თარიღი    დრო

უალტერნატივო პუტინი და დიდი ომისთვის მზადება

საქართველო, თბილისი - 11:04 03.05.2018 3275

ვლადიმერ პუტინმა  თავისი მესამე საპრეზიდენტო კადენცია დაასრულა შოუს ელემენტთა შემცველი პრეზენტაციით.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური ფორმა, რაც  ავტორიტარმა მმართველმა  საკუთარი ხუშტურით აირჩია ამჯერად   საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არა მხოლოდ და არა იმდენად ე.წ. „რუსული დემოკრატიის“ სისუსტეზე მეტყველებს (ვერ დასუსტდება ის, რაც არ არსებობს), არამედ თვით თანამედროვე რუსული სახელმწიფოებრივი „პროექტის“ არამდგრადობაზეც.

ამის უპირველესი ნიშანი „სტილური ეკლექტიკაა“. ანუ აღრეულობაც და უგემოვნებობაც. აბა თუ წარმოიდგენთ, რაიმე მსგავსი მოხდეს ამერიკის პრეზიდენტის State of The Union ანუ ყოველწლიურ მიმართვაზე კონგრესისა და ნაციისადმი? შეუძლებელია! იმიტომ, რომ მდგრად სახელმწიფოში „სტილი“ და „ტრადიცია“ ისე შეეზარდა ერთმანეთს, მისი დარღვევა სახელმწიფოებრიობის საფუძველსაც კი შეეხება.

თუმცა, ამის მიუხედავად, ის, რაც მოსკოვის „მანეჟში“ მოხდა, ნაკლებ საშიში როდია. პირიქით:  სწორედ ასეთი „ეკლექტიკა“ ზრდის რისკებს. მათ შორის ავტორიტარი მმართველის „თავში“. არადა, ხშირად ვამბობდით: „პუტინი არ არის კიმ ჩენ ირი, რაკი დღევანდელი რუსეთი არ არის ჩრდ .კორეა“. როგორც ირკვევა, სხვაობა მხოლოდ ბირთვული მუხტების ოდენობაშია, თორემ......მასე არც ჩრდილო კორეელ პატრმუშაკთა ცოლები იკლებენ „შანსელიზეს“ ბუტიკებში შოფინგს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივყვეთ თანმიმდევრობით იმ გამაოგნებელ „მესიჯ-ბოქსს“, რაც რუსეთის მმართველმა გააჟღერა 18 წლიანი მმართველობის დასალიერს და ახალი 6 წლიანი კადენციის  გარიჟრაჟზე:  პუტინმა  ჯერ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ („რუსეთს მაშინ სსრკ ერქვაო“ - როგორც აღნიშნა) ტერიტორიის ნახევარი დაკარგა საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად;  შემდეგ კი რუსული არმიის ახალი სამხედრო შესაძლებლობები, ანუ უკვე დასრულებული თუ პერსპექტიული იარაღის სახეობები გამოაქვეყნა.

ეს არის, ჯერ ერთი, ახალი თაობის საშახტე ბაზირების ბალისტიკური რაკეტა Сармат, რომელმაც ამჟამად საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი Воевода უნდა შეცვალოს.

„პირველი გამოცდა უკვე დასრულდაო“. ზეახალი რაკეტის უპირატესობა ისაა, რომ იგი არა მხოლოდ რამდენიმე ათეულ მუხტს ისვრის მიზანთან მიახლოების კვალობაზე, არამედ ისვრის არასტაბილური ტრაექტორიით, რის გამოც მათი ჩამოგდება ძალიან ძნელია.

 ყველა ყველა და სარაკეტო ტექნოლოგიებში რომ რუსები ტრადიციულად ძლიერები არიან, ეჭვი არავის ეპარება.

მეორე: პუტინის მტკიცებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მოახერხა სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნა: ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის. არა ბირთვულმუხტიანის (ეს თავისთავად იგულისხმება), არამედ ბირთვულძრავიანისა!

ამგვარი რაკეტა მოძრაობს არა ბალისტიკური ტრაექტორიით, არამედ რელიეფის გასწვრივ, რაც მის აღმოჩენასა და ჩამოგდებას ძალიან ართულებს; ხოლო ბირთვული ძრავი უზრუნველყოფს, ფაქტიურად, განუსაზღვრელ სიშორეს:  რაკეტას რამდენჯერმე შეუძლია შემოუფრინოს მთელს დედამიწას და იქ აფეთქდეს, სადაც „საჭიროა“. თანაც, მას „ჰაერსაწინააღმდეგო ზღუდეთა“ აღმოჩენის უნარსაც „ჩაუნერგავენ“; ანუ, რელიეფური მოძრაობისას, საზენიტო  ზღუდეებს „შემოუვლის“ როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე.

თავისთავად, ბირთვული ძრავი ფანტასტიკა როდია: ამერიკელი მეცნიერები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში სერიოზულად განიხილავდნენ სამგზავრო თვითმფრინავზე (!) ასეთი ძრავის განთავსებას, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვეს რადგან....როგორია როცა იცი, რომ ბირთვულ რეაქტორზე ყიდულობ ბილეთს ან ასეთი რეაქტორი შენს თავზე დაფრინავს? და რომ ჩამოვარდეს? ანუ, უარყოფის მთავარი მიზეზი უსაფრთხოებას, ასევე ეკოლოგიურ მოსაზრებებს უკავშირდებოდა და არა ტექნიკურ შეუძლებლობას.

ტექნიკურად, წმინდა თეორიული თვალსაზრისით, ამგვარი „მიკრორეაქტორი“ ავტომობილშიც კი შეიძლება დამონტაჟდეს და ფაქტიურად მუდმივი ძრავი იქნება, ოღონდ საშიშია.

