ENG / RUS       12+

ჩაშლილი ოცნება: ბჟეზინსკი, გრეჩიხა, „ვინმე ზაქრო“ და „ვინმე შაქრო“

სანამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, კიევში, უკვე სრულიად აშკარად და ლამის დაუფარავად იბრძვის იმისთვის, რათა დააპატიმრონ და საქართველოში ტრიუმფალურად დააბრუნონ (რაკი „ოცნების ხელისუფლების“ სისუსტის იმედი აქვს), მმართველი პარტია და მისი მთავრობა უმძიმეს შეცდომას-შეცდომაზე უშვებს, რითაც ნამდვილად ადასტურებენ, რომ ქვეყანას  მართლაც მართავს  ძალიან სუსტი, მოწყვლადი, რევოლუციური რყევებისადმი არამდგრადი ხელისუფლება და მის ჩამოშლას (როგორც მიშა ამბობდა 2003 წელს) „ერთი წკიპურტი“ ეყოფა.

მართლა ეყოფა თუ არა, სხვა საკითხია; მაგრამ ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა, პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა ერთხელ საქართველოს შესახებ: „ამ ქვეყნის სპეციფიკა ისაა, რომ სანამ სიტუაცია გამოიყურება, როგორც სტაბილური, ხოლო ხელისუფლება გამოიყურება, როგორც ძლიერი, იგი ასეთად დარჩება“.

 ძალიან ნიჭიერი ადამიანის უაღრესად ღრმა დაკვირვებაა მართლაც - სწორედ საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასული კვირის მოვლენებმა არა მხოლოდ დიდი პოლონელ-ამერიკელი „გეოპოლიტოლოგის“ შეხედულება  დაადასტურა, არამედ სისტემური კრიზისიც მმართველ პარტიაში.

არადა, სანამ ამ კრიზისზე ვიტყოდეთ, ხომ თითქოს ყველაფერი არათუ „კარგად“, არამედ „სულ მთლად შესანიშნავად“ იყო? - ტრიუმფალური გამარჯვება ჯერ საპარლამენტო, შემდეგ მუნიციპალურ არჩევნებში; „ზესაკონსტიტუციო უმრავლესობა“; „იდეალურად მორგებული“ კონსტიტუციის დამტკიცება ხმათა სამი მეოთხედით (!); მთავარი ოპოზიციური პარტიის დაშლა; ისტორიით დაღლილი, თითქოსდა მიძინებული „პოლიტიკუმი“ და „მომთქნარე საზოგადოება“, ვისაც  სიმშვიდისა და სტაბილურობის გარდა აღარაფერი აინტერესებს და, უეცრად.......მმართველი პარტიის „ჩანშლა“!

რამდენიც არ უნდა „იძახონ“ ახლა, „ეს წინასწარ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილება იყოო“, ამას არავინ დაიჯერებს, რადგან ძალიან „უცნაურად“ დაემთხვა ოსტატურად „გაფიარებულ“ სკანდალს „სახშესყიდვების“ თაობაზე.

და მაინც, არაფერი განსაკუთრებული და საშიში ამ სკანდალში არ იქნებოდა, რომ არა პრემიერ კვირიკაშვილის სრულიად გამაოგნებელი გამონათქვამი, რამაც ხელისუფლებაში არსებული სისტემური კრიზისი და მისი სისუსტე გამოავლინა: ვინმე „გრეჩიხას“ კომიკურ პრეტენზიაზე „ჩემი სიძე ახალგაზრდა კაცია, საკუთარ ბიზნესს ახლა ქმნის და ბიუჯეტის მხარდაჭერა სჭირდებაო“, მთავრობის მეთაურმა, ვინც კონსტიტუციით, სახელმწიფოში მოვლენათა განვითარებაზე მთავარი პასუხისმგებელი პირია, განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს თუ....... აი ამ „თუ“-ს უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ისევე, როგორც წარმოშობილი შიდასახელისუფლებო „დაგნარის“ შინაარსს, როდესაც სხვადასხვა  ჯგუფები „სადილერო რესურსებს“ ვერ იყოფენ. 

მთავარია, რომ „ელიტებმა“, აგრეთვე ქვედა, საშუალო და მაღალი რგოლის ბიუროკრატიამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი, საბედისწერო მესიჯი: „ხელისუფლება მერყევია“, „ხელისუფლება სუსტია“, „ხელისუფლება სრულიად შესაძლებელია შეიცვალოს“, „პრემიერ-მინისტრი შეიძლება გადადგეს“ და.....რა იქნება მერე?

