რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
„დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე – მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. თურქეთი არის საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა – შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ამ მხრივ გამოვყოფდი აშშ-ს“, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
მისივე თქმით, ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის რეალური და ქვეყანა მზად უნდა უნდა იყოს ამ გამოწვევებისთვის.
„ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვისაა რეალური, მსოფლიოსთვისაა რეალური და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომაც ვმუშაობთ ისეთ სამსახურებში, როგორსაც მე წარმოვადგენ. ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, გამოვყოფდი ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა სუჯაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.