თარიღი    დრო

რატომ ვძულვართ აფხაზებს?

საქართველო, თბილისი - 11:04 11.20.2017 1740

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიური ძალისხმევით, ოფიციალურმა ლონდონმა გადაწყვიტა შეცვალოს წარწერა ე.წ. „მემორიალურ ქვაზე“, რომელიც აფხაზ სეპარატისტთა მცდელობით 1994 წელს დაიდგა შოტლანდიურ ქალაქ კილმარნოკში. „მემორიალზე“ ასეთი წარწერა  იყო: In memory of those from our twin town of SUKHUMI who died in the ABKHAZIAN/GEORGIAN сonflict 1992-1993. ანუ „ხსოვნად იმ  სოხუმელთა, ვინც დაიღუპა აფხაზ-ქართველთა კონფლიქტში 1992-1993“

უპირველესად, დავაკვირდეთ ამ გველეშმაკურ ფორმულირებას: მემორიალი, შინაარსობრივად,  ეძღვნება არა სოხუმელებს ზოგადად, ანუ სოხუმის მაცხოვრებლებს, ვინც კონფლიქტის დროს დაიღუპა, არამედ მხოლოდ იმ სოხუმელებს, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ამას მეტყველებს არა მხოლოდ კონტექსტუალურად თითქოსდა უადგილო სიტყვა from, არამედ აფხაზეთის სეპარატისტული დროშა, რომლითაც მემორიალია გაფორმებული.

ამ დღეებში აფხაზი ბლოგერებიც სწორედ ასე ინტერპრეტირებენ: „მემორიალი იმ სოხუმელებს ეძღვნება, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაიღუპაო“. მაგალითად, ერთი მათგანი წერს: „......крупная надпись на английском языке говорит, что он установлен в память о погибших защитниках Абхазии из Сухума – жертвах грузино-абхазской войны“.

კვლავ დავაკვირდეთ: „სოხუმელებს“ კი არა, არამედ მხოლოდ იმ სოხუმელებს, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა.

არადა, სრულიად ეჭვმიუტანელი, დოკუმენტურად დადასტურებული ისტორიული ფაქტია: მშვიდობიან (! - ეს სიტყვა წარწერაში არ არის) სოხუმელთა 99% დაიღუპა 1992 წლის აგვისტოდან - 1993 წლის სექტემბრამდე, „აფხაზური არტილერიის“, მათ შორის „ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან“ ბარბაროსული დაბომბვების შედეგად. და ამ დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო ეთნიკურად ქართველი.

„კილმარნოკის წარწერა“ მათ ნამდვილად არ გულისხმობს და მათ ხსოვნას არ უკვდავყოფს. სოხუმის დამცველ შეიარაღებულ სოხუმელებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისინი ხსოვნის ღირსნი არ არიან, თუმცა კი მშობლიურ ქალაქს იცავდნენ და იცავდნენ გმირულად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მემორიალის დადგმაზე შეთანხმებას სეპარატისტებმა ჯერ კიდევ 1993 წელს მიაღწიეს, როდესაც შოტლანდიაში ჩავიდნენ ავადსახსენებელი პროფესორი იური ვორონოვი და სეპარატისტთა სხვა ლიდერები. სოხუმის „დაძმობილებულ“ ქალაქ კილმარნოკის იმდროინდელ მესვეურებთან წინასწარი შეთანხმება სწორედ მაშინ დაიდო, ოღონდ საბოლოოდ გაფორმდა 1994 წელს. მემორიალური ქვაც იმ წელს  დაიდგა.

ზოგადად, შოტლანდიაში „სეპარატიზმი“ სალანძღავი სიტყვა სულაც არ არის; უილიამ უოლესი დღესაც ეროვნული გმირია; რეფერენდუმიც გამართეს ახლახანს დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფაზე...... თუმცა, შოტლანდიური ვითარება რომ სხვაა და საქართველოსი - სხვა, ამის განმარტება თუ ვინმეს სჭირდება, მაშინ ახსნა-განმარტებას აზრიც არა აქვს.

სულ ბოლო ინფორმაციით, მემორიალი მთლიანად კი არ დაინგრევა ან გაუქმდება, არამედ წარწერა შეიცვლება ისე, რომ ორივე მხარის დაღუპულებს ეხებოდეს. თუმცა  აფხაზეთში ამ კომპრომისულ წინადადებას უკვე მოჰყვა მძვინვარედ უარყოფითი რეაქცია: „ასე ხომ გაუგებარი იქნება მემორიალი ვის ეძღვნებაო“.

არადა, რატომ იქნება გაუგებარი? სრულებით გასაგები იქნება, ოღონდ საქმეც ის გახლავთ, რომ ქართველ სოხუმელებს (განურჩევლად იმისა, მშვიდობიანი ადამიანი იყო თუ მშობლიური ქალაქის მცველი) ისინი ადამიანებად და ხსოვნის ღირსად არ თვლიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო, სეპარატისტული მემორიალის დემონტაჟს ქართველ  „სასარგებლო იდიოტთა ლეგიონის“ შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა: „რა მოხდა მერე მდგარიყო ეს მემორიალი......რა მოხდა მერე......ქვებს და მემორიალებს რატომ უნდა ვებრძოდეთ.......რა მოხდა მერე......რა მოხდა მერე.....“

ხსენებული კატეგორია ვერ ამჩნევს,  ვერ ხვდება და ვერც შეაგნებინებ,  რომ ეს „რა მოხდა მერე“, საბოლოოდ აუცილებლად, აუცილებლად (!!!) დამთავრდება ასე: „...რა მოხდა მერე, თუ დიდი ბრიტანეთი და მთელი მსოფლიო აღიარებს აფხაზთა სიმართლეს იმ ომში?......“ საბოლოოდ კი „.....რა მოხდა მერე, თუ ამ აღიარების ლოგიკურ შედეგად, დიდი ბრიტანეთი და ევროპა სცნობენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას“.........რა მოხდა მერე......

