თარიღი    დრო

ვინ ხარ შენ - მეუფეო?!

საქართველო, თბილისი - 11:12 11.27.2017 2471

23 ნოემბერს, გიორგობას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თანამოსაყდრე დაადგინა: სენაკელი მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ეკლესიის უმაღლესი იერარქიის „მიზნობრივ“ ნაწილს თავი ისე უჭირავს, თითქოს ეს მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო; გამაოგნებლად მოულოდნელიც კი, რაც აშკარად.....არ არის ასე. არაფერი განსაკუთრებით მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო იმ ადამიანისთვის, ვინც აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას ეკლესიაში ბოლო 1 წლის მანძილზე. განსაკუთრებით ე.წ. „ციანიდის“  ნიჭიერად  პრომპუტირებული სკანდალის შემდეგ, რომელმაც პატრიარქის ტახტთან შიდა დაპირისპირება და „ოქროსმოყვარულთა“ ამბიციები გამოავლინა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე „კვერთხისმოყვარულთა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საეკლესიო კანონით და საუკუნოვანი ტრადიციით (არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში) თანამოსაყდრე, იერარქიული თვალსაზრისით, იგივეა, რაც (ბოდიში ამგვარი შედარებისთვის) ვიცე-პრეზიდენტი. ანუ ფიგურა, ვისაც აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია და ასრულებს დავალებებს. თუმცა, იგულისხმება, რომ საჭეთმპყრობლის  მიერ მოვალეობათა ვერაღსრულების, მისი ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში, თანამოსაყდრის (დროებითი) უფლებამოსილება პატრიარქის  უფლებებს უტოლდება. ოღონდ მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევამდე.

პატრიარქი ილია ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ  გარდაცვალების შემთხვევაში, მოსაყდრე ასრულებს მის მოვალეობას სინოდის გადამწყვეტ სხდომამდე (თვით სხდომის ჩათვლით!), რომელმაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს.

შეიძლება თუ არა სინოდმა არ აირჩიოს მეუფე შიო - ეკლესიის საჭეთმპრობლად? რასაკვირველია, თეორიულად სრულიად შესაძლებელია. მაგრამ.....აქ უკვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი კონტექსტი, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ, როდესაც ამგვარ საკითხებზე მეტისმეტად ფორმალისტურად მსჯელობენ.

კონტექსტის გასათვალისწინებლად კი მუდამ სასარგებლოა ვითარების მოდელირება: წარმოვიდგინოთ, შეიკრიბა სინოდი, რომელსაც (კანონის შესაბამისად) უძღვება პატრიარქის სიცოცხლეში დანიშნული მოსაყდრე. 23 ნოემბრიდანვე იგულისხმება, რომ ილია მეორემ მიტროპოლიტი შიოს დადგენით (ამაზე არავინ დავობს და ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს) მთელ ქვეყანას, მათ შორის წმინდა სინოდის წევრებს  და ეკლესიის ყველა მსახურს, ასევე „სრულიადმრევლს“ უთხრა: 40 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, აი ეს ღვთისმსახური მსურს იყოს ჩემი მემკვიდრე!

ახლა კი წარმოვიდგინოთ, ამ სრულიად ცხადი (უკაცრავად უცხო ტერმინისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში არსობრივად ყველაზე ზუსტი ეს ინგლისური სიტყვაა) „Message“-ის, ანუ სემანტიკურად მძიმედშესატყვისი ქართული „შეტყობინების“ მიუხედავად, სინოდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და მეუფე შიო პატრიარქად არ აირჩია.

ამგვარი გადაწყვეტილება აუცილებლად  იქნება აღქმული ერისა და ბერის მიერ, როგორც პატრიარქის ანდერძის უგულებელყოფა და, აქედან გამომდინარე, იმ 40 წლის „გადახაზვა“, რაც ილია მეორეს პატრიარქობას უკავშირდება!

ამით სინოდი  ერთმნიშვნელოვნად დაანგრევს ეკლესიის ავტორიტეტს საქართველოში!

სენსაციური გადაწყვეტილების შემდეგ, მრევლი მოითხოვს მიზეზების ახსნას და ეს ახსნა უნდა იყოს დამაჯერებელი. უბედურებაც სწორედ  ესაა: რაც უფრო დამაჯერებელი იქნება ახსნა, მით უფრო დაინგრევა ეკლესია!

შეგვიძლია ასეთი რამ წარმოვიდგინოთ? კი, როგორ არა. მაგრამ მხოლოდ ერთი დათქმით: თუ წმინდა სინოდში არა მხოლოდ „კვერთხისმოყვარულნი“ და „ოქროსმოყვარულნი“ მოიძევებიან, არამედ უმრავლესობა, ამასთანავე თვითმავნებლებიც არიან, რაკი ეკლესიის ავტორიტეტის დანგრევა იმ წმინდა სინოდის ავტორიტეტის სამუდამო განადგურებასაც ნიშნავს, ვინც ეკლესიას, პატრიარქთან ერთად, 40 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, პატრიარქის გადაწყვეტილებამ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეკლესიაც და მთელი ქვეყანაც სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხის წინაშე დააყენა: ვინ არის მეუფე შიო, ერისკაცობაში მუჯირი? ხომ არ უკავშირდება ამ სახელს რაიმე ისეთი ზნეობრივი გადაცდომა, რაც მის პატრიარქობას ეჭვქვეშ დააყენებს? მაგალითად რამდენად დასაბუთებული და საფუძვლიანია ხმები (ჩავთვალოთ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ „ხმებია“) რაც მისი დისერტაციის თაობაზე ისმის?

ეს უკანასკნელი არათუ წვრილმანი, არამედ ფუნდამენტური თემაა და „გამგებმა“ იცის, რაზეცაა საუბარი.

მეორე მძიმე საკითხი: რუსეთი, რუსულ საეკლესიო იერარქიასთან ურთიერთობა; ანუ, უცნაური დამთხვევა პატრიარქ კირილეს არაოფიციალური მოსაყდრის, ასევე მისი  მემკვიდრის, მიტროპოლიტ ილარიონის ძალიან უცნაურ და დიდწილად დღემდე გასაიდუმლოებულ ვიზიტთან..... თუ ამ ვიზიტის თემა მხოლოდ აფხაზეთის ეკლესია და წმინდა სიმონ კანანელის ახალი ათონის მონასტერი იყო, მაშინ რატომ განაცხადა ილია მეორემ უარი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავზე გამგზავრებულიყო? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მოსკოვში, 4 დეკემბერს, სწორედ მისი მოსაყდრე გაემგზავრება, რაც სრულიად კანონიერი იქნება და სწორედ იგი მიიღებს გადაწყვეტილებებს რუსულ ეკლესიასთან „ახალი ათონისა“ და აფხაზეთის საკითხში „უნიის“ გაფორმების შესახებ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამავდროულად, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ „რუსული კვალის“ თაობაზე მსჯელობა შესაძლოა გადაჭარბება  იყოს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ცხადია პატრიარქის ის უმთავრესი მოტივი, რომელიც ბუკვალურად „ზედაპირზე დევს“: „ციანიდის საქმემ“ უმაღლეს საეკლესიო იერარქიაში იმდენად დიდი უთანხმოება, განხეთქილება და აღრეულობა გამოავლინა, რომ მიცვალებისა და ოფიციალური მემკვიდრის არარსებობის შემთვევაში, ახალი პატრიარქის არჩევა მაინც გამოიწვევდა ეკლესიის დანგრევას: დაიწყებოდა მსჯელობა, არსებობდა თუ არა ანდერძი, თუ იარსებებდა, მართლა ილია მეორემ დაწერა თუ არა ეს ანდერძი, უკანასკნელ ჟამს ვინმემ ხომ არ დააწერინა ძალით და ა.შ და ა.შ.

სწორედ ანდერძისა და მემკვიდრეობის თემაა აქ საკვანძო.

ილია მეორეს მკაფიოდ ახსოვს, რომ მისი წინამორბედის, დავით V (დევდარიანის) გარდაცვალების შემდეგ, ეს საკითხი ლამის საკვანძო გახდა. რასაკვირველია, არ სურს განმეორდეს იგივე და „ციანიდის საქმემ“ თუ რაიმე დადებითი მოიტანა სწორედ ეს იყო: თვალნათლივ დაანახა ეკლესიის საჭეთმპყრობელს, რა შეიძლება მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც 40 წლის განმავლობაში შვილივით ზარდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება (უკვე დანამდვილებით), რომ დასასრულს მიუახლოვდა უდიდესი ეპოქა, რომელიც 1977 წელს დაიწყო. ეს ეპოქა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნის (როგორც მინიმუმ) უახლეს ისტორიაში, რადგან მოიცვა კომუნიზმი, კომუნიზმის ნგრევა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტანჯვით შობა, საზარელი სამოქალაქო ომი, არანაკლებ საზარელი ომები აფხაზეთსა და „სამაჩაბლოში“, ამ ტერიტორიების დაკარგვა, სოციალური ტრანსფორმაცია......

ყველა ქვეყანასა და ერში ელიტის უძვირფასესი თვისება კომპრომისის კულტურაა. უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რამდენად შესწევთ უნარი თუნდაც ამ (!ანუ საეკლესიო) ქართულ ელიტებს, გადამწყვეტ მომენტში, ეს უნარი და კულტურა გამოამჟღავნონ მიუხედავად ურთულესი ვითარებისა. სამწუხაროდ, სხვა ქართული ელიტების ანალოგიური მცდელობები, განვლილი ათწლეულების განმავლობაში (თანაც ბევრად იოლ და ცხად ვითარებებშიც კი), სრული კრახით დასრულდა.

თუმცა ვიმედოვნოთ, რაკი.....იმედი ღვთისაა, იჭვი- უხსენებლისა.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%