გარდა ამისა, პუტინმა დააანონსა ბირთვულმუხტიანი და ბირთვულძრავიანი ტორპედოს შექმნა, რაც, მისი მტკიცებით, უკვე გამოიცადა კიდეც: ასეთ ტორპედოს წყალქვეშა ნავიდან გაუშვებენ, იგი ოკეანის ნებისმიერ წერტილში ამოყვინთავს, აფრინდება ჰაერში და ასევე ამოუწურავი რესურსი აქვს „დაარტყას“ დედამიწაზე ნებისმიერ წერტილს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა თქმა უნდა, პუტინის პრეზენტაცია 90%-ით PR-ია! ყველა ჩამოთვლილი სახეობა ან მხოლოდ ახლა გადის გამოცდას, ანუ ერთეულებია შექმნილი რეალურად (როგორც, მაგალითად, ყბადაღებული „კრეატიული ტანკი“ Армата) ან მხოლოდ საინჟინრო პროექტის სახით არსებობს.

მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, თითქოს რესურსთა კონცენტრაციის შემთხვევაში, პუტინის რუსეთი ვერ მოახერხებს ამგვარი იარაღის შექმნას. ისევე, როგორც სსრკ ქმნიდა (რესურსთა კონცენტრაციით) ნამდვილად ქმედუნარიან ტანკებს, სარაკეტო სისტემებს და ა.შ ოღონდ....ქალის ფეხსაცმელს ვერ კერავდა და ტუალეტის ქაღალდიც კი დეფიციტი იყო.

თუმცა, პუტინის პრეზენტაციაში ტექნიკური, ტექნოლოგიური, თუნდაც სამხედრო მხარე არ არის ყველაზე მთავარი და ნამდვილად შემაშფოთებელი. მთავარი ისაა, რომ პუტინის „მესიჯი“ იყო..... ულტიმატუმი დასავლეთისადმი: თუ ევროატლანტიკური სამყარო (დანარჩენ მსოფლიოს აბა რისი თავი აქვს საერთოდ, ან რაში აინტერესებს....) არ დაეთანხმება პუტინის გეგმებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზემოსკოვური სახელმწიფოსახალი რედაქციის შექმნის შესახებ ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, მაშინ რუსეთი მზადაა  გააძლიეროს სამხედრო აგრესია, ხოლო NATO- შესაძლო რეაქციას უპასუხოს თუნდაც ბირთვული ომით.

მინიმუმ „ცივი ომის“ ოფიციალურ განახლებასთან მაინც გვაქვს საქმე, რაკი იარაღის ის სახეობები, რაც პუტინმა დაასახელა, ერთმნიშვნელოვნად არღვევენ 1962 წლის „კარიბის კრიზისის“ შემდეგ, 1970-1980-იან წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების როგორც „ასოს“, ასევე სულისკვეთებას.

მაგალითად, აბსოლუტურად უდავო დარღვევაა განუსაზღვრელი სიშორის ფრთოსანი რაკეტები, ვინაიდან „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტათა აკრძალვის“  ხელშეკრულება“ (500კმ - 5000კმ) პირდაპირ კრძალავს ამ შესაძლებლობების იარაღს.

და ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც მოსკოვმა უკვე ღიად განალაგა „ისკანდერის“ რაკეტები კალინინგრადში, საიდანაც ისინი ლამის მთელს აღმოსავლეთ ევროპას სწვდებიან; როდესაც ახორციელებს არმიის კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან; აწყობს პროვოკაციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.......ერთი სიტყვით, თუკი  რაიმე ინდიკატორი არსებობს სამხედრო-სტრატეგიულ თეორიაში დიდი ომისთვის მზადებისა, უკვე ყველაფერი გვაქვს თვალწინ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, პუტინის რეჟიმი დღემდე უცვლელად სარგებლობს ორი „ამოუცლელი წყაროთი“:

1) რუსული მასების და თვით რუსული საზოგადოების „დერჟავული ნაციონალიზმი“, რასაც უხვად არწყულებს სისხლით (2008, 2014...), ასევე ახალ-ახალი ტერიტორიების წაგლეჯით (ყირიმი, დონბასი, აფხაზეთი, ცხინვალი)

2) იმავე ევროატლანტიკური თანამეგობრობის უუნარობით, მტკიცედ და სისტემურად (!) უპასუხოს ამ  გამოწვევას.

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ვერ ხვდება, რომ ქილიკი იმაზე, „დასავლეთში ამ მულტიპლიკაციებს ყურადღება არავინ მიაქციაო“, ჯერ ერთი ტყუილია (ნამდვილად მიაქციეს) და მეორეც, თუ  სათანადოდ არ რეაგირებენ ყველა ხელშეკრულების აშკარა, თავხედურ დარღვევაზე (ბუდაპეშტის ბირთვული ხელშეკრულებით დაწყებული), აქ იგივე სისტემური მიზეზია, რაც „სტატუს-ქვოების“ კონსტრუირებისას იმავე დონბასის, ყირიმის, აფხაზეთისა და ცხინვალის გარშემო, რაც, ფაქტიურად, ოკუპაციის შედეგთა „გაპრავებას“ ნიშნავს.

 არადა პუტინმა თქვა, რომ სწორედ თავად აპირებს უახლოეს მომავალში ამ „სტატუს-ქვოს“ დარღვევას იმ ვითარებაში, როდესაც ევროატლანტიკური სივრცის ლიდერი ქვეყნის მმართველ რგოლში, სამწუხაროდ, გაურკვევლობა, დაპირისპირება და ქაოსი ძლიერდება.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%