საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.
საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე (08.10.2017).
ეს ორგანიზაციებია:
- შპს „ტელეკომპანია პირველი“;
- ა(ა)იპ „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“;
- შპს „გურიის მოამბე“;
- შპს „ახალი ამბები“, ბრენდული სახელი „ინტერპრესნიუსი“;
- შპს „Georgian National News“, ბრენდული სახელი GNN;
- შპს „New Post“;
- შპს „ომედია“, ბრენდული სახელი ge;
- ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახელი - „ტაბულა“.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:
ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;
გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;
დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;
ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;
ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;
ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;
თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;
ი) შერჩევის ზომა;
კ) ცდომილების ფარგლები;
ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.