ENG / RUS       12+

თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ოპოზიციური პარტიის კონსოლიდირება არ შედგა, არცერთ მათგანს ექნება შანსი - კორნელი კაკაჩია

რესპოდენტის შესახებ

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს იქნება ბოლო არჩევნები საქართველოში, როცა სახელმწიფოს მეთაური აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2024 წლიდან, პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს. წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, შესაძლო კანდიდატებსა და სხვა დეტალებზე ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. მისი თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ოპოზიციური პარტიის კონსოლიდირება არ შედგა, არცერთ მათგანს ექნება შანსი.

-რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიკური პარტიებისთვის? მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეჯერებას?

-ჩვენ აღარ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკა და შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდად არ იწვევდეს პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებებს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არჩევნები გახდება ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორია საზოგადოების აზრი მმართველი პარტიისა თუ ოპოზიციისადმი, ასევე, გავიგოთ, რამდენად მზად არის ქართული საზოგადოება შეიცვალოს აზრი „ქართულ ოცნებაზე“. თუ ამ არჩევნებში ოპოზიციამ მოახერხა წარმოდგენა ახალი კანდიდატისა, რომელიც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის, დამარცხების შემთხვევაშიც კი თუ მის მიერ მიღებული ხმები ახლოს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ მიღებულ ხმების რაოდენობასთან,  ეს უკვე იმის სიგნალია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებრივი აზრის ცვლილება დაწყებული იქნება და 2020 წელს შეიძლება, მივიღოთ სულ სხვა პარლამენტი, მოხდეს რეჟიმის ცვლილება, როგორც 2012 წელს - ერთი რეჟიმი შეიცვალა მეორეთი.  თუ არაფერი შეიცვალა და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მაღალი მაჩვენებლით გაიმარჯვა, ეს, დიდწილად, იმას ნიშნავს, რომ ცვლილებებს არც 2020 წელს უნდა ველოდოთ.

მთავარი მაინც ისაა, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეჯერებას, რაც არის აქილევსის ქუსლი, იმიტომ, რომ ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ვერ იქნება კონსენსუალური პერსონა.  მათ უნდა წარმოადგინონ ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, თუმცა რამდენად მოახერხებენ ამას გასარკვევია.

-როგორ ფიქრობთ, საქართველოს ამჟამინდელი  პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით და როგორია მისი მეორე წარმატების შანსი?

-მისი ინტერვიუებიდან და კომენტარებიდან ჩანს, რომ ჯერჯერობით,  ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი, კვლავ იყაროს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი, მაგრამ არც გამორიცხავს. მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეიცვლება კონიუქტურა წინასაარჩევნოდ და რამდენად ექნება შანსი. ასევე, საინტერესოა, შეძლებს თუ არა, სწორედ ის იყოს გამაერთიანებელი პერსონა, ვისაც ეძებენ პოლიტიკური პარტიები და ვისაც ეძებს საზოგადოება. მნიშვნელობა ექნება კონფიგურაციასაც, ვინ იქნება „ოცნების“ კანდიდატი და ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები და რაც ყველაზე მთავარია, რას შესთავაზებს ამომრჩეველს ამ არჩევნებზე, რადგან ეს მისი პირადი არჩევნები იქნება და წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე არ იქნება დამოკიდებული.

მან უნდა წარმოადგინოს ქვეყნის მოწყობის, განვითარების, საგარეო უსაფრთხოების, სოციალურ-პოლიტუკურ-ეკონომიური მდგომარეობის ახალი, საკუთარი ხედვები და ასევე, თავი უნდა წარმოიდგინოს მომავალი ოპოზიციის ლიდერად 2020 წლისათვის,  ამ სტატუსისთვის შემზადებაც საჭიროა, რამდენად მოახერხებს და მოისურვებს ამას ჯერ გაურკვეველია, ალბათ მოვლენების განვითარების მიხედვით გადაწყვეტს.

