ქართული სასამართლოს "ფეიქი" გადაწყვეტილება სტრასბურგის პირველსავე სხდომაზე ჩამოინგრევა, - საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
"არცერთ ქვეყანას შეწყალების გამო, არცერთი პრეზიდენტია არ გაუსამართლებია. ეს სპეციალურად გააკეთეს საქართველოში იმისთვის, რომ აქ დამატებითი სამართლებრივი საფუძველი მიეცათ უკრაინისთვის. ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი "ფეიქი" გადაწყვეტილება საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც კი პოლიტიკურად მოტივირებულად სცნო და ასევე უკანონოდ სცნეს სამართალდამცავებმაც. გპირდებით, სტრასბურგის პირველსავე სხდომაზე ჩამოინგრევა ეს საქმე",-განაცხადა სააკაშვილმა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 5 იანვარს გამოაცხადა. არევაძემ ის დამნაშავედ მიიჩნია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ დრომდე არ არის ცნობილი გაასაჩივრებს თუ არა, სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ სააკაშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა, მისი დაცვისქვეშ მყოფის მხრიდან მასთან კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მისთვის უცნობია აღნიშნულთან დაკავშირებით, სააკაშვილის პოზიცია.
დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაასაჩივროს.