თარიღი    დრო

რა ხდება ირანში?!

საქართველო, თბილისი - 11:29 01.04.2018 1733

„ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ სარდალმა, მოჰამმად ალი ჯააფარიმ განაცხადა, რომ 28 დეკემბერს ირანში დაწყებული „შფოთვა“ უკვე დასრულებულია. მისი თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილეთა რიცხვმა „კრიტიკულ მომენტებშიც კი მხოლოდ 15 000 ადამიანს მიაღწია“.

ბუნებრივია, 80 მილიონიანი ქვეყნისთვის ეს, თითქოსდა, ბევრი სულაც არ არის. მაგრამ სინამდვილეში, ჯააფარი ეშმაკობს, რადგან თავადაც იცის:  ჯერ ერთი, რეალურად ბევრად მეტი იყო, მეორეც რაოდენობაში არაა საქმე: ასეთი მასშტაბისა და (რაც მთავარია) შინაარსის გამოსვლები ისლამურ რესპუბლიკას საერთოდ არ ახსოვს 1979 წლიდან.

ბოლოდროინდელ მოვლენებს ზოგჯერ ადარებენ ხოლმე 2009 წლის გამოსვლებს, როცა ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მორიგი არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ. ოღონდ  მაშინ არ ყოფილა ასეთი ლოზუნგები: „სიკვდილი დიქტატურას“, „არ გვინდა ღაზა, გვინდა აქ ადამიანურად ცხოვრება“ - იგულისხმებოდა, „არ გვინდა ღაზა“, ანუ ისრაელთან ლამის მარადიული, თანაც უშედეგო დაპირისპირება კი არ გვინდა, არამედ კომპრომისების ძიება და მოსვენება..... „ირანი შაჰის გარეშე“; „უფლისწულო დაბრუნდი!“ - მიმართვა 1979 წელს დამხობილი შაჰის მემკვიდრეს, ვისაც ასევე რეზა ფეჰლევი ჰქვია....ხოლო „დიქტატორში“, რომელსაც სიკვდილს უსურვებენ, აშკარად იგულისხმება არა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, არამედ  აიათოლლა ჰამენეი - ისლამური რევოლუციის სულისჩამდგმელის, `მრისხანე`, `დიადი` ააითოლლა ჰომენეის ერთ-ერთი მემკვიდრე.

ადრე ამის წარმოდგენაც  შეუძლებელი იყო!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს“, ეს არის „ირანული ჟანდარმერია“, რომელიც ისლამურ თარგზე აწყობილი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს. თავდაპირველად, ანუ 1979 წლის შემდეგ,  როცა ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა,  „კორპუსი“ ფანატიკოსებისგან შედგებოდა; მაგრამ  ფანატიზმს, ზოგადად, ის თვისება აქვს, რომ, ბოლოს და ბოლოს  მისით იღლებიან! ხოლო „იდეოლოგიური სიწმინდის“ მცველი ჟანდარმერია, დროთა განმავლობაში,  აუცილებლად გადაიქცევა და გადაიქცა კიდეც ჩვეულებრივ, გახრწნილ, ბოლომდე კორუმპირებულ სახელმწიფო ორგანიზაციად - ასეთივე გახრწნილი და კორუმპირებული ელიტარისტული სახელმწიფოს მცველად, რომელსაც ერთადერთი რაც შერჩენია,  - იმავე „ეჭვმიუტანელი იდეოლოგიური საყრდენების“ ბოლომდე გამოწურვაა:

სარდალ ჯააფარის განცხადებით, „შფოთვა“ ირანის ქალაქებში 1396 წლის მიწურულს დაიწყო და 1397 წლის დამდეგსვე დასრულდა „ირანელი ხალხის გამარჯვებით“.

ეს ირანული წელთაღრიცხვაა - წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადებიდან. ანუ ქრისტიანების „ჯინაზე“, რაკი ქრისტეშობიდან ვიწყებთ ქრონოლოგიას.  და ისეთივე მტკნარი, თანაც უბადრუკად „დაკომპლექსებული“ სისულელეა, როგორც, მაგალითად, „ჰალსტუხზე“ უარის თქმა იმავე 1979 წლიდან; აქაოდა, „ეს ქრისტიანული „ეშმაკის კუდია“ და მაჰმადიანმა „ეშმაკის კუდი“ მკერდზე არ მოიბასო“.

