„ოთარ აბესაძე ძალიან ბევრ მედიკამენტს სვამს, რომელიც მას ემოციებს უკარგავს, ის აბსოლუტურად დათრგუნულია“, - ამის შესახებ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა.
ადვოკატის შეფასებით, აბესაძე ინერტულია და საქმისადმი ინტერესი დაკარგული აქვს.
„დღეს ოთარ აბესაძეს საპყრობილეში შევხვდი. საერთოდ, პატიმრებს ძალიან უხარიათ, როცა ადვოკატი მათთან შედის. ოთარ აბესაძე კი უემოციოდ იყო. ეს ძალიან გამიკვირდა, თუმცა არ შევიმჩნიე, როცა საუბარი დავიწყე და ყველაფრის მიმართ ინერტული იყო, ვკითხე რა გჭირს, დეპრესია ხომ არ გაქვს-მეთქი. არ ვიცი, ჩვეულებრივად ვარო, მითხრა. გამოვიკითხე და ვნახე, რომ ის ძალიან ბევრ მედიკამენტს სვამს, რომელიც მას ემოციებს უკარგავს და აბსოლუტურად დათრგუნულია. მას თუ არ შეუძლია, იყოს აგრესიული, არც ის შეუძლია, სიხარული გამოხატოს. სახეზეც ფერი შეცვლილი ჰქონდა და გამონაყარიც აღენიშნებოდა, როგორც ჩანს, ალერგიული ფონია. აქამდე თუ აინტერესებდა თუ რა მოხდებოდა, გვეკითხებოდა, თქვენ როგორ შედეგს ელოდებითო, ახლა საერთოდ კითხვაც არ დაუსვამს“, - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ მედიკამენტებს მიზანმიმართულად, მისი საქმისადმი ინტერესის დაკარგვის მიზნით ასმევენ, ადვოკატი პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს.
„მიზანმიმართულ ქმედებას ვერ დავაბრალებთ. თუმცა მას მკურნალობის კურსი უტარდება ჩვენ სასჯელაღსრულება გვეუბნება, რომ მას მკურნალობს, თუ ეს მკურნალობა მას დათრგუნვას და უემოციობას გამოიწვევს, გეკითხებით, საერთოდ რა საჭიროა ეს მკურნალობა. არადა, რომ არ იმკურნალოს ესეც არ შეიძლება. მკურნალობამ შედეგი უნდა გამოიღოს", - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე წლის 12 ივლისს დააკავეს.