თარიღი    დრო

რაულ ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციას გიორგი ლუკავას შეწყალებაზე განმარტებების გაკეთება უწევს

საქართველო, თბილისი - 14:26 01.05.2018 3607

ოკუპირებულ  აფხაზეთში გიორგი ლუკავას შეწყალების გამო მოსახლეობის პროტესტი არ წყდება, რის გამოც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ე.წ.ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, თუ რის სანაცვლოდ  გადასცეს თბილისს დრანდის ციხეში მყოფი ლუკავა.

აფხაზური მედიის ცნობით,  განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ საქართველოს გადასცა გიორგი ლუკავა და აღნიშნული აქცია იყო პატიმართა გაცვლის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საქართველოს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მას შემდეგ, რაც ქართულ ციხეებში „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები“ აღმოჩნდნენ და რომლის ფარგლებში არაერთი პატიმრის გაცვლა მოხდა. მაგალითად, განცხადებაში წერია, რომ სოხუმის თხოვნით ერთი თვის წინ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ“ თბილისს ასევე გადასცა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილიც, ოფიციალურმა თბილისმა კი სანაცვლოდ სოხუმს გადასცა როლანდ ჟიბა, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბესლან კვიცინიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც აფხაზური მხარე აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან კრიმინალები, რომელთა ექსტრადირებას მუდმივად ითხოვდა და ითხოვს სოხუმი. მათ შორისაა, 2013 წლის სექტემბერში სოხუმში რუსეთის დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულიც და „აფხაზეთის ხელისუფლება“ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დიპლომატის მკვლელის ექსტრადირების დაჟნებით მოთხოვნას კვლავ გააგრძელებს.

რაულ ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციის განცხადებით, გიორგი ლუკავას გადაცემამდე ქართული მხარისთვის გადაცემულია ისეთი პატიმრებიც, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს, მაგალითად, გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა და მათზე რაიმე აღშფოთება სოხუმში არ ყოფილა. ხაჯიმბას ადმინისტრაცია „აფხაზ მოქალაქეებს“ მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციულ მოწოდებებს არ აჰყვნენ.

2013 წლის 9 სექტემბერს ოკუპირებულ სოხუმში, საკუთარ სახლში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი და მისი ცოლი ოლგა მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი იუსუპ ლაკაევი დასახელდა. 13 სექტემბერს ლაკაევი ქართველმა სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად ბათუმში დააკავეს. შსს–ის ინფორმაციით, ლაკაევი საქართველოში არალეგალურად იყო შემოსული და თურქეთში გადასვლას ცდილობდა, დაკავებისას მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად ლაკაევი. აფხაზური მედიის ცნობით,  სოხუმის რეჟიმი გიორგი ლუკავას შეწყალების სანაცვლოდ ახლა ლაკაევის მათთვის გადაცემას ითხოვს.

ოკუპირებული აფხაზეთში გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტის შესასწავლად კომისიაც შეიქმნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. პარლამენტში, რიგგარეშე სხდომას 3 იანვარს, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, უზენაესი სასამართლოს და ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გარი არშბამ განაცხადა, რომ ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ ხაჯიმბამ შეიწყალა.  კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი დამნაშავის შეწყალება, აფხაზეთის ე.წ.გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ განაცხადა, რომ „შეიძლება შეიწყალოს ნებისმიერი პირი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის“.

სხდომის დასრულების შემდეგ ე.წ. დეპუტატი რაულ ლოლუა „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილ საზოგადოებასთან გავიდა და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემა ხაჯიმბასადმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ მიმართვის საფუძველზე მოხდა, რათა ქართულ მხარეს ცხინვალისთვის საქართველოში დაკავებული ოსი სამხედროები გადაეცა.

მისი თქმით, შექმნილი კომისია ამ გადაწყვეტილების კანონიერებას შეისწავლის. აღსანიშნავია, რომ გუშინ გიორგი ლუკავას გადაცემის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%