საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე აშშ-ის ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველი პარტია მსგავს განცხადებებს ყურადღებას უნდა აქცევდეს.
მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ კრიზისი გადააგორა, ორ კვირაში პრობლემა ყველას დაავიწყდება.
,,ნება მომეცით, ცალკე განცხადებებზე არ გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ შევაჯამებ. იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც ყურადსაღებია. იცით რა ვითარებაა?! პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი, ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა, თუ სკანდალი რაღაცნაირად მიავიწყებინა საზოგადოებას, ყველას ეს ავიწყდება, თუ შეცდომა რამენაირად დალაგდა საქართველოში, რომ ამის თაობაზე ყველა ივიწყებს. ასე არ არის, ის შეცდომები, რასაც ჩვენ ვუშვებთ დემოკრატიასთან მიმართებაში, რაზეც ვსაუბრობდით მთელი წინა წელი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების ზედმეტ კონსოლიდაციაში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში, ისე ინსტიტუციური სტაბილურობის შესუსტებაში - ეს ყველაფერი არსად იკარგება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის ერთ და ორ კვირაში და გადააგორებთ რაიმე სხვა თემით. ყურადღება მიაქციეთ ამ განცხადებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.