ENG / RUS       12+

სალომე ჯიქია: შევეცადე, ქართველი მსმენელისთვის განსხვავებული ვიოლეტა შემეთავაზებინა

რესპოდენტის შესახებ

ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია თბილისის ოპერის სცენაზე საზოგადოების წინაშე ვიოლეტას პარტიით წარდგა. უცხოეთში უკვე წარმატებული მუსიკოსისთვის დებიუტი თბილისის ოპერის სცენაზედაც წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ჯიქია 5 წელია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია და შესრულებული ჰქონდა ასპასიას პარტია, ოპერიდან „მითრიდატე, პონტოს მეფე“, მეორე შემადგენლობაში, მისი სახელი და გვარი ოპერის მოყვარულთათვის ცნობილი გახდა უცხოეთში ჩატარებული კონცერტებით, ფესტივალებითა და მიღწევებით.

რატომ არ ჰქონდა ამ დრომდე შემოთავაზება თბილისის ოპერისგან სალომე ჯიქიას? რატომ იყო უცნობი ვიოლეტას პარტიის შემსრულებელი პრემიერამდე ჯერ კიდევ 10 დღით ადრე? რა გეგმები აქვს და ვიხილავთ თუ არა მას თბილისის ოპერის მიერ უკვე დაანონსებულ ოთხწლიან გეგმაში? ამ და სხვა საკითხების გასარკვევად, „ჯი-ეიჩ-ენი“ ქართველ სოპრანოს, სალომე ჯიქიას ესაუბრა.

სალომე ჯიქია: „ტრავიატაში“ მთავარი პარტია რომ უნდა მემღერა, რამდენიმე დღით ადრე შევიტყვე. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა. მითხრეს, რომ  პირველ შემადგენლობაში უნდა გამოვსულიყავი. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა  მეტ-ნაკლებად მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობისთვის. მით უფრო, რომ ეს პარტია უკვე შესრულებული მქონდა ბერლინში, დოიჩე ოპერაში აგვისტოსა და სექტემბერში. ფაქტობრივად, ვიოლეტას პარტიით ჩემი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. 

5 წელია ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ვარ. თბილისის ოპერაში არ იდგმებოდა ისეთი სპექტაკლები, სადაც შეიძლებოდა მემღერა, უფრო დრმატული სოპრანოს შესაფერისი სპექტაკლები იყო წარმოდგენილი და ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ „ტრავიატა“ შემოიტანეს რეპერტუარში. იმედია, ჩემი ხმის შესაფერისი კიდევ მრავალი სპექტაკლი დაიდგმება და მომეცემა შესაძლებლობა, ვიმღერო ქართველი მსმენელის წინაშე.

 - თბილისის ოპერის სცენაზე გამოსვლამდე თქვენ ვიოლეტას პარტია შეასრულეთ ბერლინის დოიჩე ოპერაში, თანამედროვე დადგმა იყო თუ ტრადიციული?

 - დიახ. დადგმა ეკუთვნოდა ცნობილ გერმანელ  რეჟისორს, გოც ფრიდრიხს. კლასიკური დადგმა იყო, საკმაოდ საინტერესო რეჟისურითა და სცენოგრაფიით. გერმანიაში ჩემი დებიუტი სწორედ „ტრავიატაში“ შედგა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ ბევრჯერ მომიწევს ამ პარტიის შესრულება. ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი, უზარმაზარ ენერგიას ითხოვს მომღერლისგან. შეუძლებელია გულგრილად მოუყვე მაყურებელს სიყვარულის ასეთი დიდი და ტრაგიკული ისტორია.

 - უახლოეს წარსულში ჩვენ ვესაუბრეთ იტალიელ ბარიტონს მარიო კასს, რომელიც აღფრთოვანებით იხსენებდა თქვენთან ერთად მუშაობას...

 - ბელგიაში დაიდგა „დონ ჟუანი“, რეჟისორ ჟაკო ვან დორმელის მიერ, სადაც მარიო კასთან ერთად ვიმღერე დონა ანას პარტია. მარიო დონ ჟუანის პარტიას მღეროდა. შესანიშნავი თანამშრომლობა შედგა ჩვენ შორის სცენაზე.  ჟაკო ვან დორმელი ფანტასტიკური რეჟისორია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავე მასთან. მიუხედავად იმისა, რომ მის დადგმაში ბევრი სიშიშვლეა, რომელიც ბევრს არ მოსწონდა. ჩემთვის ჟაკოსთან მუშაობა იოლი და ძალიან საინტერესო იყო.

