თარიღი    დრო

მეგის ქარდავა - ციხესიმაგრის ჯალათი

საქართველო, თბილისი - 09:51 11.09.2017 2283

„ციხის“ არა. „ციხესიმაგრისა“: ადრეული შუა საუკუნეების ევროპაში (ანუ V-VI საუკუნეებიდან) ეს ერთი და იგივე როდი იყო: „ციხის ჯალათი“ ის ჯალათია, ვისაც, მაგალითად, „გრევის  მოედანზე“ გამოჰყავდა მსჯავრდებული და თავს კვეთდა -  ხანგრძლივი ტრადიციით ჩამოყალიბებული რიტუალის სრული დაცვით.

„ციხესიმაგრის ჯალათები“ კი, უმრავლეს შემთხვევაში სხვები იყვნენ: აი, როდესაც მტერი ქალაქს ალყას შემოარტყამდა, ხოლო ეს ალყა ხშირად თვეობით, ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდებოდა; მოსახლეობა ზღუდეთა მიღმა, ქალაქის ციტადელში (ციხესიმაგრეში) იკეტებოდა, ხოლო კრიმინალთა თუ მოღალატეთა, „პანიკიორთა“ თუ „კოლაბორანტთა“ წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომების მიღება ხდებოდა საჭირო.

სწორედ მაშინ გამოდიოდნენ (გამოჰყავდათ) ასპარეზზე „ციხესიმაგრის ჯალათები“. ისინი იმდროინდელ კანონებსაც არად დაგიდევდნენ და „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის“ წესებით მოქმედებდნენ: აღარც რიტუალებს იცავდნენ, განსაკუთრებით სასტიკნი და დაუნდობელნი იყვნენ - „გასატეხთა“ წამებისას „შემოქმედებითნი“ და ღამეული მკვლელობისას უყოყმანონი.

რაღაც უცნაური კანონზომიერებაა, რომ აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, პიროვნულად „არაოქროსმოყვარულნი“, ამ მხრივ უმწიკვლონი, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, „არაკორუმპირებულნი“ იყვნენ (როგორც მეგის ქარდავა), თუმცა სადიზმი არასდროს აკლდათ.

მათი მეშვეობით, „ალყაშემორტყმული საზოგადოება“ თავს იცავდა შიდა მტრებისგან. არა მხოლოდ მოღალატენი იგულისხმება, არამედ ნებისმიერი კრიმინალიც, რაკი ეს კრიმინალი ასევე ასუსტებს „ალყაშემორტმულ საზოგადოებას“, ხელს უშლის „ალყაშემორტმულობის“ პირობებში მწირი რესურსების სამართლიან გადანაწილებას, ავრცელებს „კაპიტულანტურ განწყობებს“, ქმნის „მკვებავ ბულიონს“ შიდა დაპირისპირებისთვის, ამდენად, მთლიანობაში, „მტრის წისქვილზე  ასხამს წყალს“.

ასეთი „ციხესიმაგრის ჯალათები“ სტალინსაც ჰყავდა ალყაშემორტმულ ლენინგრადში. მათ სისასტიკესთან, დაუნდობლობასთან და მხეცობასთან შედარებით, სტალინისა და ბერიას  „ჩვეულებრივი ჯალათებიც“ კი „ემნესტი ინტერნეშნლის“ აქტივისტებად გამოიყურებიან.

არადა,  თვით საბჭოთა კავშირიც,  - ეს ვეებერთელა სახელმწიფო, - სწორედ ამგვარი „ალყაშემორტმული ციხესიმაგრე“ იყო ათწლეულების განმავლობაში და თუ ასეა, მასობრივი რეპრესიებიც ლოგიკურია.

ოღონდ „ლენინგრადის ჯალათები“ მაინც რაღაც განსაკუთრებული სისხლისმსმელი ვურდალაკები იყვნენ. რაც იმას არ ნიშნავს, რასაკვირველია, თითქოს ლენინგრადის მტრისთვის „ჩაბარება“ რაიმე თვალსაზრისით სიკეთე იქნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას. უკვე უცემიათ კიდეც სასტიკად კრიმინალებს, რაკი ამ უნდილ, ნახევრადჩამოშლილ  „სახელმწიფოს“ იმდენი კულტურა და შეგნებაც  არ ეყო, პოლიციელი - კანონიერ ქურდებთან არ ჩაესვა კამერაში.

ძნელი მისახვედრი არ არის:  მეგის ქარდავა, საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში, შეიძლება იქცეს „ოქროს მოწმედ“ ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას და წარსული რეჟიმის სხვა ლიდერთა მიმართ, ხოლო ზოგიერთ საქმეზე შესაძლოა თვით მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენებაც მისცეს.

თვით ამ სუბიექტის „ბექგრაუნდი“ ნამდვილად შემაძრწუნებელია:წამება...წამება....გაუპატიურება....გაუპატიურება.....წამება.....რამდენიმე ამგვარ საქმეზე უკვე  ხანგრძლივი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძველი ხელისუფლების დაწესებული „სასჯელთა შეკრებადობა“ ახალ ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მარტო იმ საქმეებზე, რაც მისჯილი აქვს (ანუ ხუთ საქმეზე-ცხრა სისხლის სამართლის ქეისიდან) 40-50 წლით პატიმრობა ელოდა. მით უმეტეს, თუ არ იქნებოდა 2012 წლის ამნისტია.

