თარიღი    დრო

სანდრო გირგვლიანი - მიშას ბედისწერა

საქართველო, თბილისი - 10:16 12.14.2017 4951

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთზე (ე.წ. „სანდრო გირგვლიანის ქეისი“) მოსამართლე უკვე სათათბიროდ ემზადებოდა, ანუ განაჩენი ხვალ-ზეგ უნდა გამოცხადებულიყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა „აცილების“ შესახებ განაცხადეს.

მათი დაცვის ქვეშ მყოფმა, მოქმედ ვექილებზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ახალი ადვოკატი, განურჩევლად იმისა, სახაზინო იქნება იგი თუ ისევ კერძო, აუცილებლად მოითხოვს რამდენიმე თვეს მრავალტომიანი სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად. და ეს მოთხოვნა სრულიად ლოგიკური, ასევე იურიდიულად გამართლებული იქნება: აბა როგორ შეიძლება ადვოკატს რამდენიმე თვე არ მისცე იმ საქმის შესასწავლად, რომელიც სამი წელი გრძელდება?

თუ სასამართლო ამაზე უარს იტყვის, გაჩნდება „წყალგაუვალი“ საფუძველი, რათა  ევროპის „ადამიანის უფლებათა სასამართლომ“ მთელი პროცესი „დისკრიმინაციულად“ გამოაცხადოს. ხოლო ისეთ ცნებას, როგორიცაა „პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება“ სტრასბურგში ტრადიციულად სკეპტიკურად უყურებენ. ესეც სრულიად ბუნებრივია ამ სასამართლოს უფლებადაცვითი და ჰუმანისტური „ფილოსოფიიდან“ გამომდინარე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ  მთელს ამ „ოთხქეისიან პროცესში“ არის ერთი  საინტერესო ნიუანსი, რომელსაც სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას: არც იგივე ადვოკატები და არც თვით მიხეილ სააკაშვილი არ ჩქარობენ „გაჭიანურების ტექნოლოგიათა“ ამოქმედებას მეორე პროცესზე, რაც ასევე დასასრულს უახლოვდება: ესაა ე.წ. „პიჯაკების ქეისი“, პროკურატურის ინტერპრეტაციით „ბოტოქსის საქმე“, რომლითაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ საიდუმლო ანგარიშთა მეშვეობით.

ამ სხვაობას თუ დავაკვირდებით, ბრალდებულის მთავარი მოტივი იოლი მისახვედრია: მიშამ შესანიშნავად იცის, რომ განაჩენი ოთხივე საქმეზე გარდაუვალია. მაგრამ მას სურს, პირველ რიგში, ვერდიქტი გამოცხადდეს იმ პროცესზე („ე.წ. „პიჯაკების საქმე“), რომელიც მისთვის ბევრად კომფორტულია, „გასაპიარებლად მოხერხებულია“ და ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტებით დახუნძლული („როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი, სამგლოვიარო გვირგვინისთვის, ციხეში ჩასვა?) და არა იმ საქმეზე, რაც პირიქით,  - მისთვის ყველაზე მოუხერხებელი და არაკომფორტულია ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან.

იმიტომ, რომ „ვენოკები“ მართლა სასაცილოა, „ვალერი გელაშვილის ცემის“ ქეისზე კი,  ჯერ ერთი „ბრძანების უშუალოდ გამცემნი“  გაქცეულები არიან და თვით პრეზიდენტს  ხელს არავინ ადებს აშკარად „დაინტერესებული“ ოქრუაშვილის გარდა. თანაც,   საზოგადოებაში ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ ის „ნამდვილად საცემი იყო“ ორსული ქალის შეურაცხყოფისთვის.

რაც შეეხება 2007 წლის მიტინგის დარბევას და მერე „ტელეიმედში“ შეჭრას, ჯერ ერთი, „რუსი ოლიგარქის მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ მაინც სერიოზული „სათქმელია“. ანუ „ძნელადმოსაგერიებელი“: იმდროინდელი ოპოზიციის ლიდერები და მაშინდელი „რევოლუციური ტელევიზია“ არც მალავდნენ, რომ მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. ბოლოს და ბოლოს, ეს პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ეწერა ბადრი  პატარკაციშვილის ცნობილ მიმართვაში: „უკანასკნელ დოლარს  დავხარჯავ, რათა დავამხო სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი.....“

შემდეგ გამოქვეყნდა ერეკლე კოდუას ლონდონური ფარული ჩანაწერები, რომელთა აუთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია......და ა.შ და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ანუ, სათქმელი ყველა სხვა ქეისზე გააჩნიათ, მაგრამ აი გირგვლიანის საქმე...... „როგორ შეიძლება პრეზიდენტი შეწყალების გამო ციხეში ჩასვა, ეს ხომ სასაცილოა?!“ - ვერ ჭრის და ვერც გაჭრის. იმიტომ, რომ არც აბსურდია და არც სასაცილო!