 - თქვენი საყვარელი პარტია არის მადამ ბატერფლაის პარტია, პუჩინის ოპერიდან „მადამ ბატერფლაი“. რატომ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ პარტიის მიმართ?

 - მადამ ბატერფლაი ემოციური და დრამატული პერსონაჟია, თან ლირიკულობასაც მოითხოვს. ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი პარტიაა. ვფიქრობ, მომღერალმა გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ უნდა იმღეროს. რამდენიმე წელიწადში, ალბათ, ვიმღერებ კიდეც. გარდა ამისა, ულამაზესი მუსიკაა, ფანტასტიკური. ვერდი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია, მაგრამ პუჩინის მუსიკა საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია. ზოგადად, ეს პერსონაჟიც მომწონს და თანავუგრძნობ.

 - რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ?

 - რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: წელს იტალიაში, პეზაროს ფესტივალზე მივდივარ. ვიმღერებ მთავარ პარტიას, შემდეგ – ბრიუსელის ოპერის თეატრში, როსინის ოპერაში. ასევე, პალერმოში, მომავალი წლის იანვარში. 2019 წელს კი დაგეგმილი მაქვს ლონდონში, „ქოვენთ გარდენში” სიმღერა.

 - ზოგიერთი ოპერის მოყვარული მიიჩნევს, რომ მათთვის მიუღებელია ოპერის თანამედროვე დადგმები, რადგან თითქოს დირიჟორები ჩაანაცვლეს რეჟისორებმა და მომღერლების ვოკალური მონაცემები უკანა პლანზე გადავიდა სანახაობის გამო. თქვენ რას ფიქრობთ თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით?

 - ვფიქრობ, თუ ნიჭიერია დირიჟორიც და რეჟისორიც და მათ აქვთ თანამშრომლობის შესაძლებლობა თუ სურვილი, არავინ და არაფერი არ გადავა უკანა პლანზე. სანახაობაზე აქცენტის გაკეთება ერთგვარი ეტაპია. ვერ გავჩერდებით მუდამ კლასიკურ დადგმებზე. საოპერო ხელოვნებამ უნდა გაიაროს განვითარების ეს ეტაპი. მართალია, დღეს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა აქვთ მომღერლებს, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან მსმენელის მხრიდან მოთხოვნები იზრდება. დღეს უკვე, გარდა იმისა, რომ მომღერალს კარგი ვოკალური შესაძლებლობები უნდა გქონდეს, არტისტულიც უნდა იყოს, ფიზიკურ დატვირთვასაც უნდა უძლებდეს და ა.შ.

 - გადავხედეთ თქვენს ინტერვიუებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავთ დედის როლს თქვენი კარიერის განვითარებაში. ალბათ, მისთვის განსაკუთრებულად ემოციურად იყო შვილის აღიარება მშობლიურ ქვეყანაში.

- დედას ჩემი კარიერის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ბავშვობიდან შემაყვარა კლასიკური მუსიკა, ხშირად დავყავდი ოპერაში. ფორტეპიანოს განხრით დავამთავრე თბილისის კონსერვატორია, ეს მისი დამსახურებაა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან უდიდესი განათლება და გამოცდილება მომცა. დედა უცხოეთში არ დამყვება კონცერტებზე და თბილისში მნახა დიდ სცენაზე პირველად, კულისებშიც. ნახა, რამხელა ენერგიასა და კონცენტრაციას საჭიროებს პარტიის შესრულება. ძალიან ბედნიერი იყო.

 - თქვენ კონსერვატორია დაამთავრეთ საფორტეპიანო განხრით, მაგრამ შემდეგ დაიწყეთ სიმღერა. საბოლოოდ უარი თქვით პიანისტის კარიერაზე, თუ შეიძლება გიხილოთ პიანისტის რანგში?

 - სიმღერა და დაკვრა სულ ერთად იყო. როცა ვუკრავდი, თან ვმღეროდი საოპერო ხმით. ამ ეტაპზე სინთეზი არ გამოდის, ფიზიკურად არ მაქვს დრო, რადგან უდიდეს შრომას მოითხოვს ერთიც და მეორეც.

 - ვისი აღმოჩენაა სალომე ჯიქია?

 - მე მაინც ვფიქრობ, რომ აღმომაჩინა უდიდესმა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა ალბერტო ძედამ. ჩემი საოპერო კარიერა წარმატებული სწორედ მისი დამსახურებით გახდა. პეზაროში მან დაინახა ჩემი შესაძლებლობები და მიხვდა, რომელი რეპერტუარი იქნებოდა ჩემთვის წარმატების მიმტანი. სწორედ პეზაროდან დაიწყო ჩემი კარიერა.