მერედა, კოსტიუმი, რომელიც აცვიათ, „ევროპული“ ანუ (მათი აღქმით) ქრისტიანული და  „ჯვაროსნული“ არ არის?

იაპონელები ირანელებზე ნაკლებ „ტრადიციონალისტები“ ნამდვილად არ არიან, თუმცა ამგვარი ხერხებით (ევროპულ წელთაღრიცხვაზე და ჰალსტუჰზე უარის თქმით) არ იცავდნენ საკუთარ ტრადიციებს  და ეროვნულ ღირებულებებს XIX საუკუნის ბოლოდან, რადგან არა ევროპის, არამედ საკუთარ ღირსებას უფრთხილდებიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბოლოს და ბოლოს, ირანელთა მნიშვნელოვან ნაწილს, მით უმეტეს ინტერნეტის, გლობალური ტელევიზიის, ფეისბუკის და თუითერის ეპოქაში,  მოსწყინდა ამგვარი „ჯირყვნა“.  ხოლო „სულ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში“, ბევრს არაფერს ნიშნავს.  „რამდენიმე ათასიპასიონარი უკვე ირანული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოქანცულობას  გამოხატავსშავ აიათოლლათამრავალწლიანი მმართველობით, მუდმივი დაძაბულობით, სოციალური გაჭირვებით...... მაშინ, როდესაც ჩინოსნებს, ელიტარებს და მათი ოჯახის წევრებს  არაფერი აკლიათ.

და  ეს ყოველივე ხდება 5 ათასწლოვანი ისტორიის, უდიდესი კულტურის ქვეყანაში, რომლის პოტენციალზე თუნდაც გენიალური ირანული კინემატოგრაფი მეტყველებს, რომელიც „აიათოლლებმა“ ჯერ ვერ აკრძალეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

28 დეკემბერს მეშჰედში დაწყებულ გამოსვლებს, მომდევნო ერთი კვირის მანძილზე, ირანის რამდენიმე ქალაქში, 21 თუ 22 ადამიანი შეეწირა. ზოგიერთ ადგილას პროტესტანტებმა პოლიციის განყოფილებათა შტურმით აღებაც სცადეს, რათა იარაღი მოეპოვებინათ და მოძალადე ხელისუფლებისთვის უკვე შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწიათ.

მთავრობამ საკომუნიკაციო სისტემები, პირველ რიგში  Telegram და  Instagram დაბლოკა, მაგრამ დღეს ჩვენს პლანეტაზე 2018 წელია და არა 1397! ამგვარი მეთოდები ვერ გაჭრის!

შედარებით ნაკლებ მძლავრი აღმოჩნდა პროტესტები დედაქალაქ თეირანში, რაც ცუდი ნიშანია „რევოლუციონერთათვის“, ვინაიდან, როგორც კაცობრიობის ისტორიამ არაერთგზის დაადასტურა, ნებისმიერი რევოლუციის ბედი დედაქალაქში წყდება.

ჰასან როუჰანიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი პასუხისმგებლობა გარეშე ძალებს -  სუნიტურ საუდის არაბეთს, ისრაელსა და „დიდ შაითან“ ამერიკას დააკისრა. მაშინ, როდესაც რევოლუციონერები წყევლა კრულვას არ იშურებენ „მცირე შაითან“ რუსეთის მიმართ.

პრეზიდენტი როუჰანიც და „სულიერი ლიდერი“ აიათოლლა ჰამენეიც ცდილობენ გამოიყენონ სუნიტებსა და შიიტებს შორის ტრადიციული ურთიერთსიძულვილი, ასევე ანტისემიტიზმი და ანტიამერიკანიზმი, ქრისტიანოფობია, ანუ, ისევ და ისევ ამოქმედებენ იმ „ძირეულ საყრდენებს“, რაც რევოლუციონერებს არ მისცემს საშუალებას, დაანგრიონ რეჟიმი, ხოლო რეპერსიულ აპარატს „გაუპრავებს“ სისასტიკეს იმათ მიმართ, ვინც ქუჩაში გამოვიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლების სოციალურ წინაპირობებს, მთავარი მიზეზი მაინც გაჭირვება, მუდმივი პრობლემებით გადაღლილობა და სოციალური უთანასწორობაა.