-რომელიმე ოპოზიციური ძალისგან შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დათანხმდება გიორგი მარგველაშვილი, რომ გახდეს მათი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე?

-საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში არც ერთ ოპოზიციურ  პარტიას არ აქვს იმდენად დიდი ავტორიტეტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რაიმეს წყვეტდეს - გერქვას მისი კანდიდატი. კარგი იქნება თუ ოპოზიცია შეჯერდება ერთ კანდიდატზე. იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ეს უკვე მნიშვნელოვანია. ცალკეული ოპოზიციური პარტიებიდან კი არ მგონია გიორგი მარგველაშვილი, რომელიმეს კანდიდატობას დათანხმდეს.

-დედაქალაქის მერის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მეორე ადგილზე გავიდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის შემთხვევაში, როგორია მისი შესაძლო შედეგი?

-ელისაშვილს გაუჭირდება, საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევა. თბილისის მერის არჩევნებზე მისი წარმატება განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ კარგად იცნობდა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, მისი საქმიანობაც, თუნდაც საკრებულოში დაკავშირებული იყო ქალაქთან, მაგრამ ის ჯერჯერობით საერთო ეროვნულ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა, მთელი საქართველოს მასშტაბით არც უფიქრია, არც ხედვები გააჩნია, არც გუნდი ჰყავს... მან უნდა დაამტკიცოს, რომ არის შემდგარი, საერთო ეროვნული ლიდერი, რისი გაკეთებაც ადვილი არ არის,  მარტო ქალაქზე და ძველ თბილისზე ფიქრი არ კმარა, საჭიროა ქვეყნის მასშტაბი, რაც ამ ეტაპზე გაუჭირდება, მაგრამ კოალიციის შეკრების შემთხვევაში, შეუძლია ერთ-ერთი სახე იყოს.

ლიდერის მონაცემები, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს გააერთიანებდა, მას არ აქვს, ასევე, უნდა იფიქროს, რომ ის ხმები, რომელიც  მან მიიღო მერის არჩევნებზე, მისი პირადი ხმები არ არის, მას ხმა ისეთმა ადამიანებმა მისცეს, რომლებიც სხვა შემთხვევაში არჩევანს მის სასარგებლოდ არ გააკეთებდნენ, მაგრამ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, როცა მათთვის სასურველი კანდიდატი ვერც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ, არჩევანი ელისაშვილზე შეაჩერეს.

-ხომ არ იკვეთება ნელ-ნელა მომავალი კანდიდატები? ვინ შეიძლება დაასახელოს „ქართულმა ოცნებამ“ და ვინ ოპოზიციურმა პარტიებმა?

-„ქართული ოცნებიდან“ რაღაც მოძრაობები შეინიშნება, ჭორის დონეზეც ვრცელდება, მაგრამ ფაქტია, კონსოლიდირებული პოზიცია არ ჩანს.

ვინც უნდა დაასახელოს მმართველმა პარტიამ, მას სხვა კანდიდატებთან უპირდატესობა ექნება რიგი მიზეზების გამო...

ძალიან მნიშვნელოვანია, რა როლს შეასრულებს ივანიშვილი, ღიად დაუჭერს მხარს დასახელებულ კანდიდატს, როგორც წინა ჯერზე იყო თუ დადგება ჩრდილში, როგორც ახლა. თუ მეორე სცენარი განვითარდა, შეიძლება, გაუჭირდეს "ოცნების" დასახელებულ კანდიდატს.  ივანიშვილის ფაქტორს მაინც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ, ბევრი რამ დამოკიდებულია მისი მხარდაჭერის სურვილზე. დისტანცირების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი რესურსებით იქნება და ოპოზიციას, გაერთიანების შემთხვევაში, მეტი შანსი რჩება. რაც შეეხება ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ დაიწყო პარტიების ფრაგმენტაცია, მდგომარეობა მძიმეა:„თავისუფალი დემოკრატები“, ფაქტობრივად, დაიშალნენ, „რესპუბლიკელები“ ორად გაიყვნენ, „ნაციონალები“ გაიყვნენ.. მე ვერ ვხედავ მათგან წამოსულ კანდიდატს, რომელიც მისაღები იქნებოდა, ალბათ უნდა მოძებნონ ვინმე, მაგალითად პაატა ბურჭულაძის მსგავსი, რომელიც პარტიული არ არის. თუ გამოჩნდა ასეთი პიროვნება, კიდევ არის შანსები, თორემ შიგნით, პარტიებში ვინმე კონკრეტულს ვერ ვხედავ. თუ კონსოლიდირება არ შედგა და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ წამოაყენა თავისი კანდიდატი, მაშინ არცერთ მათგანს არ ექნება შანსი.

-ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის  შესაძლო კანდიდატობაზეც გვესმის მოსაზრებები, შესაძლოა, რომ მან მოისურვოს გახდეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე?

-ივანიშვილმა იცის რა ქართული პოლიტიკის ავან-ჩავანი, ცდილობს, ნელ-ნელა საზოგადოება მიაჩვიოს, რომ ის არ ერევა სახელმწიფოს მართვაში მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის რა ზეგავლენას ახდენს, როგორც ხელისუფლების მოქმედებებში, ისე საკადრო პოლიტიკაში.

ის გათვლას აკეთებს, რომ როცა იქნება „ქართული ოცნება“ დამარცხდება და როცა ახალი რეჟიმი მოვა, შეიძლება, ყველა ცოდვა მას აჰკიდოს და რადგან გადარჩენის ძლიერი ინსტინქტი აქვს, ცდილობს, ამ  ეტაპზევე დისტანცია დაიჭიროს პოლიტიკური პარტიებისგან, მათ შორის, თავისივე შექმნილი „ქართული ოცნებისგან“. ის ერთხელ იყო უკვე პრემიერი და სურვილი რომ ჰქონოდა, გააგრძელებდა კიდეც, თანაც პრეზიდენტის პოსტი არაფერს აძლევს, მას აქვს ყველაფერი რას სჭირდება: ბიზნესები.. რეალური გავლენა ქვეყანაში და პრეზიდენტის პოსტი არ არის ის, რომ მას რამე მისცეს. არ მგონია ივანიშვილს ამ ეტაპზე პოლიტიკური მოღვაწეობა აინტერესებდეს.

-მაშინ ვის დაასახელებს „ქართული ოცნება“?

-კახი კალაძეს, რომ არ ეყარა კენჭი მერად, შეიძლება განგვეხილა მისი კანდიდატურა, იმიტომ, რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი „ოცნებაში“, რომელიც მცირე ავტონომიურობასაც კი ინარჩუნებს "ოცნების" შიგნით. ის ერთადერთია, რომელსაც  შეუძლია ტოლ-სწორზე ელაპარაკოს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ვინაიდან, ის ახალადარჩეული მერია, ბუნებრივია, უნდა გამოვრიცხოთ მისი კანდიდატურა. კალაძეს ალბათ პრემიერობისთვის ამზადებენ.