 - თბილისის ოპერამ წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო და ამბიციური 4-წლიანი გეგმა. თუ გიხილავთ თბილისის ოპერის სცენაზე და თუ გაქვთ კონკრეტული შემოთავაზება?

 - დიახ, მეც გავეცანი 4 წლის რეპერტუარს და კმაყოფილი ვარ. თუმცა ამ რეპერტუარის ფარგლებში კონკრეტული შემოთავაზება ჯერ არ მიმიღია. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდები. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ „სემირამიდას“ დადგამენ.

 - ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა თქვენი და ხოსე კარერასის ერთობლივი ტურნეს შესახებ...

 - გასული წლის ზაფხულში, პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ქუთაისელი მსმენელისთვის მღეროდა მსოფლიო ტენორი ხოსე კარერასი, რომელთანაც შევასრულე რამდენიმე დუეტი. იმ დროს ვერ ვიფიქრებდი, თუ კარერასის გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეში მივიღებდი მონაწილეობას. დამიკავშირდა კარერასის წარმომადგენელი და მიმიწვია რამდენიმე კონცერტზე. ჯერ ვიყავით დუბაიში – ფილარმონიის არაჩვეულებრივ ახლად გახსნილ  დარბაზში გაიმართა ორი კონცერტი. ბელგიაშიც მიმიწვია, სადაც მხოლოდ მე და ხოსე კარერასი ვიყავით, დუეტები შევასრულეთ. მას ჰქონდა ტურნე მთელ მსოფლიოში მომავალი ორი წლის განმავლობაში. მეც აღმოვჩნდი მასთან ერთად რამდენიმე ქალაქში. ამ დონის მომღერალთან ერთად სცენაზე გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი და ერთგვარად შემდგომი წარმატებების მომტანიც იყო.

- ტრავიატის პრემიერის შემდეგ, მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა დადგმით, რეჟისორის არაპროფესიონალიზმზედაც საუბრობდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა რომელიმე ქართველ რეჟისორს დაედგა ეს სპექტაკლი?

 - ის ფაქტი, რომ სპექტაკლები იდგმება, ეს უკვე ძალიან კარგია. იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არაფერი იდგმებოდა, ძირითადად, ეს განაპირობა ხანგრძლივმა რემონტმა და სხვადასხვა მიზეზმა. როგორც თბილისის ოპერის, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ოპერის თეატრში, „ტრავიატა“ ძალიან ბევრჯერ დაიდგა და დიდი სიფრთხილეა საჭირო მისი კიდევ ერთხელ დადგმისას, მომღერლის, რეჟისორისა თუ დირიჟორის მხრიდან. ყოველთვის მივესალმები ახალი სისხლის შეშვებას ოპერასა თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებში. ეს საჭირო და აუცილებელიცაა. სიამოვნებით მივცემდი შესაძლებლობას, „ტრავიატაზე“ ემუშავა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს დათა თავაძეს, რომელიც ძალიან ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს. საბედნიეროდ, თბილისის ოპერის თეატრს უდიდესი რესურსი აქვს და კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ ევროპულ დონეს გავუსწორდეთ.

- ქართველმა მსმენელმა საკმაოდ დადებითად მიიღო თქვენი შესრულება „ტრავიატაში“, ამას ის ემოცია და აპლოდისმენტებიც მოწმობდა, რომელიც სპექტაკლის დასასრულს თქვენს გამოჩენას მოჰყვა სცენაზე. ელოდით პუბლიკის ასეთ აღფრთოვანებას?

 - ერთმა უცხოელმა რეჟისორმა მითხრა, რომ მსმენელმა შეიძლება გაპატიოს, თუ რომელიმე ნოტი შესაბამისად ვერ აიღე, მაგრამ არასდროს გაპატიებს, თუ ბოლომდე არ იხარჯები და არ დებ სულსა და გულს როლში. როდესაც კონკრეტულ როლს ასრულებ, მაშინ საკუთარ თავს სჩუქნი ამ როლს და მისთვის ბოლომდე იხარჯები. საკმაოდ კრიტიკული პუბლიკა გვყავს და ყოველთვის მაღალ მოთხოვნებს უყენებენ მომღერლებს. მეც მაქსიმალურად შევეცადე, ქართველი მსმენელისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული ვიოლეტა შემეთავაზებინა, რამდენად გამომივიდა - ეს თავად მსმენელმა განსაჯოს.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა თემურ ჯგერენაია

ავტორი: . .