ამ საშინელ საქმეებს რომ ჩახედავ, ბუნებრივია აღარ წარმოიშობა „შემაწუხებელი“ აზრი, რომ, მაგალითად, თუკი არმიის პოლკოვნიკი, მეგის ქარდავას ინიციატივით,  ციხეში გააუპატიურეს და მოკლეს რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მიეღოთ, ეს ჯერ კიდევ არ ადასტურებს მის უდანაშაულობას იმ ბრალდებაში, რაც წაყენებული ჰქონდა, ანუ სამშობლოს ღალატსა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში; ან კიდევ, თუკი გალელი (ე.წ. „კასრების ვიდეოდან“) გააუპატიურეს და საშინლად აწამეს, ეს თავისთავად ჯერ კიდევ არ ამტკიცებს, რომ უდანაშაულო იყო იმაში, რასაც ქარდავა მას ედავებოდა; და რომ გალში დისლოცირებული რუსული საჯარისო ქვედანაყოფის ГРУ-ს მაიორ ანდრეევის და ვალდმერ ბუტბას  დავალებით თბილისში აფეთქებებს არ აწყობდა.

ამაზე არავინ მსჯელობს, რადგან მათ მიმართ მეგის ქარდავას  მიერ  ჩადენილი დანაშაული იმდენად შემზარავია, ინკრიმინირებულ ბრალსაც კი  „ფარავს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ჯიუტად არ გვსურს იმის გააზრება, რომ თვით ეს ფენომენი (პირობითად „მეგის ქარდავა“, ანუ „ციხესიმაგრის ჯალათი“) ქვეყნისა და საზოგადოების რეალური მდგომარეობის ასახვაა, რაკი ქვეყანა  30 წელია სწორედ „ალყაშემორტმული ციხესიმაგრის“  მდგომარეობაში ცხოვრობს და, თავის გადასარჩენად, იძულებულია სიტუაციის შესაბამისი ჯალათებიც ეძებოს.

მეგის ქარდავას ფენომენი ამ კანონზომიერების დადასტურებაა: შევარდნაძის ეპოქაში ვერც ერთ ამგვარ „მეგის ქარდავას“ ვერ დაასახელებთ, რადგან შინაარსობრივად ის „ციხესიმაგრე“ უკვე ლამის „გატეხილი“ იყო და წინააღმდეგობას აღარც აპირებდა - ყოველივე „დანებებისკენ“ და „მოსვენებისკენ“ მიდიოდა. შესაბამისად არც „მეგის ქარდავები“ იყვნენ „მოთხოვნილი“. ისინი მხოლოდ მაშინ გამოვიდნენ (შეუძლებელია არ გამოსულიყვნენ) ასპარეზზე, როდესაც ალყაშემორტმული ციხესიმაგრის შიგნით მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განდიდებულმა ახალმა „ჰერცოგმა“ ციტადელის გამაგრება და წინააღმდეგობის გაძლიერება გადაწყვიტა. სხვაგვარად (მეგის ქარდავების, ერეკლე კოდუების და ძმათა მათთა გარეშე) ვერ გააძლიერებდა და ვერ განამტკიცებდა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს მეტაფორები იოლად გასაგებია. ბევრად რთულია „გამოსავალი“.

დემაგოგიურ-მამხილებელი არგუმენტებიც უკვე მზადაა: „ანუ, რისკენ მოგვიწოდებ?“..... „აბა დავნებდეთ?“..... „კი ბატონო, ამაზე იოლი რა არის - მაშინ დავნებდეთ მოალყე მტერს, შემოვუშვათ ქალაქში, ვიცხოვროთ მონობაში და აღარ იქნებიან „მეგის ქარდავებიც“.....

დიახაც დემაგოგიაა, ვინაიდან პოლიტიკა არასწორხაზოვანი ხელოვნებაა და სწორედ ამაშია მისი გენიალობა.

გარდა ამისა, როგორც კი ამ „მეტაფორებს“ თანამედროვე პოლიტიკურ პლატფორმაზე გადმოვიტანთ, უეჭველად წარმოიშობა აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა: რატომ ვცხოვრობთ  უკვე ათეულობით წელია  ამგვარ „ალყაშემორტმულ“ ვითარებაში? შეიძლებოდა თუ არა მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო, როგორც ვთქვათ ლიტვის, ყაზახეთის, ესტონეთის, მოლდოვას შემთხვევაში, რომლებმაც ისე მოახერხეს „სამშვიდობოს“ გასვლა, რომ „ალყა“ და ამ ალყით შობილი „ციხესიმაგრის ჯალათობა“ თავიდან აიცილეს?

უეჭველია, რომ მთავარი საამისო სიკეთე  ამ ერთა (ლიტვის, ყაზახეთის, ესტონეთის, მოლდოვას, ლატვიის, აზერბაიჯანის) ეროვნულ ელიტათა სიბრძნე, პროფესიონალიზმი, სიდინჯე, გონიერება, სიფრთხილე, წინდახედულობა, დიპლომატიურობა, მაღალი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა გახდა.

„ალყაშემორტმულ ციხესიმაგრედ“, 1988 წლიდან - დღემდე,  საქართველო იმიტომ კი არ იქცა სინამდვილეში (არ დაიჯეროთ) თითქოს სხვა გზა, სხვა გამოსავალი, სხვა შესაძლებლობა, სხვა ტექნოლოგია, სხვა შანსი არ არსებობდა, არამედ ქართული ელიტების, ქართული „პოლიტოკრატიისა“ და  მის  მიერ შობილ  პოლიტიკანთა   სრული არაპროფესიონალიზმის, უნიჭობის, უნიათობის, ავანტიურიზმისა და უპასუხისმგებლობის წყალობით! 

ამიტომაც ვართ ამგვარი საზარელი ალტერნატივის წინაშე: ან დანებება, სრული კაპიტულაცია და ნამუსის ახდა, ან ციხესიმაგრის გამაგრება, ჯალათების გამოხმობა და.....„მეგის ქარდავა“.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%