როცა მან [არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედიამ] სიტყვიერად შეძლო, რომ გავეჩერებინე, წამოდგა ფეხზე, მარცხენა მხარში ჩამარტყა ხელი, - ამის შესახებ სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა ზვიად ცაბაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მან სემინარიის რექტორის კაბინეტში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა რომ როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, არქიმანდრიტმა სერაფიმემ უთხრა, რომ მას სიყვარულით შეეხო.
მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა არქიმანდტრი სერაფიმე, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე და სემინარიის ერთ-ერთი პედაგოგი, გიორგი ჯულაყიძე.
„მე ვიწყებდი ამბის მოყოლას, თუ რას მოჰყვა ჩვენი პროტესტი, არქიმანდრიტი სერაფიმე საუბარს მაწყვეტინებდა, მეუბნებოდა, ბოლო ნაწილზე გადავსულიყავი, რადგან პირველ ნაწილში უნდა გამოჩენილიყო ჩემი მოყოლილი ამბით პროტოპრესვიტერის დანაშაულებრივი ქმედებები, ბესარიონ ცინცაძის დანაშაულებრივი ქმედებები. როცა მან სიტყვიერად შეძლო, რომ გავეჩერებინე, წამოდგა ფეხზე, მარცხენა მხარში ჩამარტყა ხელი. ხელი ავუკარი, მან გაიაზრა, რაც ჩაიდინა, მან თქვა, რომ სიყვარულით შეგეხეო“, - განაცხადა ზვიად ცაბაძემ.
მისივე თქმით, სასულიერო სემინარიაში ყველა პრობლემა სწორედ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისგან მოდის.
ცნობისთვის, სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.