იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს არმოსამართლე წევრს ანა დოლიძეს ბრალდებებს უყენებენ და აცხადებენ რომ მისი ადგილი საბჭოში არ უნდა იყოს.
დიმიტრი გვრიტიშვილის მტკიცებით, რუსულმა ორგანიზაციამ ანა დოლიძე დაიქირავა იმისთვის, რომ ქართველი მეომრების მაკომპრომეტირებელი მასალები შეეკრიბა.
”ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს 2008 წლის ომის პერიოდში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომენტირებელი მასალების შეგროვებას იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით, იაფფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში და სამშობლოს ინტერესების დაცვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბჭოს კომპეტენციაშია, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნა? საჩივრები შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში და არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქალბატონი ანა განმარტავდა, თითქოს ეს იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზუსტადაც ქართველი მეომრების მიერ ჩადენილი ქმედებები იყო უარყოფითი კონტექსტით”, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არსებობს დოკუმენტაცია, ინტერვიუები, ჩანაწერები, რომლიდანაც ერთობლივი ანალიზის შედეგად შეიძლება დასკნა გაკეთდეს, თუმცა, დიმიტრი გვრიტიშვილს მედიის წარმომადგენლებისთვის კონკრეტული დოკუმენტაცია არ წარუდგენია.