ამ შემთხვევაში „ანტიმიშისტებს“ აქვთ ძალიან სერიოზული, ძნელადმოსაგერიებელი არგუმენტი: იმავე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ევროსასამართლო „გაოგნებულია“ თუ რა შეხმატკბილებულად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, რათა დამნაშავეებს მძიმე სასჯელი თავიდან აეცილებინათ.

აქ იგულისხმება არა მხოლოდ იმდროინდელი  პროკურატურის პოზიცია, არამედ პირველ რიგში ის, რომ მაშინდელმა პარლამენტმა სპეციალურად ამ ქეისისთვის შეცვალა კანონი (!), გადაიტანა „გირგვლიანის საქმე“ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიდან - ნაკლებად მძიმე დანაშაულში, რამაც შექმნა იურიდიული საფუძველი გირგვლიანის გამტაცებელ პოლიციელთა გარეთ გამოსასვლელად - იმ საპრეზიდენტო შეწყალების ფარგლებში, რომელიც თითქოსდა გამოიცა დაახლოებთ 175 მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელის ან ყოფილი სამხედროსთვის, მაგრამ სინამდვილეში აშკარად მიზნად ისახავდა სწორედ „ამათი“ ციხიდან გამოყვანას.

აქვე უნდა ითქვას, რომ „გირგვლიანის მკვლელებად“ მათი მოხსენიება იურიდიულად არაკორექტულია, შინაარსობრივად ადექვატურიც რომ იყოს: ალანიას (დღეს გაქცეულია) და სხვებს, ვინც სანდრო გირგვლიანი მეიდნის ბარიდან გაიტაცეს, ტყეში წაიყვანეს და უსასტიკესად გაუსწორდნენ, არათუ მკვლელობაში არ ედებოდათ ბრალი, არამედ ამ ბრალის წაყენებას მათთვის დაზარალებული მხარის ადვოკატიც კი აღარ ითხოვდა. გირგვლიან-ენუქიძეთა ადვოკატი კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტი, შალვა შავგულიძე იყო. სწორედ მან ურჩია სანდროს მშობლებს, აეგოთ სტრატეგია არა „მკვლელობაზე“, არამედ წამებაზე, რაც, სიკვდილის შემთხვევაში, უვადო პატიმრობით ისჯება.

ფორმალურად, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ის გახდა, რომ ჯალათებს გამოექცა, გადაიჩეხა და ვარდნისას მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, რასაც ალბათ ცემის დროს მიყენებულმა ტრავმებმაც შეუწყო ხელი.

თუმცა, „ადეიშვილის პროკურატურამ“ ბრალდებულებს  „წამების“ (22 წლიანი ან უვადო პატიმრობის) მუხლით ბრალდება  არ წაუყენა და მომხდარს „სხეულის მძიმე დაზიანებით გამოწვეული სიკვდილის“ კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც პარლამენტის ზემოთხსენებული გადაწყვეტილებით იმ კატეგორიის დანაშაულებებში „გადავიდა“, რომელთაც უკვე 3-4-5 წლის შემდეგაც შეიძლებოდა მისადაგებოდა შეწყალება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ყოველივე გასაგებია. სააკაშვილის მცდელობაც (სხვა საქმეზე, მაგრამ არა ამ ქეისით მოხდეს მისთვის პატიმრობის „მისჯა“) იოლად ასახსნელია: სხვა საქმეები (ვიმეორებ) ბევრად კომფორტულია საწინააღმდეგო არგუმენტთა „სიუხვით“. აი საბრალო ახალგაზრდის ოჯახს კი ვერავინ გააჩერებს, ვერ მოისყიდის და ფუჭია „გასაპრავებლად“ იმ არგუმენტის მოტანა, რომ „....შეიწყალა და რა.....ხომ ჰქონდა უფლება?“.

მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა, რაც უპირველეს ყოვლისა უნდა იწვევდეს ინტერესს,  მაინც პასუხგაუცემელი რჩება. ეს კითხვა შემდეგია: რომ ცდილობდა მათთვის სასჯელის „შემსუბუქებას“, ცხადი და უეჭველია, მაგრამ რატომ ცდილობდა ამას პრეზიდენტი სააკაშვილი, რატომ მიმართავდა ათას ხერხსა თუ ტექნოლოგიურ ილეთს, რატომ აფორიაქებდა მთელს სახელისუფლებო სისტემას მმართველი პარტიის, პარლამენტის, პროკურატურის, პოლიციის ჩათვლით, რატომ მიდიოდა საერთაშორისო დისკრედიტაციის ესოდენ რისკზე, რათა როგორმე მოეხერხებინა და სანდრო გირგვლიანის გამტაცებელი გათავხედებული ნაძირალა პოლიციელებიიოლად გამოეყვანა?“.

