ოცნება“ იდეოლოგიის გამო კი არა, ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით მოვიდა ხელისუფლებაში. პარტიამ გადაწყვიტა მემარცხენე ლოზუნგებით გამოსულიყო, მაგრამ რომა პრემიერმინისტრი თავს მემარჯვენედ მიიჩნევს, ეს აბნევს საზოგადოებას. „ოცნებაში“ აჯაფსანდალია, ფრაქციებია არეული, მათ ჰყავთ „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე... როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება დიდი ალბათობით, ის როგორც პარტია ვერ გადარჩება. ამ ყველაფრის ფონზე, როცა პარტიები ვერ ახერხებენ ხალხის ინტერესების ასახვას, აგრეგაციას, მოსახლეობის ნდობა მათდამი ძალიან დაბალია.

-პოპულიზმი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა...

- მსოფლიოში ამის ეიფორია იყო ბოლო 2 წელი, თუმცა ეს უკვე გაიარა მსოფლიომ, თუნდაც მაკრონის გამარჯვებით საფრანგეთში. თანდათანობით საზოგადოება უბრუნდება ტრადიციულ პარტიებს.

ყველა ქვეყანაში არის გაუცხოება ელიტებისადმი, რამაც გამოიწვია პოპულისტების მხარდაჭერა, თუ პარტიები ვერ ასახავენ ჩემს ინტერესებს, მაინც არ აკეთებენ იმას რაც მე მინდა, მაშინ რატომ მივცე ჰილარი კლინტონს ხმა? მაინც იმას თუ გააკეთებს, რაც თვითონ უნდა.. გაბრაზებული მივდივარ და ხმას ვაძლევ პოპულისტს. არა იმიტომ, რომ ის მომწონს, არამედ იმიტომ, რომ გაიძულო, მომისმინო.

როცა შენ ჩემს აზრს არ ითვალისწინებ, წავალ და ხმას მივცემ ავსტრიულ ნაციონალისტურ პარტიას, რათა დამარცხებით გაიძულო, მომაქციო ყურადღება,  ესეც პროტესტის ხმაა და გამოფხიზლების მცდელობა ტრადიციული პარტიებისა, რომლებმაც ამომრჩევლებთან ბმა დაკარგეს.

-იცვლება თუ არა პარტიათა იდეოლოგიური ხედვა არჩევნების წინ?

- არჩევნების წინ პარტიები ცდილობენ, ყველა სეგმენტს მიედ-მოედონ. მემარცხენე პარტიებს უნდათ, რომ მხარს უჭერდნენ ბიზნესმენები, მსხვილი ბიზნესი - ამის გამო იკარგება პარტიის მესიჯი, ვისია, ვის ეკუთვნის ეს პარტია. მათთან საკუთარ თავს ვეღარც მუშა აიგივებს და ვეღარც ბიზნესმენი. „იბერია გაბრწყინდებას“ ძახილი იდეოლოგიას ვერ გამოხატავს.  პარტიები მოქალაქეებს ვერ სთავაზობენ სრულ კონცეფციას, თუ როგორ აპირებენ ცვლილებების განხორციელებას. სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკა, კონკრეტული პროგრამა არავის აქვს.  როცა არჩევნები არ არის, პარტიები ფუნქციონირებას ვერ ახერხებენ. მხოლოდ არჩევნების დროს იღვიძებენ და მუშაობენ ამომრჩეველთან. არცერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არ ხდება, ჩვენთან ყველა ადამიანმა იცის და გრძნობს, რომ პარტია მის გამოყენებას აპირებს. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური გაერთიანება ნდობას ვერ მოიპოვებს.

ბრიტანეთში , როცა პარტია მარცხდება, იმავე დღეს, იმ რეგიონში, სადაც დამარცხდა იწყებს მუშაობას. ატარებენ კვლევას, რატომ დამარცხდნენ, დადიან კარდაკარ, არკვევენ რა უნდა ხალხს რათა ასახონ ეს პოლიტიკურ პლატფორმაში.

მუდმივი მუშაობაა საჭირო. ჩვენთან პარტიებს ამის არც ფინანსური რესურსი აქვთ, არც ინსტიტუციონალიზირებულნი არიან, არც სათანადო ინტელექტუალური პოტენციალი აქვთ ამის გასაკეთებლად. იმდენად ბევრნი არიან, 200-მდე პარტია.. საქართველო მაქსიმუმ 2-3 პარტიას გასწვდეს. აქაც დაქსაქსულობის პრობლემაა.

როგორ ფიქრობთ, სამომავლო პერსპექტივით რომელი ფრთა გაძლიერდება საქართველოში, მემარჯვენე თუ მემარცხენე?

მემარცხენე პარტიებს არ უმართლებთ საქართველოში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ყველა ლიდერი, რომელიც მათ ჰყავდათ, თვითონ იყო მემარჯვენე, მაგალითად „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი იყო მილიონერი ვახტანგ რჩეულიშვილი, „ქართული ოცნების“ ლიდერად მოიაზრება მულტიმილიარდელი ბიძინა ივანიშვილი.  თუ  დაიწმინდება პოლიტიკური სპექტრი და იდეოლოგიური განსხვავებულობით დალაგდება, შეიძლება  გაძლიერდეს მემარცხენე ფრთა, მაგრამ ჯერ ამის საფუძველი არ ჩანს. ჩვენ სათანადო პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, ჯერ კიდევ ქარიზმატულ ლიდერებს და კონკრეტულ ადამიანებს ვუჭერთ მხარს და არა მათ პროგრამას. ლიდერებთან ვაიგივებთ პარტიებს, შემდეგ ამ ლიდერებს იქამდე განვადიდებთ, სანამ არ შეგვძულდება, ადამიანი რომელიც 97%-ით ავირჩიეთ, ჩვენივე ანტიგმირი ხდება. ამიტომაც, ალბათ საჭიროა გარკვეული პერიოდი, რათა ჩამოყალიბდეს 3-4 სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია, რომლებიც თანაბარ კონკურენციაში შევლენ ერთმანეთთან და შესთავაზებენ ამომრჩეველს რეალურ პროგრამებს, არ იქნებიან დამოკიდებული გარედან მიღებულ დახმარებაზე. ისინი უნდა იყვნენ აქტორები და საზოგადოებას ეხმარებოდნენ, რათა მათი ინტერესები აისახოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.

თამთა ქარქაშაძე, „ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%