ამ ადამიანებს მართლა ვერ შეასმენ, მართლა ვერ აუხსნი ვერაფრის დიდებით, რომ სინამდვილეში, ევროპული ცივილიზაცია არა ეკონომიკურ ინტერესებს ან თუნდაც გეოპოლიტიკურ გათვლებს, არამედ სწორედ ღირებულებებს ეფუძნება! და თუ სეპარატისტები თანდათანობით, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ასევე ჭკვიანურად მიაღწევენ დასავლურ საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ეს იყო „სამართლიანი ომი აფხაზი ერის მხრიდან საქართველოს ტირანიის წინააღმდეგ“, მაშინ ვერანაირი გეოპოლიტიკური მოსაზრება ისტორიულად ვეღარ შეაფერხებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის  საერთაშორისო აღიარებას!

დღეს ამ აღიარების შემაფერხებელი არის არა ყბადაღებული „რუსეთის ფაქტორი“ და „რუსული ჯარები“, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის სიმართლე, რომ  იყო არა „სამართლიანი ომი“, არამედ ეთნოწმენდა და მშვიდობიან სოხუმელთა ხოცვა-ჟლეტა თვეების განმავლობაში - „გრადებიდან“  ბარბაროსული დაბომბვებით.

ხსენებული მემორიალი ამ იდეოლოგიურ-ღირებულებითი ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე საინტერესო შედეგი საზოგადოებრივი რეფლექსიის თვალსაზრისით იყო შემდეგი პოსტულატი იმავე „სასარგებლო იდიოტთა“ ნარატივიდან: „აი.....ამიტომ(აც) ვძულდით და ვძულვართ აფხაზებს......აი, ასეთი უკომპრომისონი რომ ვიყავით.....“

სინამდვილეში, რატომ ვძულდით და ვძულვართ სეპარატისტებს? ამ კითხვაზე ძალიან მარტივი, მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პასუხი, 1997 წელს, გასცა აგრესიული აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგმა და მამამთავარმა ვლადისლავ არძინბამ. ქართველ ტელე-ჟურნალისტებთან საუბარში მან სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი: „...აბა წარმოიდგინეთ,  რა ხასიათზე დადგებით ქართველები, უეცრად  საქართველოში 10 მილიონი ჩინელი რომ ჩაასახლონ?“

ხედავთ? ანუ „10 მილიონი ჩინელი“ და ...... აფხაზეთში 1998 წლისთვის მცხოვრები 250 ათასი ქართველი.

მათთვის ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა!

 ამას პროფესორი (!) არძინბა ამბობდა და უბრალო სეპარატისტი რაღას იტყოდა ან როგორღა აღიქვამდა რეალობას ხომ წარმოგიდგენიათ?

თქვა კიდეც ერთმა მათგანმა „შიდაადიღური“ დისკუსიისას: „რა გააჭირეთ საქმე ამ ჯარების შემოყვანით 14 აგვისტოს? განა საქართველოს რომ ჯარები არ შემოეყვანა 14 აგვისტოს, ჩვენ არ ვიომებდით?!“. ეს ნარატივი „ჩვენ მაინც ვიომებდით და მაინც მართლები ვიქნებოდით....“ ხშირად შეგხვდებათ „აფხაზურ ბლოგოსფეროსა“ თუ ფეისბუკის იქაურ სეგმენტში

ანუ,  „მაინც იომებდნენ?“ მერედა რისთვის იომებდნენ? რაღა ექნებოდათ საომარი თითქოს, თუკი საქართველო 1992 წლის 14 აგვისტოს ჯარს არ შეიყვანდა აფხაზეთში? გამოდის,  იმისთვის იომებდნენ, რომ ის „10 მილიონი ჩინელი“ გაეყარათ აფხაზეთიდან, ან, მინიმუმ,  მიეღწიათ იმგვარი ვითარებისთვის, რაც დღეს შექმნეს გალის რაიონში, სადაც ან უნდა გააფხაზდე, ესე იგი გახდე არა „გვაზავა“ არამედ..... „გვაზააა“, - იქცე აფხაზად, ანუ დატოვო აფხაზეთი და წაეთრე „შენს საქართველოში“.

ის ქართველი „სასარგებლო იდიოტები“, ვინც ახლა იმასაც კი ეწინააღმდეგება, კილმარნოკის მემორიალი თუნდაც ორივე მხარეს დაღუპულებს ეძღვნებოდეთ და არა მხოლოდ სეპარატისტებს, ამით, ნებსით თუ სიბრიყვით, ხელს უწყობს, რათა ადრე თუ გვიან ევროპამ,  აფხაზური სეპარატისტული ანტიქართული მოძრაობა „კავკასიურ რეკონკისტად“ აღიაროს.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%