ამ კითხვაზე მოარული პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ „გირგვლიანის საქმეში“ მისი უახლოესი გარემოცვის წევრები: დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი (ცოლით) და სხვები იყვნენ ჩარეულნი. და თუ უშუალო დამნაშავეები „გარანტიებს“ ვერ მიიღებდნენ, მაშინ ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ ბრძანება სანდრო გირგვლიანის დასჯის შესახებ სწორედ მათგან (მერაბიშვილის ცოლი, ახალაია, დონაძე და ა.შ) მიიღეს მას შემდეგ, რაც სანდრო გააღიზიანა მეგობარი გოგონას ხილვამ იმ საბედისწერო სუფრაზე, „შარდენ-ბარში“.

„იტყოდნენ“ და „იურიდიულად დაამტკიცებდნენ“ ერთი და იგივე არ არის. თუმცა საზოგადოებრივი აღქმა მაინც ცალსახა  იქნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ინტერპრეტაცია დამაჯერებელია, მაგრამ  არ არის ამომწურავი.

 ის, თუ სინამდვილეში რა მოტივი ჰქონდა პრეზიდენტ  სააკაშვილს, ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა „ალანიას და სხვათა“ სასამართლო პროცესზე. იმდროინდელი კადრები არსებობს და ყველას შუძლია ნახოს: პოლიციელები, რომელთაც განსასჯელები შემოჰყავთ დარბაზში, შემდეგ მათ გარს ერტყმიან, რომ ისინი არ სჩანდნენ და კამერებმა ვერ დააფიქსირონ; მობილური ტელეფონით საუბრის საშუალებასაც კი აძლევენ და ა.შ. 

ეს ყოველივე ადასტურებს, რომ არა მხოლოდ „საპოლიციო ელიტამ“, არა მხოლოდ მერაბიშვილ-ახალაიებმა, არამედ მთელმა „საპოლიციო კორპორაციამ“ მაშინ ეს საქმე აღიქვა, როგორც საკუთარი პრესტიჟის შელახვა და სისტემური დარტყმა მის ინტერესებზე.

უბრალო პოლიციელების თვალში, რომელთა მხარდაჭერის გარეშე სისტემა საერთოდ ვერ იმუშავებდა და სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებას „ხერხემალი“ გამოეცლებოდა, გირგვლიანის გამტაცებლები დამნაშავენი არ იყვნენ -  ისინი ბრძანებას ასრულებდნენ და ისჯებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბრძანება შეასრულეს!

 მართლა ასე იყო თუ არა, მესამეხარისხოვანი საკითხია. არსებითია, თუ როგორ აღიქვამდა მიმდინარე პროცესს „საპოლიციო კორპორაცია“, რომელსაც, სინამდვილეში, მკაცრი შიდაკორპორაციული კანონები (თავისებური ეთიკა - „გაგება“) აქვს და ხელისუფლებას მუდამ აფრთხილებს: არ დაუშვას მისი, როგორც „ამქრის“ პრესტიჟისა თუ ინტერესების შებღალვა.

ამიტომ, „ნაციონალთა“ შემდეგ მოსული ახალი ხელისუფლებაც, მუდამ „ზემდგომებისკენ“ იშვერს ხელს და რიგითი შემსრულებლების დასჯას ერიდება, რაკი ეს იმავე „ამქრის“ განაწყენებას  გამოიწვევს - „ჩვენ ხომ მხოლოდ ბრძანებებს ვასრულებდით...... მაშინ თქვენს ბრძანებასაც არავინ შეასრულებს......“

მაშასადამე, სააკაშვილი, „გირგვლიანის ქეისში“ უმძიმესი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა „ვაისა და ვუის“ შორის: ან მერაბიშვილის გადადგომა, აგრეთვე ახალაიას დაპატიმრება უნდა დაეშვა, ან „ჯოხი გადაეტეხა“ შემსრულებლებზე; ოღონდ მათთვის, გასაჩუმებლად, „რბილი სასჯელის“ გარანტიები მიეცა და ეს დაპირებაც უეჭველად უნდა შეესრულებინა, რაკი „პოლიციურ საძმოში“ მის შესრულებას  გაფაციცებით მიადევნებდნენ თვალს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიშამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა მძიმედ დაუჯდეს: „გირგვლიანის საქმე“ არ არის „პიჯაკების საქმე“, რომლის გაშარჟება, გაბითურება, გაფიარება და გამასხარავება  იოლად შესაძლებელია.

მთელი ამ ტრაგედიის მთავარი სისტემური მიზეზი კი მაინც ის გახდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საპოლიციო კორპორაციის სათავეში მოვიდნენ, ესე იგი მისი ელიტა შექმნეს ყმაწვილებმა, ვისაც ვერასდროს ვერავინ  დააბრალებს მექრთამეობას და სწორედ ამ „არაკორუმპირებულობის“ გამო, ბიჭებს მიაჩნდათ, რომ ჰქონდათ მორალური უფლება (განსხვავებით შევარდნაძის თხემით-ტერფამდე კორუმპირებული პოლიციელებისგან), ძალადობით დაეცვათ საკუთარი ღირსება შარდენ-ბარში, -  განაწყენებული, ნასვამი ახალგაზრდის მხრიდან ხელყოფისაგან.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%