ნავთობითა და ბუნებრივი აირით ზღაპრულად მდიდარი ირანის მოსახლეობისთვის ელემენტარული ლუკმა-პური და  მარტივი კომფორტიც  პრობლემაა. უმუშევრობა ქალაქებში და ახალგაზრდებს შორის 29%-ს აღწევს. GDP გასულ წელს 12,5% გაიზარდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა შეარბილა სანქციები, თუმცა ადამიანებს მასობრივად არ უგრძვნიათ ეს სიკეთე: შემოსავლების უდიდეს ნაწილს „ჭამს“ კორუმპირებულ ჩინოსანთა ღორმუცელობა და სამხედრო ხარჯები.

შეიძლება ითქვას, ირანში ხდება ის, რაც, ბოლოს და ბოლოს, ემართება ნებისმიერ ტოტალიტარულ რეჟიმს: 1917 წელს რუსეთში ფანატიკოსებმა და პოლიტიკურმა გენიოსებმა (ლენინი, ტროცკი) რევოლუცია განახორციელეს; მკაფიო იდეოლოგიური დოქტრინაც შექმნეს; შემდეგ სტალინმა, ამ დოქტრინის საფუძველზე, თითქოსდა ურყევი ტოტალიტარული სახელმწიფო ააგო, მაგრამ წლების შემდეგ იგი დასუსტდა, გამოიფიტა, გადაიზარდა ბრეჟნევის მარაზმში, გაიხრწნა კორუფციაში და, ბოლოს, ხუხულასავით ჩამოიშალა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, ძალიან დიდი წვლილი ირანის ბოლოდროინდელ „აფეთქებაში“ დასავლურმა სანქციებმა შეიტანა: უკვე მრავალი წელია, ამერიკა და ევროპა არ ყიდულობს ირანულ ნავთობსა და გაზს, უბლოკავს საბანკო გადარიცხვათა ელექტრონულ სისტემას (SWIFT), უკეტავს ბაზრებს  და ა.შ.

ასეთივე სანქციები, საქართველოსა და უკრაინის მოვლენათა შემდეგ, დასავლეთს მოსკოვის წინააღმდეგაც რომ განეხორციელებინა, პუტინი, ვისაც ესოდენ მყარი იდეოლოგიური დოქტრინა არა აქვს, ხუხულასავით ჩამოიშლებოდა!

ოღონდ რუსეთი ირანი არ არის: ათასობით ბირთვული ბომბი აქვს, ასეულობით ტრანსკონტინენტური რაკეტა და ევროპის ცენტრსაც კალინინგრადიდან აკონტროლებს „ისკანდერებით“. ამიტომ რუსეთს ვერ უბედავენ და ვერც გაუბედავენ იგივეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც არ უნდა დასრულდეს, საბოლოოდ, „ირანული გაზაფხული“, ცხადია, ისტორიულად ეს რეჟიმი უკვე დამარცხებული და განწირულია.

რას მოუტანს საქართველოს ირანის ქცევა თურქეთის მსგავს, ანუ თანამედროვე, ტექნოლოგიურ, განვითარებულ, დასავლეთზე ორიენტირებულ და, მთლიანობაში, არაკონფრონტაციულ სახელმწიფოდ  - „ცივილიზებული ისლამით“?

მხოლოდ და მხოლოდ დადებითს, - არაფერს სიკეთის გარდა!

უპირველესად იმიტომ, რომ რეგიონის ენერგეტიკულ ბაზრებზე დაბრუნდება კოლოსალური რესურსის მქონე ქვეყანა, რომელსაც აუცილებლად დასჭირდებადერეფანისამხრეთ ევროპაში ენერგომატარებელთა მისაწოდებლად; ანუ, „ირანის დაბრუნება“ შეიძლება მხოლოდ იმათთვის არ იყოს ხელსაყრელი, ვისაც ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტის ეშინია (რუსეთი, აზერბაიჯანი) თორემ საქართველოს რა?

ჩვენს ქვეყანას  გაუჩნდება  საშუალება „დააბალანსოს“ სხვა რეგიონულ ზესახელმწიფოთა გავლენა ამ დიდ სახელმწიფოსთან პარტნიორობით,  - მისი უზარმაზარი ბაზრით, ტურისტული პოტენციალით და უნიკალური კულტურით; დაამყაროს ირანთან მეგობრული ურთიერთობა ისე, რომ აღარ აღმოჩნდეს არჩევანის წინაშე „დასავლური ვექტორის“ უალტერნატივობასა და აზიურ ზესახელმწიფოსთან პრაგმატული, სასარგებლო თანამშრომლობის აუცილებლობას შორის

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%