დიდი არჩევანი არ აქვს „ოცნებას“, რადგან ლიდერების დეფიციტია. რამდენიმე მინისტრი - კვირიკაშვილი, სერგეენკო.. გამომდინარე იქიდან, რომ იყო რაღაც რეფორმები სოციალურ სფეროში, პოპულარულია საზოგადოების რაღაც ნაწილში, თუმცა ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.  თუ კვირიკაშვილი წავა პრეზიდენტის პოსტზე, პრემიერი ვინ იქნება? ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ისეთი პიროვნება დღეს, რომელიც პრემიერობის ვალდებულებას აიღებს? ამ არჩევნებზე მათთვის მთავარია,  ჰყავდეთ კანდიდატი, რომელიც მათ პოლიტიკას დაემორჩილება და არ გამეორდეს იგივე სცენარი, რაც მარგველაშვილის შემთვევაში მოხდა. მათ ხელისუფლების ყველა შტოზე აქვთ კონტროლი, გარდა პრეზიდენტისა, ასე რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი იქნება კონსოლიდაციის მოხდენის კიდევ ერთი საშუალება. „ოცნებას“ უნდა პოლიტიკურ ველში არ დარჩეს ცნობადი პოლიტიკური ძალა , რომელიც მას და მის პოლიტიკას არ უჭერს მხარს, ამიტომაც არის ეს მათთვის მნიშვნელოვანი და არა იმიტომ,  რომ პრეზიდენტს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლება პოლიტიკის ფორმირებაში. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი სცენარი კარგია, მაგრამ ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ როცა ერთი პარტია ცდილობს, ყველა შტო საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს, ეს ავტომატურად იწვევს საზოგადოების უკურეაქციას  და სწორედ მაშინ იწყებს რეჟიმი ჩამოშლას - ბოლო ათწლეულში საქართველოში სწორედ ასე ხდებოდა.

-საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის ნაწილში,რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას?

-ამ საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ხალხს რა უნდა.

თუ დავეყრდნობით NDI-ის თუ IRI-ის კვლევებს, ვნახავთ, რომ ხალხის უმრავლოსობას უნდა პრეზიდენტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და სწორედ ეს არის  პრობლემა, რომელიც ვერ გაითვალისწინა "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას. არ ვიცით 2020 წელს რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხების გარშემო, ეს კონსტიტუცია არ იქნება ბოლო და როცა ახალი ძალა მოვა, კიდევ გადახედავს ამ კონსტიტუციას და გაგრძელდება ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა - ჭრა-კერვით მთავრდებოდა ყოველთვის. როცა ხალხის უმრავლესობას უნდა, რომ პრეზიდენტი იყოს ხალხის მიერ არჩეული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხალხს აქვს ამის სურვილი და ცუდია, როცა შესაძლებლობას არ უტოვებ.

სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს მოდელი ევროპაში მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ქართული რეალობიდან, პოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, ხალხი პრეზიდენტის პოსტს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, საზოგადოებას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს ცალკე შტო, რომელიც შეძლებდა, დააბალანსოს აღმასრულებელი ხელისუფლება, არასწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისე როგორც სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს ცალკე, რომ უნდა იყოს ძლიერი მასმედია ...

საზოგადოებას ასე ესახება დემოკრატიის არსი, რომ სხვადასხვა შტოები შეიძლება იყვნენ კონფლიქტში ერთმანეთთან და არა ისე, როგორც „ქართულ ოცნებას“ უნდა - ოთხივე შტო იყოს ჰარმონიაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ძალას წარმოადგენენ.

 ეს დემოკრატიულ ქვეყანაში აუცილებელი არ არის, შეიძლება იყოს კამათიც,  მაგრამ ისინი ერთმანეთს უნდა აბალანსებდნენ, რათა არცერთ შტოს მიეცეს ზედმეტად გაძლიერებისა და დემოკრატიული რეფორმებიდან გადახვევის საშუალება. ამ კუთხით, საზოგადოება სწორედ ამას უჭერს მხარს, თანაც როცა მანდატს ხალხისგან იღებს პრეზიდენტი, მას უფრო შეუძლია ხალხის სახელით ილაპარაკოს, ვიდრე პარლამეტიდან სხვადასხვა კონიუქტურის მიერ არჩეულ პიროვნებას, მართალია, პარლამენტიც ხალხის არჩულია, მაგრამ შესაძლოა, იქიდან პრეზიდენტი არ აირჩეს საერთო კონსენსუსუ საფუძველზე და მაინც მხოლოდ პარტიამ გადაწყვიტოს, ვინ იქნება პრეზიდენტი, ვინ არის თავის პარტიისთვის ყველაზე მისაღბი, უამრავი გასავალიწინებელი ნიუანსია.

 ესაუბრა თამთა ქარქაშაძე ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .