25 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, დაბა ბაკურიანში (სასტუმრო"პრემიერ-პალასი") ჩატარდება "ახალგაზრდა მეცინერთა პირველი საერთაშორისო ბანაკი - ბაკურიანი, 2010", რომლის ორგანიზატორია "ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი", ხოლო სპონსორი და მხარდამჭერი - კომპანია „ნატახტარი". ბანაკში, რომლის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული ზრდა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების დაახლოება, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების წახალისება, მონაწილეობას მიიღებს ოცდაათამდე ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოდან, ფინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტები.
ბანაკი 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიმდინარეობისას გაიმართება სემინარები, სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და ახალგაზრდების დებატები სამეცნიერო თემებზე ფიზიკის, ეკოლოგიისა და მათემატიკის დარგებიდან. ამასთან, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. ერთი დღე კი, დაეთმობა ექსკურსიას ვარძიასა და სამცხეში.