 „მერე“ რაც იქნება, აგერაა: არათუ „მთავარი“, არამედ „ერთადერთი“ ალტერნატივის სახით, ვინც კვლავინდებურად ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგის უკრაინაშიც და საქართველოშიც, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჭკვიანურად „გაფიარებული“ პროცესის ფარგლებში უკვე ალაპარაკდნენ პრემიერის შესაძლო „შემცვლელზეც“. ეს მხოლოდ აძლიერებს ნევროზულობას და არყევს საფუძველს, რომელსაც ეყრდნობა ხელისუფლება. ეს საფუძველი კი, ერთის მხრივ, ზემოთხსენებული ბიუროკრატიის უსიტყვო ლოიალობაა, მეორეს მხრივ სიმშვიდისა და სტაბილურობის მოსურნე ობივატელური მასის მადლიერება. თუ ეს „საყრდენები“ ჩამოიშალა, „პასიონარული უმცირესობის“ აგრესია შეუჩერებელი და შეუქცევადი გახდება.

რამდენი ადამიანი ედგა მხარში სააკაშვილს ეზოში, სადაც მანქანაში ჩასვეს, რათა სასამართლოში წაეყვანათ? შევხედოთ კადრებს: სულ რამდენიმე ასეული! მაგრამ ამ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, ესე იგი მიზერულმა, ოღონდ პასიონარულმა  უმცირესობამ, სწორედ მისი პასიონარულობის, ანუ ქართულად „გამკეთებლობის“ და „ყველაფერზე წამსვლელობის“ გამო, შეძლო შეექმნა მთელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მომდევნო დღეებში მასშტაბურად გაგრძელდა და კვლავაც გრძელდება.

მიშამ, ვინც (ეჭვი არ შეგეპაროთ) უდიდესი ყურადღებით ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში და „მოკავშირე ტელევიზიის“ მეშვეობით მართავს კიდეც აქ პროცესებს, ზუსტად იცის: იგივე მოხდება  საქართველოშიც! ამაში რომ ეჭვი ეპარებოდეს, ანუ, მაგალითად, საქართველოს რომ დღეს მისი „მენტალურ-ტიპოლოგიური ტყუპისცალი“ ბურჯანაძე ან ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდნენ, მათ ხელში ჩავარდნას  ისევ კიევში „ჭკუით ყოფნას“ ამჯობინებდა, მაგრამ როცა ხედავს, რამდენად სუსტია, გაუბედავია, ფრთხილია, შიშნეულია, დეზორიენტირებულია, დაბნეულია, მერყევია ხელისუფლება, საკუთარ შანსსაც გრძნობს - უცდომელი  მტაცებლური  გუმანით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კომიკური პარადოქსია, მაგრამ დღევანდელი მთავრობის ერთადერთ რესურსად ბიძინა ივანიშვილი რჩება არა მხოლოდ და არა იმდენად მისი ფინანსური ყოვლისშემძლეობის ან „საკადრო გავლენის“, არამედ იმის წყალობით სწორედ, რომ „არ ჩანს თუმცა სუფევს“ - „არსადაა და ყველგანაა“, რითაც ელიტებსაც და ბიუროკრატიასაც უქმნის შთაბეჭდილებას (!-იხილეთ ზემოთ ზბ. ბჟეზინსკი), რომ ეს ყოველივე „მისი მოწყობილია“, „ბიძინას კონტროლით ვითარდება“, რომ ამ ყველაფერს „თვითონ გეგმავს“  და „იცის რასაც აკეთებს“, უბრალოდ „ახლა ასეა საჭირო“: „გრეჩიხა გამოვარდეს“, „ფრაქცია გაიშალოს“, კვირიკაშვილმა თქვას, სხვა შეედავოს, ვიღაცამ ახალი ფრაქცია შექმნას და ა.შ.

რეალურად ასე სულაც არ არის, ხოლო  თუ ფაქტით დადასტურდა, რომ ასე არ არის......ხელისუფლება უკვე მართლა საბოლოოდ ჩამოიშლება: სინამდვილეში ბიძინა სულაც არაა ისეთი „ყოვლისშემძლე“, როგორც მისი ხელისუფლების სოციალურ საყრდენთ ეჩვენებათ. გადადგომის და საჯარო სივრციდან გაუჩინარების შემდეგ, იგი კომპიუტერულ „სამხედრო სტრატეგიას“ თამაშობს, როცა კურსორით მიუთითებს „იუნიტს“, საით უნდა წავიდეს და მერე აღარც ერევა, რაკი, წესით, იმ „იუნითმა“ თვითონ უნდა გააკეთოს საკეთებელი.

როცა დაინახავს, „რაზმი“ ამჯერად სულ სხვა მიმართულებით წავიდა, ალბათ ჩაერევა, თუმცა ეს ჩარევა უკვე შეიძლება ძალიან გვიანი  აღმოჩნდეს

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მართლა „წინასწარ შეთანხმებული“ იყო თუ არა „ოცნების“ ფრაქციის დაშლა რამდენიმე ნაწილად და ითვალისწინებდა თუ არა ეს პროექტი „ძირითადი ფრაქციიდან“ ორი პატარა კლონის გამოყოფას (დებატებისას დამატებითი დროის მოსაპოვებლად ან პოლიტიკური მანევრისთვის), უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს: მთავრია, როგორ „გაფიარდა“ ეს ყოველივე, ანუ რა შთაბეჭდილება (!) შეიქმნა.

და თუ ფრაქციული „განშლის“ ავტორებმა (საეჭვოა მათ შორის „ყოვლადმსუფევი ბიძინა“ ამჯერადაც ყოფილიყო) არ გაითვალისწინეს საინფორმაციო ველი და სწორედ „უბრალოდ დაამთხვიეს“ განშლა თუ „ჩაშლა“ გრეჩიხა-პრემიერ-თოფაძე-სიძე-კია-ჰიუნდაი-სიტროენის სკანდალს, მაშინ ამ ხალხს პოლიტიკური მოღვაწეობა საერთოდ უნდა აუკრძალო, რადგან ასეთი დონის არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა „ბოროტ განზრახვაზე“ ბევრად უარესია!

ამას ნამდვილად ის სჯობს, თუ ერთის მხრივ „გრეჩიხას საძმო“ და მეორეს მხრივ „ხიჩიკაშვილის“ კრეატურა მართლა პროტესტისა თუ  „პრავების კაჩავის“ ფარგლებში გავიდა „ოცნებიდან“.

სააკაშვილის უკვე გარდაუვალი დაპატიმრებისა და ასევე გარდაუვალი დეპორტაცია-ექსტრადიციის წინ, მმართველი პარტია კატასტროფულად აგებს ყველაზე მთავარ ბრძოლას: „ფი-არ“ ომს მიშასთან!

იხილეთ მიშას „მოკავშირე ტელევიზია“, მისი საინფორმაციო ინვექტივები, ნიჭიერი, კრეატიული „სახეები“, ბოლოს და ბოლოს პარტიული სფოუქსპერსონები და შეადარეთ მოწინააღმდეგეთ: სრული დონდლოობა, უნიათობა, სტერეოტიპულობა, გაუბედავობა. მთავარ სფოუქსპერსონებად კი.....უღიმღამო სათვალეებიანი ბუღგალტერი, ყოფილი „ტკ“-ს მდივანი ძველბიჭური „ფრონანსიეშენით“, ასევე ვინმე მთიელი „ზაქრო“ და ვინმე შაქრო“........

ფაქტიურად, ერთადერთი გამონაკლისი, ვინც იცის, როგორ „იმუშაოს“ კომუნიკაციისა და „ფიარ“-ის სფეროში,  მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელია და ზოგიერთი ცნობით, ისიც აითვალწუნეს „მეტისმეტი რადიკალიზმის“ გამო.

ისევ და ისევ, დანაშაულებრივად ბრიყვულია რწმენა იმისა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, რაკი მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა. კი, მომხრეა, მაგრამ ამის მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში ტელევიზორთან დარჩება აუსრულებელი და აუსრულებადი ოცნების ბოღმანარევი სინანულით. მეტი არც არაფერი.

ისტორიას ქმნიდა, ქმნის და მუდამ შექმნის პასიონარული უმცირესობა და არა ობივატელური უმრავლესობა. ვაი იმ ქართულ ხელისუფლებას, ვისაც მხოლოდ „პროცედურული დემოკრატიის “ იმედი აქვს.

საქართველოში ეს შეცდომაზე უარესია.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .